დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

როგორ ხდება ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება და რა ლეგიტიმაცია გააჩნია მას - კონსტიტუციონალისტი „ჯორჯიან თაიმსთან“ 29.06.2022 17:12

20 და 24 ივნისს, თბილისში გამართული მასშტაბური აქციების ორგანიზატორებმა პოლიტიკური პირობები დააყენეს, რომელთა შესრულებით, მათი მტკიცებით, საქართველო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის, (იგივე ტექნიკური) მთავრობა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

 

აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ტექნიკური მთავრობა სრულიად ლეგიტიმური, აპრობირებული მეთოდია, რომელსაც პოლიტიკური კრიზისების დროს იყენებენ. მათი თქმით, ტექნიკური მთავრობის შექმნით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ორი - დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია ავტომატურად გვარდება. 

 

„სირცხვილიას“ მიერ მორიგი აქცია 3 ივლისს არის დაანონსებული, „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურია და მას სერიოზულად არ განიხილავენ, რაც დემოკრატიის ავლით ძალაუფლების მიტაცების მცდელობად მიაჩნიათ. 

 

რა არის ტექნიკური მთავრობა და რამდენად თავსებადია კონსტიტუციასთან, როგორ და რა ვადით ხდება მისი დაკომპლექტება და რა გარანტიაა, რომ ტექნოკრატიული მთავრობაზე თანხმობის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩააგდებს გასატარებელ რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოში?

 

"ჯორჯიან თაიმსმა" ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიმართა, რომელმაც განმარტა, - რამდენად შესაძლებელია ტექნიკური მთავრობის შექმნა და რა პროცედურების გავლაა საჭირო. 

 

"ტექნიკური მთავრობა პოლიტიკური კრიზისის დროს იქმნება, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები კრიზისიდან გამოსვლაზე მინიმალური დანაკარგებით თანხმდებიან და ამ მიზნით, აღნიშნული ჯგუფების შეთანხმებით მთავრობას ქმნიან. როგორც წესი, ასეთ ტექნიკურ მთავრობაში ინიშნებიან პოლიტიკურად ნეიტრალური პირები, რომელთა ვალდებულებაც დავალებების შესრულება იქნება და ასეთი პრაქტიკა არაერთ ქვეყანას გააჩნია. 

 

წარმოვიდგინოთ, შეთანხმდნენ ტექნიკური მთავრობის შექმნაზე. ამ მიზნით, ან პრემიერ-მინისტრი გადადგება და პარლამენტი შექმნის ახალ მთავრობას, ან - პრემიერ-მინისტრი არ გადადგება და პარლამენტი პრემიერისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს დასვამს. ამ მექანიზმით კი, შექმნის ტექნიკურ მთავრობას, რომელსაც შესასრულებელი ამოცანები განესაზღვრება.  

 

თუ ასეთი მთავრობა ამ დავალების შესრულებას წარმატებით დაასრულებს, შემდეგ ისევ პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ან აგრძელებს მუშაობას მომდევნო არჩევნებამდე, ანუ 2024 წლამდე, ან წყვეტს ფუნქციონირებას და პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ დროს გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას არჩევნების გამართვამდე და არჩევნების გამართვის დროს ვინც მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, ის დააკომპლექტებს ახალ მთავრობას.

 

ყოველი პროცედურა, რაზეც ვისაუბრე, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხდება და შესაბამისად, ტექნიკური მთავრობის შექმნით კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება,"- განმარტავს ხმალაძე.

 

კითხვაზე, - რამდენად რეალურად წარმოუდგენია კონსტიტუციონალისტს, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ პრემიერის უნდობლობის საკითხი დააყენოს და ამ გზით შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, - ხმალაძე გვპასუხობს, რომ მთავარი პოლიტიკური ნებაა, რათა ქვეყანა კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს. 

 

"ტექნიკური მთავრობის შექმნის წინაპირობა პოლიტიკური შეთანხმებაა. თუ შეთანხმება იქნება, მაშინ ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდება. ყველაზე სწრაფი პროცედურაა, როცა პრემიერი გადადგომის შესახებ განცხადებას წერს და პარლამენტი ახალ მთავრობას ქმნის. თუ ამგვარი მთავრობის შექმნაზე პრემიერის გარდა ყველა სხვა შეთანხმდა, ასეთ დროს, პარლამენტი პრემიერს გამოუცხადებს უნდობლობას და ახალ მთავრობას ამ გზით შექმნის. აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკური შეთანხმება არ იქნება, ყოველივე ეს არ მოხდება",  - აცხადებს ხმალაძე და დასძენს, რომ ამგვარი პოლიტიკური შეთანხმებით ქვეყანაში კრიზისი აღარ გამწვავდებოდა.

 

"მაგრამ, თუ ეს არ მოხდა, მაშინ შეიძლება პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდეს და ეს ყველასთვის ცუდი იქნება. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" არაგონივრული გადაწყვეტილება იმდენჯერ აქვს მიღებული, რომ ახლა მათი მხრიდან ასეთ პოლიტიკურ შეთანხმებაზე წასვლის ალბათობა ძალიან დაბალია,"- აღნიშნავს ხმალაძე. 

 

კითხვაზე, - თუ ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების მიზნით ტექნიკური მთავრობის შექმნას დათანხმდება, მაშინ დამოუკიდებლად რატომ ვერ შეასრულებს აღნიშნულ 12 პუნქტს,- ხმალაძე გვპასუხობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე აუცილებელ პირობების შესრულებას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. 

 

"ევროკომისიის 12 პუნქტს ეს მთავრობა არათუ არა, არამედ, ვერ შეასრულებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი მთავრობა და უმრავლესობა ვერ შეძლებს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებას. ამისთვის უმთავრესი არა ქაღალდზე დაწერილი კანონია, არამედ ის, რომ მთავრობის წევრები არ უსმენდნენ ოლიგარქს და მის დავალებებს არ ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ტექნიკური მთავრობის დანიშვნით იმ 12 პირობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა - დეოლიგარქიზაცია შესრულდება, რასაც მმართველი გუნდი ვერ შეასრულებს",- აცხადებს კონსტიტუციონალისტი გამოცემასთან.

 

ამასთან, ხმალაძის მოსაზრებით, ქვეყანაში უკვე არის ისეთი პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა, რომელიც ნამდვილად მოითხოვს ტექნიკური მთავრობის შექმნას. ხოლო, მისი თქმით, თუ შეთანხმების საფუძველზე "ქართული ოცნება" ტექნიკური მთავრობის შექმნას დათანხმდება, ამის შემდეგ, მას პირობების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვლავ პოლიტიკური კრიზისი წარმოიშობა.  

 

"ჩემი აზრით, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთი კრიზისი განვითარდეს. კრიზისის საწყისი პირობები უკვე არის და უახლოეს დღეებში დავინახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მგონია, ვითარება უფრო გამწვავდება. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელია პირობები, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება. სწორედ ეს პოლიტიკური ნება არ ჩანს, რაც გამოიწვევს კრიზისის გამწვავებას,"- აცხადებს ხმალაძე.

 

ხმალაძე დასძენს, რომ "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნება არ გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელმეორედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნამ. 

 

განსხვავებით აქციის ორგანიზატორებისა, ტექნიკური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის ერთ ნაწილში და მიაჩნიათ, რომ რესურსები არასწორი მიმართულებით იხარჯება. პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ყველა პოლიტიკური მხარის და ასევე საზოგადოების ენერგია მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტი შესრულდეს. 

 

„მიტინგზე გამოსვლის შემდეგ გგონია, რომ მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იქნები, ამის გჯერა და იმის არ გჯერა, რომ დეოლიგარქიზაციას და დეპოლარიზაციას მივაღწევთ?!

 

გულდასაწყვეტია, რომ ამხელა ენერგია წავა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტისკენ და ვიცით, ეს რითაც დამთავრდება - არც ღარიბაშვილი წავა და არანაირი ტექნიკური მთავრობა არ იქნება. 

 

მთელი ძალისხმევა მიტინგის ორგანიზატორებისაც, ოპოზიციისაც, „ქართული ოცნებისაც" მიმართული უნდა იყოს, რომ ის 12 პუნქტი შევასრულოთ, დანარჩენი სხვა ყველა ძალისხმევა ჩემთვის გაუგებარი და არასერიოზულია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, მიტინგზე გადაწყვიტა 5- მა კაცმა, რომ მთავრობა შექმნას?! - ასე არ ხდება",- განაცხადა ელისაშვილმა.

 

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაში შესაძლებელია, თუმცა მთავარი შეთანხმება პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის უნდა მოხდეს. „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ ავლენს მზაობას, რომ მზადაა, განიხილოს ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი. თუმცა, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საზოგადოების წნეხის სიმძიმეზე, რომელსაც ის ქუჩიდან იგრძნობს. 


/თათია შაიშმელაშვილი/ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ