რუსეთ-უკრაინის ომის 126-ე დღე
არსებობს რეალური ალბათობა, რომ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ, რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული არაზუსტი ქმედებები სამოქალაქო პირებში შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს.
„რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებისას თანდათანობით წინსვლას აგრძელებენ. 25 ივნისიდან, რუსული ძალები ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, ქალაქის სამხრეთით კიდევ 2 კილომეტრით დაწინაურდნენ. არსებობს რეალური ალბათობა, რომ 27 ივნისს, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა გამიზნული იყო. შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებისას, რუსეთის არაზუსტ ქმედებებს წინა შემთხვევებში სამოქალაქო პირების მასობრივი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის, 9 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმისას. თითქმის განსაზღვრულია ის ფაქტი, რომ რუსეთი დარტყმებს გააგრძელებს, რათა უკრაინის ფრონტის ხაზის ძალების მომარაგება შეაჩეროს. რუსეთის მიერ უფრო თანამედროვე, ზუსტი თავდასხმის იარაღის დეფიციტი და დამიზნების ხარვეზები დიდი ალბათობით, სამოქალაქო პირების შემდგომ მსხვერპლს გამოიწვევს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
უკრაინის ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ბრძოლა ლისიჩანსკის ყველა დასახლებაში გრძელდება.
„ორკები" ცდილობენ ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევას, მაგრამ ვერ ახერხებენ, შემდეგ კი მათთვის ყველაზე საყვარელ გზას - ტოტალურ განადგურებას მიჰყვებიან. დაბომბვა მუდმივად გრძელდება, ნგრევა კატასტროფულია,“- წერს გაიდაი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, რუსებმა ლისიჩანსკში ორი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლეს.
„ორკებს" რაოდენობრივი უპირატესობა აქვთ, როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე აღჭურვილობაში, მაგრამ ბრძოლის ოსტატობაში - ჩვენი დამცველები გაიმარჯვებენ,“- წერს გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ სერჰი გაიდაიმ გუშინ განაცხადა, რომ ლისიჩანსკი, უკრაინის არმიის უკანასკნელი ფორპოსტია ლუგანსკის ოლქში.
მიკოლაევში დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა.
„დილით მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე გაემართნენ ადგილებზე“, - აღნიშნა მერმა.
მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
ამასთან, მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მიკოლაევში მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც“, - განაცხადა კიმმა.
"რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების მიმართულებით გასროლილი რაკეტების საერთო რაოდენობა უკვე 2 811-ია," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ყველა საერთაშორისო ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ რუსეთმა, სახელმწიფო ტერორიზმის გამო, პასუხი აგოს.
„ვსარგებლობთ ყველა საერთაშორისო ბერკეტით, რათა სახელმწიფო ტერორიზმის გამო რუსეთმა პასუხი აგოს. ყველაფრისთვის, რასაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ აკეთებს კრემენჩუკში, ოჩაკოვში, ლისიჩანსკში, ხარკოვში, დნიპროში, უკრაინის ბევრ, ბევრ სხვა ქალაქში. ამ საღამოს მდგომარეობით, რუსული რაკეტების ჯამური რაოდენობა, რომლითაც ჩვენს ქალაქებს დაარტყეს, უკვე 2 811-ია და კიდევ რამდენი ბომბი, რამდენი საარტილერიო ჭურვი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის სამართალდამცავი და სადაზვერვო უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამოავლინონ ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე.
„სახელები, სახეები და ყველა ინფორმაცია თითოეული ამ ტერორისტის შესახებ მსოფლიოსთვის გახდება ცნობილი. პასუხისმგებლობას ვერც ერთი ვერ აირიდებს და ამ ადამიანებისთვის პირადი სანქციები არ იქნება საკმარისი. სასჯელი და თავისუფლების აღკვეთა არის მინიმალური, რასაც ისინი იმსახურებენ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge