დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

როგორ დაეხმარება გერმანია საქართველოს რუსეთისაგან დამოუკიდებლად არსებობაში 30.06.2022 14:54

 

გერმანული პრესა ყურადღებას უთმობს საქართველოში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის სვენია შულცეს ვიზიტს,  რომლის შესახებაც მასალები რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნდა. მაგალითად, ბავარიის გაზეთ „აუგსბურგერ ალგემაინეში“ (Augsburger Allgemeine) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ დაეხმარება გერმანია საქართველოს რუსეთისაგან დამოუკიდებლად არსებობაში“ (ავტორი - ბერნჰარდ იუნგინგერი).


„კვიპაროსებიანი მწვანე ბორცვები ტოსკანას გვაგონებს, მაგრამ პატარა სოფელი ძალისი საქართველოში - კავკასიის ამაყ ქვეყანაში - მდებარეობს, რომელიც მტრებს ათასწლეულების განმავლობაში ებრძოდა და დღესაც ებრძვის. ქვისგან აშენებულ ასწლოვან სახლებში ყველგან ღვინო სჩქებს, ირგვლივ ყველაფერი მშვიდობიანად მოჩანს, სიწყნარეა, არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ სულ რაღაც 30 კილომეტრში აქედან რამდენიმე ათასი კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი დგას. 2008 წელს რუსეთი აგრესიულად თავს დაესხა მეზობელს და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორია, „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონი, მოსკოვის კონტროლქვეშ იმყოფება.


ოთხშაბათს სოფელი ძალისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენის მოწმე გახდა: აქ სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან) სვენია შულცე, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის საჯარო სკოლების ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის თაობაზე. გერმანიის ფედერალური მთავრობა 4-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანას 40 მილიონიანი ევროს კრედიტს  და სამმილიონიან გრანტს გამოუყოფს, რომლის მიზანს რუსეთის სამხრეთი მეზობლის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. გერმანული 43-მილიონიანი თანხის გარდა, საკუთრივ ევროკავშირი საქართველოს დამატებით 12,5 მილიონ ევროსაც აძლევს.


რუსული ენერგომატარებლები - კრემლის ბერკეტი


„იმას, რასაც ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვცდით, რუსეთის მეზობლად მდებარე ბევრ ქვეყანას უკვე დიდი ხნის გამოცდილი აქვს: კრემლი ენერგიას ზეწოლის საშუალებად იყენებს“, - ამბობს მინისტრი სვენია შულცე.


რუსეთის მხრიდან წამოსულ ასეთ გამოწვევებზე და მუქარებზე სწორი რეაგირება იქნება ენერგიის განახლებადი წყაროებით სარგებლობა და ენერგოეფექტურობის განვითარება. „იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთი მოქმედებით შეიძლება გავხდეთ დამოუკიდებელნი რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტისაგან და ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე მსოფლიო ფასების რყევებისაგან. ეს გვეხება არა მარტო ჩვენ - გერმანელებს, არამედ საქართველოს და სომხეთსაც“, - ცხადებს გერმანელი მინისტრი.


მიტინგი თბილისში: ათობით  ათასი ქართველი ევროკავშირის მომხრეა


სვენია შულცეს ვიზიტი კავკასიაში რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე მან უფრო მეტი იმპულსი შეიძინა. გასულ კვირას ევროსაბჭომ საქართველოს იმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ძლიერი დარტყმა მიაყენა - უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, თბილისმა კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. წინა დღეებში თბილისში 11 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა ევროკვშირის მხარდამჭერ მიტინგში, ახლა კი ბევრი მოქალაქე სტატუსის მიუღებლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობას ადანაშაულებს - თითქოსდა ხელისუფლება ნაკლებად აქტიურიობს ევროკავშირის პირობების შესრულებაშიო.


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე პირველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსია, რომელიც მიტინგის შემდეგ ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ჩამოვიდა. მანამდე იგი ბრიუსელში ქვეყნის ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს და ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. „სასიხარულოა, რომ ამდენი ხალხი გამოვიდა ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად’, - ამბობს სვენია შულცე და ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ნამდვილად აქვს“. გერმანული უწყება საქართველოს სამომავლო რეფორმების გატარებაში დაეხმარება.


როგორ დაესხა თავს რუსეთი საქართველოს 2008 წელს


რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში ქართველებს მწარე წარსულს ახსენებს: 2008 წელს რუსული ჯარი ასევე შეიჭრა მათ სახელმწიფოში ტანკებით, ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელა და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება „დამოუკიდებლად“ აღიარა. დღეისათვის ამ ორ რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზებში ათი ათასობით რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი, ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაძაბული სიტუაციაა. შესაბამისად, საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობა ძალიან დიდია, მაგრამ იმავდროულად საქართველო ბევრად არის დამოკიდებული რუსული ხორბლისა და ენერგიის იმპორტზე.


კავკასიის პერსპექტივა


„გერმანია და ევროპა საქართველოს დაეხმარება, რომ ქვეყანა რუსეთისაგან და რუსული ენერგომატარებლებიდან უფრო დამოუკიდებელი გახდეს“, - პირდება ქართველებს სვენია შულცე, - ვლადიმერ პუტინი ვერ შეძლებს იმ კავშირების დარღვევას, რომლებიც ევროკავშირს და მის აღმოსავლელ მეზობლებს (პარტნიორებს) შორის არსებობს“.


სვენია შულცე საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ხუთშაბათს, სომხეთში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეხვდება, მოინახულებს კომპანიას, რომელიც გერმანიის დაფინანსებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, იგი გააგრძელებს საქართველოსთან და სომხეთთან თანამშრომლობას. ბუნდესტაგში უკვე შეტანილია თხოვნა საქართველოსთვის კიდევ 27 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.


წყარო

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ