ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება:
"ნუთუ ასე ძნელია ელემენტარული ჭეშმარიტებების შემეცნება?!
1. ევროპელების 12 პუნქტიანი დათქმის აღსრულების უმთავრესი წყარო საქართველოს პარლამენტია და მთავრობა არაფერ შუაშია... თუ ამას არ ისურვებს პარლამენტი ვერცერთი ტიპისა და კონფიგურაციის, დროებითი, ტექნიკური თუ ჯიგრული მთავრობა ვერ აღასრულებს! ამიტომ ასეთი მოთხოვნა შინაარსობრივადაც და შედეგობრივადაც უტოპიაა...
2. რეალისტურია ორად ორი მოთხოვნის წაყენება მმართველი პარტიისადმი:
პირველი ეს არის უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე საკონსტიტუციო ცვლილების მიღება (პირველი მოსმენით მიღებულია) , რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობას და მეორე - გამოიყენოს მოცემული 6 თვიანი ვადა რათა პარტიებთან თანამშრომლობით და თუგინდ დამოუკიდებლად გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ქვეყანა მიიღებს სასურველ სტატუსს. თუ ის ამ ამოცანას ვერ შეასრულებს, მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გარდაუვალად დადგება ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის წინაშე უკვე შეცვლილი საარჩევნო სისტემით...
პირველი მოთხოვნა ეს არის გზა გინდა დეოლიგარქიზაციისაკენ და გინდაც ერთპარტიული მმართველობის დასრულებისაკენ, ხოლო მეორე კი არის შანსი "ოცნებისთვის" დაიწყოს კოლეგებთან თანამშრომლობა და ყველა პუნქტთან დაკავშირებით მიაღწიოს 6 თვეში ისეთ წინსვლას რომ ევროპელებისთვის დამაჯერებელი გახდეს მოქმედი ხელისუფლების ევროპული მისწრაფება, რაც გახდება საფუძველი სტატუსის მონიჭების.
სხვა ყველაფერი არის ბალამუტობა, ადამიანებისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, ხელისუფლების მარტივად ხელში ჩაგდების სურვილი და ყალთაბანდობა! და არაფერი საერთო ამას არ აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპელობასთან ..."- წერს დავით ფანჯაკიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge