დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს 02.07.2022 16:55

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. ღონისძიება 2 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და მოიცავს  2021-2022 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – International Collegiate Programming Contest) ნახევარფინალს, ე. წ. ჩრდილო ევრაზიის  ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის.

 

ღონისძიების მნიშვნელობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროგრამისტთა ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა:

 

„ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატების მაგალითი სახეზეა - დღეს ის მასპინძლობს მსოფლიო სტუდენტთა პირველობის ნახევარფინალს და კავკასიის ღია პირველობას. ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ გვყავს გუნდები რამდენიმე ქვეყნიდან და მათ შორისაა ისეთ სასიამოვნო და საპატიო სტუმარი, როგორიცაა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა - უკრაინა",  - განუცხადა "ჯორჯიან თაიმსს" ზურაბ ხონელიძემ.

 

"სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, მსურს დავუდასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ოლიმპი/ადის მონაწილეებს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და ვუსურვო მათ წარმატებები ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში.  მინდა გითხრათ, რომ წარმატების მოპოვების აუცილებელი პირობაა შესაბამისი და კარგი მომზადება. ვიცი, თქვენ ყველანი მზად ხართ იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც სამუშაო მაგიდებთან დაგხვდებათ. ბევრი თქვენგანი ალბათ პირველადაა საქართველოში და მით უფრო, ჩვენს უნივერსიტეტში. მინდა გითხრათ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებული უმაღლესი სასწავლებელია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და აქ მას გამორჩეულად ღირსეული ადგილი უჭირავს. ის დღეს სოხუმში უნდა იყოს, მაგრამ კონფლიქტის შედეგად, დღეს თბილისში ვიმყოფებით. თუმცა ეს მდგომარეობა დროებითია. დღეს ომია ჩვენს მეგობარ უკრაინაში და მე განსაკუთრებულად მინდა მივესალმო უკრაინელ სტუმრებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, წარმოადგენენ რა მათ სამშობლოს ამ ოლიმპიადაზე, გონებით და გულით ახლა სამშობლოში დარჩენილ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან იმყოფებიან.

 

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ იმთავითვე მეგობრობის ხელი გავუწოდეთ უკრაინელ პარტნიორებს და ახლაც ამ დამოკიდებულებით ვართ. ისიც კარგად ვიცი, თქვენ ღირსეულად აფასებთ ჩვენი სახელმწიფოსა და მთავრობის დამოკიდებულებასა და იმ ღონისძიებას, რომელსაც ის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისათვის აკეთებს. დიახ, დღეს რთულ დროში ვცხოვრობთ. იმ პროცესებმა, რომლებიც ჩვენს გარშემო ახლა ვითარდება არსებული წესრიგი შეცვალა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს, ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის წინაშე მნიშვნელოვანი მისია და როლი დაეკისრა. მან თავისი ევროპული მისწრაფებებით და ევროპული იდეალებისადმი ერთგულებით, მაღალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევებით, ქართველებსა და აფხაზებს შორის ხიდის როლი უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს ჩვენი ორი ერის ერთიანობას. რამდენიმე ხნის წინ გვქონდა ონლაინ-კონფერენცია უკრაინის უნივერსიტეტების რექტორებთან და პრორექტორებთან, სადაც უკრაინელი მეგობრების მიერ გამოითქვა სურვილი, რათა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინელ პარტნიორებს გაუზიაროს ის გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ამ უჩვეულო მდგომარეობაში იარსებო, განვითარდე და წარმატებებსაც მიაღწიო. მიხარია, რომ უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორთა მიერ ხდება ჩვენი უნივერსიტეტის ამ მისიისა და როლის მართებულად გააზრება და ეს მასპინძლობაც ამის შედეგია. კიდევ ერთხელ გილოცავთ მორიგ ოლიმპიადაში მონაწილეობას და წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სურვილებიც ჩვენი სამშობლოს და ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ ანალოგიურად კეთილგანწყობილია და ის მიემართება ჩვენ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობა-მეგობრობისაკენ",  – განაცხადა პროფესორმა - ზურაბ ხონელიძემ.

 


 

როგორც ICPC-ს რეგიონალურმა დირექტორმა, პროფესორმა თეოდორე ზარქუამ აღნიშნა, წელს პირველად, ამ ოლიმპიადის ისტორიაში, აღნიშნულ ზონაში ტარდება მეორე ნახევარფინალური რაუნდი:

 

„ეს გამოწვეულია ჩვენთვის ყველასთვის სამწუხარო გარემოებით – ამა წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით. პირველ მარტს, როდესაც ჩვენმა პეტერბურგელმა კოლეგებმა (ჩრდილო ევრაზიის ნახევარფინალური ზონის ხელმძღვანელებმა) შეგვატყობინეს ზონის ფინალის (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის)  13 აპრილს ჩატარების დაგეგმვის თაობაზე, ჩვენ უყოყმანოდ უარი ვთქვით ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვფიქრობ, გასაგები მიზეზების გამო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ NERC-ის ხელმძღვანელობასთან ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა  ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საუკეთესო ურთიერთობები, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია. პრინციპში, ჩვენ მზად ვიყავით საერთოდ არ მიგვეღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. ჩვენდა სასიხარულოდ, ICPC-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ფინალის 1 ადგილი გამოეყო NERC-ის იმ გუნდებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს მონაწილეობა 13 აპრილს ჩატარებულ ღონისძიებაში. ვალდებული ვარ ხაზი გავუსვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა NERC-ის ხელმძღვანელობის ინიციატივით. შედეგად, საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდებისთვის, რომლებიც დაშვებული იყო NERC-ის ფინალში, ეს იქნება სრულფასოვანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა აზერბაიჯანის 29 და საქართველოს 19-მა გუნდმა“, - განაცხადა მან.

 

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ამ შეჯიბრებას დამატებით სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის სტატუსიც გააჩნია, რომელშიც მუდმივად მონაწილეობენ საუკეთესო გუნდები უკრაინიდან. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების სეზონის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახლდათ ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი.

 

წელს ოლიმპიადის მასპინძელია დაპროგრამების პირველობების ორგანიზების მდიდარი ტრადიციების მქონე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც არაერთხელ ჩატარდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოს გუნდებისთვის. აქ არაერთხელ გაიმართა სხვადასხვა მასშტაბის მოსწავლეთა ოლიმპიადები, ხოლო 2018 წელს ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე.

 

სწორედ ამ წარმატებული გამოცდილები საფუძველზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის მასპინძლობის უფლება. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება ჩვენი უნივერსიტეტის დაფუძნების 90-ე წლისთავის საიუბილეო წელს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, პროგრამისტთა ოლიმპიადების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საგანმანათლებლო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე; ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარეა სსუ-ს პროფესორი, ნანა გულუა.

 

2007 წლიდან ოლიმპიადას ჰყავს უცვლელი ჟიურის თავმჯდომარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ჰამლეტ მელაძე და დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოდორე ზარქუა.

 

წელს ღონისძიებას ჰყავს გლობალური სპონსორი კომპანია Huawei-ს სახით და ასევე ლოკალური სპონსორები ქართული კომპანიების „სოფტგენის“ და „ალტა-სოფტვეარის“ სახით.

 

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის (ICPC) სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში.

 

ცნობისათვის, ღონისძიება დღეს, 2 ივლისს დაიწყო  და 4 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო ანსამბლების მიერ ორგანიზებული საგანგებო საზეიმო კონცერტით დაიხურება.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ