დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ალიანსში გაწევრიანებას მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება, ასევე დაშვებული შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება" 30.06.2022 11:28

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ვიტყვი მხოლოდ იმას, რისი მოწმეც და მონაწილეც თავად ვარ:

 

ნატოსთან ჩვენი ურთიერთობები დიდი სიფრთხილით და გულმოდგინებით შენდებოდა. მხოლოდ ძირითადზე შევჩერდები: ამერიკელებთან წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელმაც ქართული ჯარის ძირეულ ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი; საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტები, მილსადენები, რამაც საქართველო მსოფლიო პოლიტიკის აქტიურ მონაწილედ აქცია; ყველაზე რთული რუსული ბაზების საკითხი იყო. 1999 წლის სტამბოლის სამიტზე ამ თემის საჩვენო გადაწყვეტამდეც მივედით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან სამხედრო მუქარისა. ამას დაემატა საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო მისიებში (ჯერ კოსოვო, შემდეგ ავღანეთი) და ყველაფერმა ერთად ნატოსკენ გზა გაგვიხსნა. 

 

თუმცა იმ ცნობილ "დაკაკუნებამდე" საქართველომ კონსულტაციები ჩაატარა ყველა ძირითად წევრ-სახელმწიფოსთან, მათ შორის გერმანიასთან, რომ ჩვენი, ანუ ტერიტორიულ მთლიანობა დარღვეული ქვეყნის, განაცხადი სიურპრიზი არ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღებთათვის. 2002 წლის პრაღის სამიტზე საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად გააჟღერა საქართველოს ნება, გამხდარიყო ალიანსის წევრი. 

 

როგორც აღვნიშნე, იმ დროს საქართველოს უკვე ჰქონდა ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ არავის უთქვამს, ჯერ მთლიანობა აღადგინეთ და მერე განაცხადი შემოიტანეთო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ათვლის წერტილად განაცხადის შეტანის დღიდანვე (2002 წ.) აღებული იქნა ის მოცემულობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების სრული უფლება აქვს. ეს კარგად უნდა გვახსოვდე ყველას და ყოველთვის ამ პოზიციიდან უნდა ვილაპარაკოთ.

 

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. იყო გაშვებული შესაძლებლობებიც და ახალი ეტაპებიც.

 

2014 წლიდან 2018-ის ჩათვლით ნატოს სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა ყველა სამიტს ვესწრებოდი. ვმონაწილეობდი მომზადებაშიც და უმაღლესი დონის თითქმის ყველა ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრაში. გვიკამათია ურთულეს თემებზე. რაღაცისთვის მიგვიღწევია, რაღაც არ გამოგსვლია, გვიკამათია თითოეულ სიტყვაზე, მაგრამ შემაჯამებელ კომუნიკესა თუ დეკლარაციაში საქართველოზე ასეთი სუსტი ჩანაწერი არასოდეს მიგვიღია. არც ასპირანტობა, არც ტერიტორიული მთლიანობის თემა.  (თავად შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტები და მადრიდის დეკლარაციას შეადაროთ). მართლა არ მესმის, როგორ მოვახერხეთ, რომ დღეს, როდესაც ალიანსი რუსეთს ერთხმად აღიარებს საფრთხედ, შემაჯამებელ დოკუმენტში რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია ნახსენებიც არ ყოფილიყო?! მხოლოდ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშია ჩვენს გაწევრიანების პერსპექტივაზე ლაპარაკი, ისიც ძალიან მოკლედ.

 

იმავდროულად, მადრიდის სამიტი თავის შინაარსით ის მოვლენაა, რომელმაც მაპის გარეშე ალიანსში მიწვევის პრეცედენტი შექმნა. ეს შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მას გამოყენება უნდა. 

 

ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი და დასაკარგი დრო არ გვაქვს! ალიანსში გაწევრიანებას (ისევე როგორც ევროკავშირში) მუდმივი და მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება, ასევე დაშვებული შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება. მუდმივი მუშაობა პარტნიორებთან, მუშაობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მხოლოდ სამიტებზე და საპროტოკოლო მიღებებზე მონაწილეობით ვერაფერს გავხდებით!"- წერს თენგიზ ფხალაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ