დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ვირუსით ინფიცირების 5-ჯერ გაზრდილი სტატისტიკა - დგას თუ არა კოვიდრეგულაციების შემოღების აუცილებლობა 06.07.2022 16:58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკებში კოვიდინფიცირებულების მიმართვიანობამ იმატა. სპეციალისტები შემთხვევების ზრდას ზაფხულის პერიოდს და ხალხმრავალი ღონისძიებების მატებას უკავშირებენ.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით,  ბოლო 4-5 დღეა, რაც კლინიკებში მომართვიანობა გაზრდილია.

 

„4-5 დღეა, რაც მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. 2-ჯერ მეტი პაციენტი გვიწევს კლინიკაში, ვიდრე გამოყოფილი საწოლების რაოდენობაა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ საშუალო და მძიმე პაციენტები ჭარბობს. განსაკუთრებით მაღალი მომართვიანობაა ორსულებსა და 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მხრიდან. გამოხატულია კოვიდისთვს დამახასიათებელი სიმპტომები და დაავადებები, მათ შორის, პნევმონია, მაგრამ განსხვავებით წინა შტამისგან, ეს შტამი ნეიროტოქსიკური თვისებით გამოირჩევა. კოვიდინფიცირებულებს ახასიათებთ მსუბუქი ენცეპალოპატია, რაც წინა პერიოდში არ იყო გამოვლენილი," - განმარტავს რატიანი.

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით კი, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

 

„5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა.

 

შემოდგომაზე კი, პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა ცუნამის მსგავსი. ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონისახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს," - განაცხადა ჩხაიძემ.

 

რამდენად საგანგაშოა 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა?


ამ საკითხზე ჯორჯიან თაიმსს ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ესაუბრა. მისი თქმით, ყველა სპეციალისტი ინფიცირების ზრდას ვარაუდობდა.

 

- ბოლო ტალღიდან 3-4 თვის გასვლის შემდეგ, ასეთი პერიოდი დგება ხოლმე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი ტალღა მოსალოდნელი იყო. რამდენად ძლიერი იქნება, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ ადამიანები უმეტეს წილად გარეთ ატარებენ დროს და შემოდგომამდე, სანამ აცივდება, შესაძლოა, ეს საკითხი პრობლემატური არ იყოს.

 

თუმცავისურით ინფიცირების მატება მოსალოდნელი იყო, გადატანილი ინფექციიდან 3-4 თვის მერე, ომიკრონის შემთხვევაში, სისხლში ანტისხეულების დონე ეცემა და ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება. ჩვენთან კი, მოსახლეობის მცირე ნაწილია ვაქცინირებული, რაც ძალიან პრობლემატურია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 50 წლის ზემოთაა და ქრონიკული დაავადება აქვს.  ამიტომაც, ვურჩევდი მათ, რომ ხალხმრავალ ადგილებში მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადეები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სავალდებულო არ არის.

 

- ნაადრევი ხომ არ იყო პირბადის ტარების  რეგულაციის მოხსნა?

- ნაადრევი ნამდვილად არ იყო, მთელმა მსოფლიომ იგივე გააკეთა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ დაავადებასთან ერთად, ეს ნათელია. ჩემი აზრით, ისეთი საგანგაშო მდგომარეობა აღარ იქნება, როგორც ადრე იყო ხოლმე. თუ კიდევ ამ ვირუსის მუტაცია არ მოხდა, გვექნება დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორიც სეზონური გრიპის დროს გვაქვს. ენდემურში გადავა და სეზონურად დაგვჭირდება რისკჯგუფების აცრა, კონკრეტულ შტამზე, რომელიც იქნება დომინირებული.  

 

- რეგულაციების შემოღება თუ დაგვჭირდება ისევ?

- საგანგაშო მდგომარეობა თუ არ იქნება, სავარაუდოდ - არა. მაგალითად, აშშ-ში ძალიან ბევრი შემთხვევა და ბოლო შტამები დომინირებს, მაგრამ რეგულაციები არ შემოუღიათ. ჩვენთანაც, ვფიქრობ, რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 3 წლის განმავლობაში ამ ვირუსმა კეთილგონიერება და სიფრთხილე გვასწავლა.  აუცილებელია მოვუფრთხილდეთ 50 წლის ზემოთ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით მათ, ვინც აცრილები არ არიან, რადგან მათთვის ძალიან საფრთხილოა ეს ყველაფერი.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ