დღე: 25

ღამე: 12

USD 2.7296

EUR 3.1401

რეზო შავიშვილმა ისე გამოიყვანა, თითქოს მოსკოვის პუტჩისას საქართველოს ხელისუფლება "გეკაჩეპისტებს" დაემორჩილა - კონსტანტინე გამსახურდია 09.07.2022 00:35

იაგო ხვიჩიამ გადაცემაში მოიწვია რეზო შავიშვილი, რომელმაც ისე გამოიყვანა, თითქოს მოსკოვის პუტჩისას საქართველოს ხელისუფლება "გეკაჩეპისტებს" დაემორჩილა. ამით მან რაღაცნაირად გაამართლა მომავალი ქართველი პუტჩისტები. ამ საკითხზე ვდებ სტატია-პოსტს  - ისტორია არავის არ გავაყალბებინოთ!  - წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია

პუტჩის მცდელობა მოსკოვში და მისი გამოძახილი საქართველოში

საბჭოთა იმპერიაში განსაკუთრებით სახიფათო ნიშნები 1991 წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა, თუმცა გარკვეული ესკალაცია ზაფხულში უკვე თვალსაჩინო გახდა. 23 ივლისს გაზეთმა „სოვეტსკაია რასსია“ გამოქვეყნა წერილი „მიმართვა ხალხისადმი“, რომელშიც სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის ორივე მოადგილე, არმიის გენერალი ვალენტინ ვარენნიკოვი და ავღანეთის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი ბორის გრომოვი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგესთან, იმჟამად ნაკლებად ცნობილ გენადი ზიუგანოვთან და რამოდენიმე რუსულ-ნაციონალისტურად განწყობილ მწერალთან ერთად, რომელთაგანაც ერთ-ერთი კარგად ცნობილი ვალენტინ რასპუტინი გახლდათ, საბჭოთა არმიას მოუწოდებდნენ გააქტიურებულიყო საბჭოთა სამშობლოს გადასარჩენად. „სადაც არ უნდა იყოთ, ქალაქებში თუ სოფლებში, სტეპებში თუ ტყეებში, ოკეანის ნაპირებზე თუ სხვაგან, გამოფხიზლდით, ფეხზე დადექით თავისუფლებისთვის, სამშობლოს დამაქცევართათვის წინააღმდეგობის გასაწევად“, ეწერა ამ მიმართვაში.  ჯერ კიდევ ბუშის ვიზიტის დროს მოსკოვში თავდასხმები მოხდა ლიტვის ახლადშექმნილ საბაჟოზე - სადაც რუსმა ომონელებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახვრიტეს ექვსი ლიტველი მებაჟე. მსგავსი თავდასხმები მოხდა ესტონეთის და ლატვიის საბაჟო პუნქტებზეც. ეს ყოველივე ძალიან საშიში სიმპტომები იყო იმისა, რომ იმპერია აუცილებლად მოიქნევდა კუდს.

ამავე წლის 14 აგვისტოს გაზეთმა „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ გამოაქვეყნა პირველი მონახაზი ნოვო-ოგარიოვოს ხელშეკრულებისა. იგი მომდევნო დღეს გაზეთმა „იზვესტიამაც“ გადაბეჭდა. იმავდროულად პოლიტბიუროს წევრმა ალექსანდრ იაკოვლევმა დატოვა სსრკ-ს კომუნისტური პარტიის რიგები და გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა ყველაფერი მივიდეს პუტჩამდე. რომ პარტიაში არსებობს გავლენიანი სტალინური დაჯგუფება, რომელსაც სურს 1985 წლიდან აღებული კურსის უარყოფა.

მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც 20 აგვისტოს გეგმავდა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების“ ხელმოწერას, ყირიმში იმყოფებოდა, სამთავრობო აგარაკზე ფოროსში. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე და უფლებამოსილებების გადატანა ვიცეპრეზიდენტ იანაევზე ხელმოსაწერად მას სწორედ ფოროსზე ჩაუტანა „შეთქმულთა“ დელეგაციამ 18 აგვისტოს, საღამოს საათებში. მათ შორის იყვნენ: ოლეგ ბაკლანოვი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლეგ შენინი,  პოლიტბიუროს წევრი და ცეკას მდივანი, იური პლეხანოვი, სუკ-ის გენერალი, ვალერი ბოლდინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ასევე ვალენტინ ვარენნიკოვი, არმიის გენერალი, საბჭოთა არმიის სახმელეთო ჯარების სარდალი.

რაც შეეხება „გეკაჩეპეს“ ანუ „საგანგებო მდგომარეობის მთავარ კომიტეტს“, მასში ვიცეპრეზიდენტ გენადი იანაევის გარდა შედიოდნენ სუკ-ის თავმჯდომარე ვლადიმერ კრიუჩკოვი, ნახსენები ოლეგ ბაკლანოვი და ოლეგ შენინი, თავდაცვის მინისტრი, მარშალი დიმიტრი იაზოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პუგო, პრემიერმინისტრი ვალენტინ პავლოვი, გლეხობის კავშირის თავმჯდომარე ვასილი სტაროდუბცევი და მრწეველობის, მშენებლობის და კავშირგაბმულობის გაერთიანების უფროსი ალექსანდრ ტიზიაკოვი. მათ მხარს უჭერდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი. 19 აგვისტოს დილით, იტარ-ტასსმა გაავრცელა ვიცეპრეზიდენტ გენადი იანაევის განცხადება, რომ იგი თავის თავზე იღებს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. მომდევნო დღეს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა ნახსენები საგანგებო კომიტეტის “მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი“, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საბჭოთა კავშირის მოსალოდენლი დაშლის გამო. აიკრძალა პოლიტიკური პარტიებიs საქმიანობა, მიტინგები, დემონსტრაციები, ასევე დამოუკიდებელი გაზეთები. ამის შემდეგ საბჭოთა არმიის ნაწილები და ჯავშანტექნიკა მოსკოვისკენ დაიძრა. ეს უწინარეს ყოვლისა იყო ტამანის დივიზია სამხედრო კონტიგენტი, რომელიც მოსკოვის ოლქში იყო დისლოცირებული. 

ბორის ელცინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა არხანგელსკოეში მდებარე თავისი სახლიდან გაავრცელა მიმართვა, საიდანაც მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ და წინააღმდეგობისკენ მოუწოდა, ასევე მოითხოვა გორბაჩოვის დაბრუნება. პრეზიდენტმა ელცინმა შუადღისას ტანკზე მდგომმა გააკეთა ცნობილი ისტორიული მიმართვა, რომელშიც მოუწოდა მოსახლეობას წინააღმდეგობა გაეწიათ პუტჩისტებისთვის. „თეთრი სახლის“ გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა, რომელსაც „დემოკრატიული რუსეთის“ მოძრაობა უწევდა კოორდინაციას. 20 აგვისტოს „თეთრ სახლთან“ უზარმაზარი მიტინგი შეიკრიბა. სპეცრაზმმა „ალფამ“ უარი განაცხადა შეესრულებინა ბრძანება იერიშის მიტანისა „თეთრ სახლზე“. ღამით, დემონსტრანტებმა გზა გადაუღობეს ტანკებს, რომლებიც კალინინის პროსპექტის გვირაბიდან დემონსტრანტებისკენ ცდილობდნენ გზის გაკვლევას. ამ დროს დაიღუპა სამი დემონსტრანტი. 21 აგვისტოს, 16 საათსა და 30 წუთზე ტასს-მა გაავრცელა ცნობა საგანგებო კომიტეტის დაშლა და ჯარების დაბრუნება ყაზარმებში. 22 აგვისტოს მოსკოვში, ლუბიანკას მოედანზე მოქალაქეებმა დაამხეს „ჩეკას“ დამაარსებლის, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი. მოგვიანებით პუტჩისტები დააკავეს.

რესპუბლიკებში დამოკიდებულება „გეკაჩეპეს“ მიმართ ერთგვაროვანი არ ყოფილა. დ. შველიძის დაკვირვებით, იყვნენ შედარებით ნეიტრალურები, (სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა) სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლებების პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და უფრო დროის გაყვანის პოლიტიკა იკვეთებოდა; „მხარდამჭერები“ (ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) და „დამოუკიდებლები“ (მოლდოვა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) სადაც ამ ნაბიჯებს ღიად განიხილავდნენ „სამხედრო დიქტატურის დამყარების მცდელობად“, იყო მოწოდებები არ ეთანამშრომლათ ამ ანტიკონსტიტუციურ ორგანოსთან და შეძლებისდაგვარად ყველგან არაძალისმიერი წინააღმდეგობა გაეწიათ. მოლდოვაში კი იყო მოწოდება, რათა მოხალისეთა შეიარაღებულ რაზმებს სახელმწიფო ობიექტები დაეცვათ. 

რა ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო? რამდენადაც ცნობილია, 19 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელიც ყაზბეგში დასასვენებლად იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში და მოუწოდა მოქალაქეებს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა. ამავე დღეს  გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს და მინიტრთა კაბინეტის ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო:

„მოგიწოდებთ, ყველანი ვიყოთ სამუშაო ადგილებზე, შევასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ დავუშვათ თვითნებური მოქმედება, დავემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა განკარგულებებს. დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენს რესპუბლიკაში სამოქალაქო სიმშვიდისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმედია საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებულობას და პასუხისმგებლობას“. (საქართველოს რესპუბლიკა, 19.08.1991)

როგორც აღნიშნული აქვს ისტორიკოს გიორგი არქანიას, 19 აგვისტოს თბილისში უკვე იმყოფებოდა სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ვლადიმერ შურავლიოვი, პარალელურად „ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. შურავლიოვი შეხვდა გამსახურდიას და კატეგორიულად მოსთხოვა ეროვნული გვარდიის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა ჯარი ქართულ გვარდიას გაანადგურებდა“ (გაზ. „განმათავისუფლებელი“. 2017 წ. N53).

რუს გენერალთან პოლემიკაში შესვლის გარეშე პრეზიდენტმა მას განუმარტა, რომ ეროვნული გვარდია იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა. მან იმავე დღეს დამატებით მოაწერა ხელი ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის ძირითადი პუნქტები ასე გამოიყურებოდა: შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ეროვნულ გვარდიას მიეცეს განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის სტატუსი; გაუქმდეს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და ქვვეგანაყოფი დაექვემდებაროს მინისტრის მოადგილეს; შინაგანმა ჯარებმა ისარგებლონ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაბელური იარაღით. (თბილისი, 19.08.1991) თავად ზვიად გამსახურდიამ კი თავის „ჩანაწერებში“ აღნიშნავს, რომ ამ ბრძანებით მან მხოლოდ იმის კონსტატირება მოახდინა, რომ გვარდია ისედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაშია მოქცეული. ანუ დადასტურებული იქნა სტატუსი, რაც მას უზენაესი საბჭოს მიერ მიენიჭა, რამდენადაც გვარდიას საფრთხე ემუქრებოდა „გეკაჩეპეს“ დღეებში. ამასობაში ოპოზიციამ მის მიმართ წამოაყენა ბრალდება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა „გეკაჩეპეს“ და ამის მტკიცებულებად იშველიებდა „იანაევის დაკითვის ოქმებს“. (ZNG. გვ. 116) გენერალთან შეხვედრაზე უარს ან მასთან დისკუსიას, რომ "ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ფეხზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთ", აზრი არ ჰქონდა და ამავე დროს ძალიან საშიშიც იყო - ასეთ შემთხვევაში პირველი, ვისაც მაღალი ალბათობით დაარტყამდნენ სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ჰაერიდანაც და მიწიდანაც, ეს საქართველოს ეროვნული გვარდია იყო. პრეზიდენტმა ამ უსიამო ვიზიტორს აჩვენა საბუთი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული გვარდია იურიდიულად რესპუბლიკის შინაგანი ჯარი იყო, რასაც სსრკ-ს კონსტიტუცია არ კრძალავდა. გენერალი და მისი გამომგზავნელები მიხვდნენ, რომ აქ დისკუსია უადგილო იყო. ეს საკითხი დელიკატურად მოგვარდა. და რატომ იყო ეროვნულ გვარდია მოქცეული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში? იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს შექმნა მოსკოვის პუტჩამდე გამოიწვევდა გარდაუვალ კოლიზიას მოსკოვთან, რასაც შესაძლოა ძალიან საშიში მასშტაბები მიეღო. ეს ნაბიჯი არც ერთ რესპუბლიკას არ გადაუდგამს.

ნოდარ ნათაძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი და „სახალხო ფრონტის“ ლიდერი იგონებს, რომ მოსკოვში რომ პუტჩი მოხდა, ზვიად გამსახურდია ამ დროს ყაზბეგში იმყოფებოდა:  „თბილისი დაბნეულობამ მოიცვა, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა და ამ დროს ზვიადიც ჩამოვიდა. ძალიან მძიმე ვითარება იყო, პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის გაძლიერება უნდოდათ. ეს კი ნიშნავდა სისხლსა და ნგრევას საქართველოში და ჩვენს ისევ დამონებას. ზვიადმა მშვიდად თქვა, პუტჩი უნდა დავგმოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სხვა სახელმწიფოში მოხდა და ვერ ჩავერევითო. ბოლოს კი დასძინა, ერთხელ მაინც მოვიქცეთ ისე, ჩვენი ქვეყანა სხვის ნანგრევებში არ მოყვესო. ასეც გავაკეთეთ. ოპოზიცია კი მოითხოვდა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავრთულიყავით. იყო მიტინგები და გამოსვლები. განსაკუთრებით ედპ და გიორგი ჭანტურია აქტიურობდნენ. ბრალად გვდებდნენ, სამშობლოს უღალატეთო. მახსოვს, როდესაც პუტჩისტების თავკაცმა იანაევმა დაურეკა ზვიადს, გვერდით ვედექი. იანაევმა მხარდაჭერა მოითხოვა. ზვიადმა კი უპასუხა, მე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვიო. მაშინ თბილისს ისე დავბომბავ, მისგან მტვერიც არ დარჩებაო... ამას ვერ შეძლებო, უთხრა ზვიადმა.“ (ნოდარ ნათაძე, ისტორია სიმართლეს ვერ იტყვის, თუ ფაქტი არ დადე)

ამავე დროს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გააკეთა მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი, რომელშიც ეწერა:

„საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს. მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთი მოვლენების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას, ყოველივე იმას, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერები. მთავარზე უმთარესია, დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთა კავშირის მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის, პლურალიზმის დამკვიდრებას.

შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქმნის, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა აშშ-ს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე სცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში“. (საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი, „საქართველოს რესპუბლიკა“, 20.08, 1991)

მართალია, მოსკოვურმა ხუნტამ 2-3 დღეში არსებობა შეწყვიტა, თუმცა დეზინფორმაციულმა ნაკადმა და ლანძღვამ უკვე თბილისში არ დაახანა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის მისამართით. კრიტიკის თემა იყო მიუღებელი კომპრომისი მოსკოვთან და გვარდიის დაშლა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები სხვა მხრივ განვითარდებოდა, და საბჭოთა არმია დარტყმას განახორციელებდა ჩვენი ახალწვეულების მიმართ, კრიტიკა და ლანძღვა ხელისუფლების უკვე „რადიკალიზმისა“ ალბათ ყველანაირ წარმოსადგენ ნიშნულს ასცდებოდა.  ამ ყოველივეს მოყვა მომავალი პუტჩისტების, უკვე რკონში გასასვლელად გამზადებული ორი თენგიზის, კიტოვანის და სიგუას დეზინფორმატიული ნაკადი - რომ მოღალატე პრეზიდენტმა გვარდია "გეკაჩეპეს" ბრძანებით დათმო და დაშალა. (სხვათა შორის ისინი "ჟურავლიოვად" მოიხსენიებდნენ შურალიოვს) რკონში გასვლის შემდეგ გვარდიელთა რიგებში პროკლამაცია გაავრცელეს, სათაურით „მიმართვა საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებისადმი“. ეს „მიმართვა“ ეკუთვნოდა ხელისუფლების ყველაზე რადიკალური ოპონენტების ჯგუფს - „ეროვნულ-დემოკრატიულ“ პარტიას. მასში ნათქვამი იყო, საქართველოს მართავდა „კრემლის მორჩილი მარიონეტების,“ მოსკოვის „შენიღბული და საშიში აგენტების“ ხელისუფლება, რომელთაც გვარდია ჭირდებოდათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად, მიტინგებისა და დემონსტრაციების დასაშლელად. ამიტომაც იყო მოწოდება გვარდია დაუყოვნებლოვ გამიჯვნოდა „ბოროტებას“.

რა მიზნებით ხსნის თენგიზ სიგუა კიტოვანის გასვლას რკონში გვარდიის ახლადფორმირებულ ნაწილებთან ერთად? ინტერვიუში ვკითხულობთ:

„კიტოვანისათვის პროგრამა-მინიმუმს ახალწვეულების დაუცველი გარნიზონებიდან გაყვანა და ტყეში გახიზვნა წარმოადგენდა, პროგრამა-მაქსიმუმს, - პოზიციების გამაგრება და პარტიზანული ბრძოლა. მას ჰქონდა ამის საფუძველი, რადგანაც როგორც წეღან ვთქვით, პოლიტიკური პროგნოზის ლოგიკა მეტყველებდა, რომ იგი ამ ბრძოლაში არამცთუ მარტო არ იქნებოდა, არამედ მთელი იმპერიის ტერიტორიაზე გაიშლებოდა ასობით წინააღმდეგობის კერა და თუ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდოდა, პუტჩისტთა მომხრე ჯარს არცთუ მცირე საზრუნავი ექნებოდა თვით რუსეთშიც. ეხლა გამსახურდიას განცხადება გავიხსენოთ - მე გვარდია გადავარჩინეო, თქვა მან და ამაში სტატუსის შეცვლა იგულისხმა. გავხსნათ გვარდიის ოფიცერთა ძველი წიგნაკები, პირველსავე გვერდზე შავით თეთრზე სწერია, - „შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია“ - შინაგანი ჯარები დავარქვიო, ეს ტყუილია, უკვე ერქვა. მოდით, სხვა რამეზე დავფიქრდეთ, ნუთუ ვინმეს ისე გულუბრყვილო ჰგონია რუსის გენერლები, რომ ორი სიტყვის - „ეროვნული გვარდიის“ ამოღებით მათ გვარდია ლიკვიდირებული ჰგონებოდათ? ამ შემთხვევის ანალიზი ცხადჰყოფს, იმას, რომ არსებობდა ფარული შეთანხმება პუტჩისტთა, „გეკაჩეპეს“ და გამსახურდიას შორის. „გეკაჩეპემ“ რამოდენიმე წინასწარი ულტიმატუმი გაუგზავნა გამსახურდიას და ისიც ასრულებდა მათ.“

ამ ამონარიდის გაცნობისას ჩნდება კითხვა,  რა შეიარაღებით, რა ლოჯისტიკური და მომარაგების შესაძლებლობებით და რა საბრძოლო გამოცდილებით აპირებდნენ თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა საბჭოთა ჯარებთან დაპირისპირებას? რამდენადაც ცნობილია, ეროვნული გვარდიის ბაზისური შეიარაღება განვითარების იმ ეტაპზე ელემენტარულ სტანდარტებს საკმაოდ ჩამორჩებოდა. ასეთი შესაძლებლობა კი იმ ეტაპზე ნამდვილად არსებობდა და ამის შესახებ გაზეთი „იზვესტიაც“ წერდა: „სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში ეროვნული გვარდიის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ იქნებოდა გადმოსროლილი მასზე ოთხჯერ მეტი ძალები. შესაძლებელი შეტაკების შედეგი ამ შემთხვევაში სამხედროებში არავითარ ეჭვს არ იწვევს“. (ციტირებულია დ. შველიძის წიგნში, გდ. 371) და თუ რუს გენერლებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ქართულ გვარდიაზე თავდასხმა სურდათ, მაშინ რაში ესაჭიროებოდათ გამსახურდიას მხრიდან ულტიმატუმების შესრულება ან გარიგება მასთან? საქართველოს პრეზიდენტის ნებართვას ელოდებოდნენ? თუმცა შეთქმულების თეორიის აქ წამოწევას სიგუას მხრიდან უფრო თავის მართლების სუნი ასდის.

ასევე არადამაჯერებელია, თითქოს კიტოვანი პროგრამა-მინიმუმის და პროგრამა-მაქსიმუმის კატეგორიებით აზროვნებდა იმ დროს. რაც მას ნამდვილად აწუხებდა, ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, დილარ ხაბულიანის განცხადება 24 საათში იარაღის ჩაბარებაზე და პრეზიდენტის 28 აგვისტოთი დათარიღებული ბრძანებულება მის გადაყენებაზე გვარდიის სარდლის თანამდებობიდან. ან რა იყო იმაში გასაკვირი, რომ იგი გადააყენეს - გვარდიის სარდლის მხრიდან მაინც კანონდარღვევა იყო ჯარის გადაადგილება თავდაპირველი დისლოკაციის ადგილიდან მინისტრთან და პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე. თავდაცვის საკითხებიდან არაპროფესიონალი ვაჟა ადამიას ჩამოშორების შემდეგ თენგიზ კიტოვანმა, როგორც მისმა მსგავსმა არაპროფესიონალმა (რაც შეეხება სამხედრო საქმეს და თავდაცვის სისტემას) ასევე იცოდა - რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება თავდაცვის სამინისტრო, იგი მინისტრი ვერ გახდება: იქ პროფესიონალ და სანდო სამხედრო პირს მოძებნიან.

დიმიტრი შველიძე ყურადღებას ამახვილებს კიტოვანის წერილზე, რომელიც გაზეთმა „თავისუფალი საქართველო“-მ გამოაქვეყნა (თ. კიტოვანი, გვარდია რკონში, 25 აგვისტო, 1991, შველიძე, გვ. 364-368) ეს წერილი, ისტორიკოსის აზრით, „უნიკალური“ მასალაა: კიტოვანი წერს, რომ მოსკოვის მოვლენებამდე გარკვეული ხნით ადრე ოფიციალურად დანიშნული იყო გვარდიის მანევრები და სამხედრო სწავლება 10 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე. გვარდიას უნდა დაეკავებინა წინასწარ მომზადებული საწვრთნელი ბანაკები შატილსა  და მუცოში. ხოლო მოსკოვის გადატრიალების დაწყებისას გვარდიამ გადაწყვეტილება შეცვალა საწვრთნელი ადგილი თრიალეთის ქედის ერთ-ერთ კალთასთან გადმოიტანა. პრობლემური საკითხი აქ ის არის, რომ კიტოვანი არსად წერს, თითქოს ეს გადაწყვეტილებაც შეთანხმებული იყო შს მინისტრთან და პრეზიდენტთან. ანუ ისევ თვითნებობასთან გვაქვს საქმე.

შემდგომ კიტოვანი წერს, რომ იგი გაგებით მოეკიდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული სახის მილიციად გარდაქმნის შესახებ, როგორც იურიდიულ აქტს, რომელსაც ფარად გამოიყენებდნენ პუტჩისტების წარმატების შემთხვევაში. იქვე კიტოვანი აღშფოთებას გამოთქვამს მინისტრი ხაბულიანის გამოსვლაზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით დაემუქრა გვარდიელებს, თუკი 24 სააათში არ მოხდებოდა განიარაღება. ეს ყველაფერი კიტოვანს „პიროვნულ ამბიციებამდე“ დაჰყავს, თუმცა ესეც დემაგოგია და საკითხის გაუბრალოებაა. სინამდვილეში ხაბულიანი ამ მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციიდან და კანონიდან გამომდინარე მოქმედებდა, რამდენადაც გვარდია იყო შინაგანი ჯარი და როგორც საგანგებო შენაერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ირიცხებოდა. სარდალს მინისტრთან კონსულტაცია არ გაუვლია, ვიდრე რკონისკენ დაძვრის ბრძანებას გასცემდა. კიტოვანის დასკვნით „ეჭვები“ გაჰფანტა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა, რომელიც რკონის ხეობაში დეპუტატთა ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს თავდაცვის სამინისტროს შექმნა.

მთელი წერილი ისეთი ტონითაა დაწერილი, რომ მიუხედავად დაუმორჩილებლობისა და ავტონომიური ქმედებისა, კიტოვანის მხრიდან ცალსახა ამბოხი ხელისუფლების წინააღმდეგ თითქოს (იმ ეტაპზე) არ იკვეთება. სიტუაცია უფრო შუალედური ჩანს. წერილში ხელისუფლების ქმედებათა გამართლებაც კი ხდება. დასაშვებია, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში სარდალი კიტოვანი ხელისუფლებისადმი ჯერ კიდეც ლოიალურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა მასზე მიდიოდა მუშაობა, რათა იგი სრული და რადიკალური დაპირისპირების რეჟიმში გადაეყვანათ.   

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სიგუა ხალხს შეპირდა თვით მოსკოვური ხუნტის თავმჯდომარის, "იანაევის საიდუმლო ოქმებს", რომელიც ანტისემიტთაგან შეთხზულ "სიონის ბრძენთა ოქმებზე" ნაკლები არ უნდა ყოფილიყო - მათში უნდა ასახულიყო ზვიად გამსახურდიას და მოსკოვური გეკაჩეპეს შეთქმულება საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის წინააღმდეგ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეროვნული გვარდიის სარდლის მხრიდან დაუმორჩილებლობის და რკონის ხეობაში გადასვლის ფაქტმა დატოვა მოსკოვის პუტჩის დღეების ძალიან ნეგატიური, არასასურველი რელიქტი პოლიტიკურ ბრძოლაში - შეიარაღებული კომპონენტი „კიტოვანის გვარდიის“ სახით.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედება 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დღეებში შესაძლოა არ იყო იმდენად დამაჯერებელი, რომ იმთავითვე გამოერიცხა სპეკულაციები იმის თაობაზე, არის თუ არა ის გარიგებული მოსკოვის პუტჩისტებთან. სიფრთხილე და გაუბედაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ როგორც პრეზიდენტმა, ისე მისმა თანაგუნდელებმა კარგად იცოდნენ, რაზე არიან წამსვლელები მოსკოვის ნომენკლატურულ-ძალოვანი წრეები. მათი რეაგირება მოსკოვურ პუტჩზე ერთის მხრივ სახელმწიფოებრივი სიფრთხილის, თავის მაქსიმალურად დაზღვევის და წინდახედულობის მაგალითია, მეორეს მხრივ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს პოზიცია ბოლომდე ითქვა - იგულისხმება მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 23 აგვისტოს შემდეგ განცხადება გაავრცელა:

„საქართველოს რესპუბლიკა მთელ მსოფლიოსთან ერთად უაღრესად გახარებულია მოსკოვის რეაქციული გადატრიალების ჩაშლით. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, დემოკრატიამ კიდევ ერთხელ იზეიმა, რაც იმის ნიშანია, რომ საბჭოთა იმპერიაში შემავალ ხალხებს უნდათ, რომ ჰქონდეთ თავისთვის სასურველი მთავრობის არჩევის უფლება და შესაძლებლობა. სწორედ ეს მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ უნათებს გზას საქართველოსა და სხვა რესპუბლიკებს, რომელთაც თვითონ სურთ იყვნენ საკუთარი ბედ-იღბალის გამგებელნი“. (საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, საქართველოს რესპუბლიკა, 23 აგვისტო, N 165, (185))

ავტორ(ებ)ი :