დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ოქროს ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ? - რა ელოდებათ ინვესტორებს 01.07.2022 16:12

გერმანულმა გაზეთმა „დი ველტმა“ (Die Welt) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ოქროს ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ? რა ელოდებათ ინვესტორებს“ (ავტორი - დენიელ ესკერტი).

 

როგორც ცნობილია, დიდი შვიდეულის“ სამიტზე განზრახული იყო რუსული წარმოების ოქროსათვის საერთაშორისო ბაზარზე ემბარგოს გამოცხადება, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. 

 

რუსულ ოქროს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეიძლება ოქროს დეფიციტი მოჰყვეს, რაც „ბოროტ, საზიზღარ“ და იმავდროულად, ყველასათვის სასურველ „კეთილშობილ“ ლითონს მნიშვნელოვნად გააძვირებს. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, დასავლური გეგმების საწინააღმდეგოდ, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ოქროს სხვა ქვეყნებში გატანით.

 

ოქროს მოპოვებით, მეცხრამეტე საუკუნის „ოქროს ციებ-ცხელების“ პერიოდიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა მსოფლიოში. 21-ე საუკუნის დასაწყისში აშშ-ის კალიფორნიის ოქროს საბადოები უფრო მეტ ოქროს იძლეოდნენ, ვიდრე ციმბირის ყველა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატები, ერთად აღებული.

 

მაგრამ ახლა რუსეთში ოქროს მოპოვება პოლიტიკურ ფაქტორადაც გადაიქცა: ნავთობისა და გაზის ექსპორტზე სანქციების დაწესების შემდეგ დასავლეთი „პუტინის იმპერიის“ კიდევ უფრო შეზღუდვას ფიქრობს.

 

რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის მსოფლიო ვაჭრობისაგან - ასე ფიქრობენ სპეციალისტები. 2021 წელს რუსეთში ოქროს წარმოებამ 331 ტონა შეადგინა. მასზე ერთი ტონით მეტი მხოლოდ ჩინეთმა მოიპოვა - 332 ტონა, ამერიკა კი ამჟამად მხოლოდ მე-5 ადგილზეა მსოფლიოში - 187 ტონის მოპოვებით წელიწადში.

 

ისეთი ეკონომიკისათვის, როგორიც რუსეთისაა, რომელსაც სხვა კონკურენტუნარიანი პროდუქცია არ აქვს, ნედლეულისა და იარაღის გარდა, ოქროს მოპოვება საკმაოდ მომგებიან დარგად ითვლება. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, 2021 წელს ოქროს ექსპორტმა რუსეთს 15,5 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა (დაახლოებით 14,7 მილიარდი ევრო).

 

რა თქმა უნდა, ოქროთი მიღებული მოგება შეუდარებელია იმ მოგებასთან, რაც რუსეთისათვის ნავთობსა და გაზს მოაქვს - მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს მოსკოვისაგან 19,4 მილიარდი ევროს ენერგომატარებლები შეისყიდა. მთლიანობაში კი ფედერაციულმა რესპუბლიკამ რუსეთისაგან 33,1 მილიარდი ევროს საქონელი შეისყიდა.

 

გასაგებია, რომ ენერგომატარებლების იმპორტის შემცირებამ და აკრძალვამ ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქის მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, მაგრამ როგორ აისახება ოქროს დეფიციტი გერმანიაზე?

 

მართალია, ყვითელი ლითონის პირდაპირი იმპორტის (ზოდების სახით) მოცულობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ იმპორტული ოქროს ნაკეთობები გერმანიაში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. ამიტომ სხვა ქვეყანაში შექმნილი ოქროს დეფიციტი გერმანიაზეც ნეგატიურად იქნება ასახული. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოქრო ევროპაში და მთელ მსოფლიოში აქტივების ფასის შენარჩუნების საიმედო საშუალებად ითვლება.

 

როგორც კომპანია Degussa Goldhandel-ის მთავარი ეკონომისტი ტორსტენ პოლაითი ამბობს, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა დიდ შედეგებს არ გამოიღებს, რუსეთს თავისუფლად შეუძლია ოქროს გაყიდვა ჩინეთში, ინდოეთში და თუნდაც თურქეთში. გარდა ამისა, თუ დასავლეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ამით საკუთარი ინვესტორების დეზორიენტაციას მოახდენს - ისინი დროულად ვერ გაერკვევიან გადაწყვეტილების შედეგებში, ამასობაში კი რუსულ ოქროს BRICS-ის ქვეყნები შეიძენენ.

 

მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილს თავისი ოქროს რეზერვები შესანახად ამერიკისთვის აქვთ მიბარებული. ამერიკას ამჟამად 8134 ტონა ყვითელი ლითონი აქვს, გერმანიას - 3358 ტონა. რუსეთს - 2299 ტონა. 

 

ოქრო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო გადაქცეული იდეოლოგიურ იარაღად. ბრეტონ-ვუდის შეთანხმების („ოქროს სტანდარტი“) გაუქმების შემდეგ (1971 წელს) ამერიკას არ სურდა თავისი ვალუტის იმ ლითონით უზრუნველყოფა, რომლის დიდ ნაწილს იდეოლოგიური მოწინააღმდეგე მოიპოვებდა, ამიტომ ბრეტონ-ვუდის სისტემა იამაიკის სისტემამ შეცვალა.

 

მსოფლიოს ისტორიის მანძილზე სულ დაახლოებით 205 ათასი ტონა იქნა მოპოვებული, აქედან 94 ათასი მოხმარდა ძვირფასეულობისა და სამკაულების დამზადებას, 45 ათასი - მონეტების დაშტამპვას, ხოლო 35 ათასი ტონა ცენტრალური ბანკების საცავებში ზოდების სახით ინახება. დედამიწის წიაღში ჯერ კიდევ არის „ბოროტი კეთილშობილი“ ლითონის მინიმუმ 53 ათასი ტონის რეზერვი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ