დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ვერ გაუგიათ, რომ საქმე არც ოცნებაშია და არც ივანიშვილში – ხალხში ისეთი სიძულვილი დათესეს, რომ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ"– სალუქვაძე ოპოზიციაზე 29.06.2022 22:26

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია წარმატების მიღწევას ქვეყნის წარუმატებლობით ცდილობს. 

როგორც სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ნატო–ს მადრიდის სამიტის ირგვლივ მნიშვნელოვან მოვლენებს არც კი აშუქებენ.

ანალიტიკოსი დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება,ვინაიდან მან საზოგადოების დიდ ნაწილში სიძულვილი დათესა. 

ე.წ. მედასავლეთე ოპოზიციის ტელევიზიებისთვის ნატოს მადრიდის სამიტი, როგორც თემა, არ არსებობს. არადა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მათთვის პირველი თემა უნდა იყოს, თუ ხელისუფლებაში მოსვლაზე მაღლა, ნატოში ინტეგრაცია დგას.

მთავარი საზრუნავი აქვთ 12 მოთხოვნის ჩაგდება, პოლარიზაციის გაღრმავება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ნეგატიურ საინფორმაციო პროპაგანდაში ხედავენ საკუთარი პოლიტიკური წარმატების გზას.

ერთი რამ ვერ გაუგიათ, რომ ეს უკვე 10 წელია გრძელდება. ვერ გაუგიათ, რომ საქმე არც ოცნებაშია და არც ივანიშვილში. ხალხში ისეთი სიძულვილი დათესეს, რომ ამ ფორმით, ამ შინაარსით და ძალადობით, ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. ხალხს უფრო მეტად აღიზიანებთ.

ახლა რას ლაპარაკობენ? ხელისუფლებას, რომელმაც ასოცირება, უვიზო, თავისუფალი ვაჭრობა გააფორმა და ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიიღო, წინმსწრებად ეუბნებიან რაღაცას არ შეასრულებთო. რა იცით? დაელოდეთ წლის ბოლომდე. მაგრამ ზუსტად ეს არ სურთ რომ შესრულდეს.

ამას წინათაც დავწერე– ოპოზიციას ხალხთან მხოლოდ ერთი თემა აქვთ სასაუბროდ, ესაა პროდასავლურობა. მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მათ მთავარი თემა ეცლებათ ხელიდან. ამიტომ არ იმჩნევენ ნატოს მადრიდის სამიტს, ხელს უშლიდნენ უვიზო მიმოსვლას და ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამიტომ იგონებენ, რომ თქვენ წადით, ჩვენ მოვალთ და ჩვენ გავაკეთებთო.

მთავარ პრობლემად ისევ იგივე რეალობა რჩება: ოპოზიციის განახლების პერსპექტივა არ ჩანს. ცუდია, რომ ჩვენი მეგობრები დასავლეთში ვერ აფასებენ ამ ვითარებას და ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში არ გვეხმარებიან. როგორც ჩანს, თუ ვინმემ გარედან არ გვიბიძგა, ჩვენით ვერ ვახერხებთ. ეს ოპოზიცია კი, ამ არეულ მსოფლიოში, ქვეყანას კიდევ უფრო მეტად არყევს",– წერს ამირან სალუქვაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ