დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

11 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „სამხელიანის“ ხსენების დღეა 10.07.2022 22:19

11 ივლისს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „სამხელიანის“ ხსენების დღეა.
ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც „ტრიხერუსა“ (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.
წმიდა იოანე დამასკელის ცხოვრებიდან ცნობილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიერ აღსრულებული შემდეგი სასწაული: ხატების თაყვანისცემის დაცვისათვის ამ წმიდა მამას (იმხანად დამასკოს მთავრის ვეზირს) ხატთმებრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა ცილი დასწამა დამასკოს არაბი მთავრის წინაშე, თითქოსდა იოანე ბიზანტიელთა მხედრობას იწვევდა დამასკოში, რათა ქალაქი სარკინოზთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა.
მთავარი სასტიკად განურისხდა თავის დიდმოხელეს და ბრძანა მისთვის ის მარჯვენა მოეკვეთათ, რომლითაც შინაგამცემლური წერილი იწერებოდა, მოკვეთილი ხელი კი ქალაქის მოედანზე დაეკიდათ ყველას დასანახად.
საღამოთი, როდესაც გაიგო, რომ სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალიყო, ტკივილისაგან გულშეწუხებულმა იოანემ მსახური გაგზავნა მთავართან, თხოვნით: „გევედრები, ბატონო ჩემო, უბრძანო, დამიბრუნონ ჩემი მოკვეთილი ხელი! ტკივილი სულ უფრო მატულობს და გამოუთქმელად მტანჯავს; სულს ვერ მოვითქვამ მანამდე, სანამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა ჰაერშია გამოკიდული ქალაქის მოედანზე. დამიბრუნე, რომ მიწაში დავმარხო, რადგან ასე მგონია, თუ ის დაიკრძალება, ტკივილიც შემიმსუბუქდება...“ და, როცა თხოვნა შეუსრულეს, აიღო თავისი მოკვეთილი ხელი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და მხურვალედ ევედრა:
-შენ უწყი, ყოვლადწმიდაო ზეციურო დედოფალო, რომ უსამართლოდ დავისაჯე - წმიდა ხატების თაყვანისცემის დაცვისთვის! შენ ყოველივე ძალგიძს, შენგან შობილი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით! გევედრები, გამიმრთელე ეს მარჯვენა და, შენც უწყი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენ გემსახურები!..
ამავე დროს მოკვეთილი მარჯვენა გადაჭრილ ხელზე მიიდო და ამ მხურვალე ლოცვისას მიეძინა. სიზმრისეულ ხილვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც სიხარულით აუწყა, შენი მარჯვენა გამრთელებულიაო. მართლაც, გამოიღვიძა, და სრულიად მრთელი ნახა თავისი ხელი, რომელსაც მხოლოდ ნაჭრილობევი ეტყობოდა.
მადლიერების გრძნობით აღსავსე წმიდა იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს „ტრიხერუსა“(„სამხელა“) ეწოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ