დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ნუ ვივლით იმ "ვიღაცის" ჭკუაზე, რომელიც ასე უტიფრად გვატყუებს" 28.06.2022 11:56

ის ბოროტი "ვიღაცა" ან ძალიან ჭკვიანია, ან ჩვენ ვართ არასაკმარისად ჭკვიანები! ეს ჩვენი  საგარეო ორიენტაციული პრობლემები საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ სქემამდე დაიყვანება, რაზეც ქვემოთ ვიტყვი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.

 

მისი თქმით, სინამდვილეში, სწორედ დასავლური ცივილიზაციის წიაღში დაბრუნებაა ჩვენი დიადი კულტურის არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ განვითარების ერთადერთი გზა!

 

"აგერ გუშინ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში (!!!) გაიმართა ქართული საგუნდო სიმღერის კონცერტი ( სწორედაც საგუნდოსი და არა მხოლოდ საგალობლების!) 

 

დიდ ქართულ კულტურას კიდევ ერთხელ გაუღო კარი და აღიარა განათლებულმა ევროპამ, მისმა სასულიერო და საერო ელიტამ!

 

მაგრამ სამი დღის წინ იგივე ევროპამ წევრობის კანდიდატობაზეც კი (!) უარი გვითხრა ჩვენი დემოკრატიის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური... დაბალგანვითარებულობის და რაც მთავარია - არასწორი სწრაფვების გამო!

 

ზემოთ "ვიღაც" ჭკვიანზე ვამბობდი! სწორედ იმ "ვიღაცამ" ისე მოაწყო საქმე, რომ მოსახლეობის კარგა დიდი ნაწილი დარწმუნებულია - თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურად განვვითარდებით ( ანუ, თუ ევროპაში შევალთ), თუ დემოკრატია გაიმარჯვებს საქართველოში, მაშინ დავკარგავთ ქართულ კულტურას და ღირებულებებსო! არადა, მართლა როგორი გასაწირია ასეთი კულტურა?! 

 

აი, სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი! სინამდვილეში, სწორედ დასავლური ცივილიზაციის წიაღში დაბრუნებაა ჩვენი დიადი კულტურის არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ განვითარების ერთადერთი გზა!

 

ჩვენ ერთგვარად ასიმეტრიულად განვითარებული ხალხი ვართ.

 

ვინც გუშინ ის საოცარი კონცერტი მოისმინა, როგორ წარმოიდგენს, რომ ყველაფერ დანარჩენში ერთი პრობლემებით დახუნძლული, ჩამოუყალიბებელი, დაულაგებელი სუსტი სახელმწიფო და კონვულსიური საზოგადოება ვართ!

 

ამიტომ, ნუ ვივლით იმ "ვიღაცის" ჭკუაზე, რომელიც ასე უტიფრად გვატყუებს, რომ ეროვნული კულტურა, ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფოს ევროპული განვითარება ალტერნატიული, ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია! 

 

საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ყველა თავის გამოვლინებაში უნდა გახდეს ღირსი  და ტოლი თავისივე დიდი კულტურისა - ასე მესმის ჩვენი ეროვნული ზე-ამოცანა და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საბოლოოდ დავბრუნდებით ევროპულ ცივილიზაციურ სივრცეში!"- წერს ლევან შენგელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ