დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული სპორტის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი" - ავთანდილ ცინცაძე 30.06.2022 16:13

საქართველოს სამბოს ეროვნული  ფედერაციის  პრეზიდენტისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ავთანდილ ცინცაძის განცხადებით,  სამბოს ფედერაციის ბიუჯეტი ნული ლარია. მის განცხადებას "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართული სამბოს ყველა გულშემატკივარს იმ თანადგომისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ.

 

ამ წლების მანძილზე, ჩვენმა სამბისტებმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

 

2012 წლიდან, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფედერაციაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. სწორედ, 2012 წლიდან, ყოველწლიურად, სამბოს ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტი იზრდებოდა და ეს ფაქტი, ქართველი სამბისტების წარმატებაში აისახებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე, სამბოს, როგორც სპორტის სახეობას, მუდმივი აღიარება მიანიჭეს და ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღიარეს.

 

2022 წელს, საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ისეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირები, რისთვისაც აუცილებელია მოსამზადებელი შეკრებები. ამასთან, შემოდგომაზე, საქართველომ უნდა უმასპინძლოს არჩილ ჩოხელის სახელობის ევროპის თასს.

 

თუმცა, 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ნული ლარია.

 

ამ ფონზე, წარმოუდგენელია ზემოხსენებული გეგმების განხორციელება.

 

იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში, ყველა პრობლემა მოგვარდება", - აცხადებს ავთანდილ ცინცაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ