ამერიკულმა ტელეარხმა „სი-ენ-ენ“-მა (CNN International)თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჯო ბაიდენის ჩინოვნიკები კერძო საუბრებში დარწმუნებულნი არ არიან, რომ უკრაინა ტერიტორიებს მთლიანად დაიბრუნებს“ (ავტორი - ნატაშა ბერტრანდი), რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის არმიის მდგომარეობა: რამდენად შეესაბამება სინამდვილეს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებები, რომელთა თანახმად, უკრაინას ძალუძს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია 2022 წლის ბოლომდე გაათავისუფლოს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც სანდო წყაროები იტყობინებიან, თეთრი სახლის ჩინოვნიკები დარწმუნებულნი არ არიან იმაში, რომ უკრაინა შეძლებს ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რომლებიც ომის დროს რუსეთმა ჩაიგდო ხელში - იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიევი აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ უახლეს თანამედროვე იარაღს გამოიყენებს.
დისკუსია თეთრ სახლში: პესიმისტები და ოპტიმისტები
ჯო ბაიდენის მრჩევლებმა შიდა დისკუსია გამართეს და იმსჯელეს - როგორ შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინული „გამარჯვების“ ფორმულირება ისე, რომ მასში ტერიტორიების გარდაუვალი შემცირება იგულისხმებოდეს.
ჩინოვნიკებმა CNN-თან საუბარში ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი პესიმისტური შეფასება არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ზეწოლას მოახდენს უკრაინაზე, საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიულ დათმობას დაეთანხმოს. პირიქით, არის იმის იმედიც, რომ უკრაინის არმია შეძლებს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნებას იმ კონტრშეტევის Sედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება.
დისკუსიის შესახებ საქმის კურსში მყოფი ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის ერთ-ერთმა თანაშემწემ ისიც კი ივარაუდა, რომ უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის შემდგომი შემცირების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეიძლება: „შეძლებს თუ არა უკრაინა ტერიტორიის დაბრუნებას, ეს მთლიანად თუ არა, ბევრად მაინც არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მტკიცედ დავუჭერთ ჩვენ მას მხარს“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინამ ოფიციალურად სთხოვა ამერიკას მიაწოდოს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები, მინიმუმ 48 დანადგარი მაინც, თუმცა დღეისათვის მიწოდებულია მხოლოდ რვა.
რა თქმა უნდა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ტერიტორიების სავარაუდო დათმობას არ იზიარებენ. ზოგიერთები თვლიან, რომ უკრაინის ჯარებს სავსებით შეუძლიათ სიტუაცია მოულოდნელად შეცვალონ - ისე, როგორც ომის პირველ ეტაპზე მოხდა, როცა არავინ ელოდა ესოდენ მტკიცე წინააღმდეგობის გაწევას. ჯეიკ სალივანს, პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინელ კოლეგებთან და კიევის სამომავლო ნაბიჯებს უკრაინის ჯარების სარდლობასთან და აშშ-ის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილთან ერთად იხილავს.
თუმცა უნდა ითქვას, რომ თეთრ სახლში შექმნილი გარკვეული პესიმისტური განწყობები ემთხვევა აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების განწყობებსაც - იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს მათ ოპტიმიზმი ჩაუნერგოს სამხედრო სიტუაციის უკრაინის სასიკეთოდ შეცვლის თაობაზე. „ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ნატო და „დიდი შვიდეული“ დაიშლებოდა, მაგრამ ჩვენ არ გავფანტულვართ და ამას არ ვაპირებთ, თქვა ჯო ბაიდენმა ბავარიის ალპებში გამართულ „შვიდეულის“ სამიტზე.
გასულ კვირას აშშ-ის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას კიდევ ასეული მილიონობით დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, მიაწოდებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს და საპატრულო კატერებს, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს... მაგრამ ბოლო ხანებში განწყობა შეიცვალა: უკრაინა წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, ვერ უძლებს რუსეთის ჯარების შეტევას დონბასში და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებს განიცდის. გარდა ამისა, უკრაინის ჯარი საბრძოლო ტექნიკას, მასალებს და ტყვია-წამალს ისე სწრაფი ტემპით ხარჯავს, რომ დასავლეთი ვერ ასწრებს დააკმაყოფილოს კიევის მოთხოვნები, ასევე ირღვევა სამხედრო მოსამსახურეთა სწავლების რეჟიმი ნატოს სტანდარტების შესაბამისად.
ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკი და დასავლური დაზვერვის წყარო CNN-თან საუბრისას დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ უკრაინამ საეჭვოა ისეთი ძალები შეკრიბოს, რომლებიც საკმარისი იქნება ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით წლის ბოლომდე, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი პირდება უკრაინელებს და დასავლეთს. „სი-ენ-ენ“-თან მოსაუბრეების თქმით, მასშტაბური კონტრშეტევა შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს იარაღით სრულ უზრუნველყოფას და სამხედრო მოსამსახურეების ღრმა მომზადებას, მით უმეტეს, რომ რუსეთსაც აქვს გამოუყენებელი რეზერვები. ასე რომ, წარმატების რაიმე მტკიცე გარანტია არ არსებობს.
„ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა უკრაინა ტერიტორიის დაბრუნებას ისეთი სახით, როგორითაც 23 თებერვლამდე არსებობდა“, - თვლის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტი მაიკლ კოფმანი, - „ამის წინაპირობები არის, მაგრამ ყველაფერი გაკრკვეულ გარემოებებზე არის დამოკიდებული. უკრაინას შეუძლია გარკვეული მომენტების გათვალისწინებით გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ კიევს გეგმების გადახედვა მოუწიოს. ზუსტი სცენარი არ არსებობს“.
რუსეთის ჯარები წინსვლას აგრძელებენ
დღეისათვის რუსეთის არმია აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის ოლქის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებს. უკრაინის არმია, მართალია, თავგანწირულად იბრძოდა, მაგრამ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შეტევის გამო, იძულებული გახდა რიგი მსხვილი ქალაქები დაეტოვებინა. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები თანდათანობით ეჩვევიან იმ პერსპექტივას, რომ მათ, ალბათ, დონბასიდან გასვლა მოუწევთ, რომ ქვეყნის დასავლეთის ტერიტორია უკეთ დაიცვან.
ამასობაში კი რუსეთის შემოსავლები იზრდება იმის გამო, რომ ნავთობზე და გაზზე ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მართალია, ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ისინი შეეცდებიან ნავთობის ფასების ზედა ზღვრის დარეგულირებას (რუსეთმა რომ მოგება არ მიიღოს), მაგრამ როგორ და როდის მოხდება ეს, არავინ არ იცის.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შიგნით სულ უფრო მეტად მტკიცდება აზრი, რომ უკრაინის არმიის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოლოდინები და იმედები გადაჭარბებულია. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინის არმია დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც 24 თებერვლამდე ფლობდა, ანუ დონბასის ნახევარს, ხერსონის ოლქს მთლიანად და ზაპოროჟიეს ოლქის დიდ ნაწილს, მარიუპოლისა და ბერდიანსკის ჩათვლით, თანაც „ნაკლები დანაკარგებით“. „ჩვენ წინსვლის გარდა არაფერი დაგვრჩენია, ჩვენი ტერიტორია უნდა გავათავისუფლოთ და მტრები ყველა ოკუპირებული ოლქიდან უნდა გავყაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზი 2,5 ათას კილომეტრიანია, ვგრძნობთ, რომ სტრატეგიული ინიციატივა ჩვენს ხელთაა“, - თქვა პრეზიდენტმა გასულ კვირას.
ორშაბათს კი ვლადიმერ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ წინაშე ვიდეოგამოსვლისას კონკრეტული ვადა დაასახელა: უკრაინა 2022 წლის დეკემბრისთვის ომს გამარჯვებით დაასრულებს.
საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღის ძიებაში
როგორც „სი-ენ-ენი“ იუწყებოდა, რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო არსენალებში მალე გამოილეოდა საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღი, ხოლო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მის შესწავლას დრო დაჭირდებოდა, შესაბამისად, მოსკოვი ამ გარემოებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი CNN-თან საუბარში აღიარებს, რომ საბჭოთა იარაღის რეზერვები პრაქტიკულად „უკვე მართლად ილევა, თუმცა ჯერ ფსკერამდე არ მისულა“. მისი ტქმით, ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს საწყობებში 1980-იან წლებში(სოციალიზმის ეპოქაში) მიწოდებული საბჭოური წარმოების იარაღი, მაგრამ უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ სანაცვლოდ ამერიკისაგან ახალ თანამედროვე შეიარაღებას მიიღებს.
აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები სამი თვეა მთელ მსოფლიოში ეძებენ უკრაინის საბჭოური ქვემეხების შესაბამის საბჭოური წარმოების ჭურვებს, განსაკუთრებით 152-მილიმეტრიანი ქვემეხებისათვის. საქმე იმაშია, რომ ნატოს არტილერია 155 მილიმეტრიან ჭურვებს ისვრის და ბუნებრივია, საბჭოურ არტილერიას არ მიესადაგება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინკოგნიტო მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ ამჟამად ჭურვების ძიება დასასრულს უახლოვდება, დამატებით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ იპოვეს. რასაც მიაგნეს, უკრაინას უკვე გადაეცა.
ამასობაში კი უკრაინის არმია დონბასის რეგიონში მიმდინარე გააფთრებულ საარტილერიო დუელში საბრძოლო მასალებს საოცარი სისწრაფით ხარჯავს. თავის მხრივ, [რუსეთის არმია] უკრაინის საბჭოურ ეპოქის იარაღს ასევე სწრაფად ანადგურებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge