დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ყველაზე დაუფასებლები ფეხბურთში - თორნიკე შარაშენიძის ბლოგი 14.07.2022 13:34

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი

ავტორი - ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ თორნიკე შარაშენიძის საავტორო "წერილების ციკლს" ფეხბურთის თემაზე:

 

"მოცემული ტექსტი ოქროს ბურთის გადაცემის ბოლო ცერემონიალის შემდეგ დავწერე:

 

მაშ ასე, "ფრანს ფუტბოლმა" ოქროს ბურთი ისევ მესის მისცა. ეს ამბავი დიდი არგენტინელების ფანებსაც კი ეხამუშათ. 

 

კი, მან წელსაც მაგრად ითამაშა, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია და შვიდი ოქროს ბურთი მას და არცერთი ლევანდოვსკის, არცერთი ხავის, არცერთი ინიესტას? 

 

ყველაზე მეტად ასეთი დაჯილდოებების დროს ცენტრალური შუახაზელები იჩაგრებიან ხოლმე (თქვენის ნებართვით ტერმინ შუახაზელებს გამოვიყენებ და არა ნახევარმცელებს). ის ხალხი რომელიც ნაკლებად ჩანს ხოლმე, მაგრამ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ნებისმიერ გუნდში.

 

ცენტრალური შუახაზელი შეიძლება იყოს საყრდენი ("აპორნი," defensive), ან უკან დახეული გამთამაშებელი (deep lying playmaker), ან box to box (არ ვიცი როგორ ვთარგმნო. 

 

საყრდენის კარგი მაგალითი ალბათ მაკელელეა. მის გარეშე ვარსკვლავებით გადაჭედილი "რეალი" (რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ იდეალურ ნაკრებს) პაჭიკოს გარმონივით მოიშალა. რატომ დააიგნორეს "რეალის" ბოსებმა და არ შესთავაზეს ნორმალური კონტრაქტი? ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ საყრდენი იყო და არა შემტევი. "ბენტლის" საღებავის ახალი ფენის გადასმა ვერაფერს შემატებს, ძრავის ამოღება კი გააჩერებსო, უთხრა ზიდანმა პერესს როცა მაკელელეს გაშვებისა და ბექჰემის მოყვანის შესახებ გაიგო.

 

უკან დახეული გამთამაშებელი? ცხადია, ხავი და ინიესტა  (კიდევ პირლოც). ესპანეთი ვერასოდეს ვერაფერს იგებდა (1964 წლის ევროს ტიტულად არ მივიჩნევ იმის გათვალისწინებით თუ როგორ ტარდებოდა მაშინ ევროები) და 2008-2012 წლებში ყველაფერი მოიგო. რომელი რგოლი იყო ყველაზე ძლიერი ესპანეთის ამ ნაკრებში? რა თქმა უნდა, შუახაზი. თორემ თავდამსხმელი თითქმის არ ჰყოლია. დაცვა და მეკარე კარგი, მაგრამ არაფერი სასწაული. ეს უკვე ზოგადად შუახაზის მნიშვნელობაზე გვეუბნება ბევრს.

 

Box to box? ალბათ როი კინი - ფერგიუსონის პირველი უძლიერესი ფორმაციის "იუნაიტედის" ლიდერი. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალი მანჩესტერელებს წესით უნდა წაეგოთ, რადგან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებამდე ვერაფერს ახერხებდნენ და "ბაიერნს" ცოტა რომ გამართლებოდა მეტოქეს შანსს არ დაუტოვებდა. ცუდი თამაშის მიზეზი ის გახლდათ რომ "იუნაიტედს" არ ჰყავდა კინი და სქოულზი - ორი ცენტრალური შუახაზელი. დანაკლისი "ბაიერნსაც" ჰქონდა - ელბერი და ლიზარაზუ. მაგრამ მან ეს დანაკლისი (თავდამსხმელი და განაპირა მცველი) უფრო იოლად დააკომპენსირა და  90 წუთის განმავლობაში მანჩესტერელებს ფეხს არ ანძრევინებდა.

 

ყურადღება მიაქციეთ იმ ამბავს, რომ აქ მხოლოდ ცენტრალურ შუახაზელებზე ვსაუბრობთ. არ ვახსენებ გამთამაშებელს ან განაპირა შუახაზელს. არცერთ სხვა პოზიციაზე იმდენ ფუნქციას ვერ ნახავთ რამდენიც არის ცენტრალურ შუახაზში, რაც კიდევ ერთხელ მის მნიშვნელობაზე მეტყველებს. და მაინც, ამ პოზიციის მოთამაშეებს ძალიან დიდხანს აიგნორებდნენ ხოლმე. რატომ? იქნებ ადრე ფეხბურთი სხვანაირი იყო და მათ დიდი როლი არ ჰქონდათ? არა მგონია. იგივე ჩვენს "დინამოს" წარმატებულ პერიოდებში ყოველთვის ჰყავდა კარგი ცენტრალური შუახაზელი: გიორგი სიჭინავა, მანუჩარ მაჩაიძე, დარასელია, სულაქველიძე. ვიღაც დალოცვილმა იუთუბზე "ჰამბურგისა" და "დინამოს" შეხვედრა გამოდო (თითქმის მთლიანად). ნახეთ და წესით დამეთანხმებით რომ პირველივე ტაიმში სასტიკად წაგებისგან "დინამო" მაჩაიძემ გადაარჩინა.

 

ოქროს ბურთი უკვე ლამის 70 წელია რაც გაიცემა და ცენტრალურ შუახაზელებს სულ ხუთჯერ შეხვდა - თითოჯერ ლუის სუარესს, მასოპუსტს, გულიტს, მათეუსსა და მოდრიჩს. ხუთჯერ ეს პრიზი მარტო კრიშტიანუს აქვს მოგებული. ნუ, მესიზე უკვე არაფერს ვამბობ… რაშია საქმე? ალბათ ცენტრალური შუახაზელები ერთი შეხედვით, ზედაპირულად ისე კარგად არ ჩანან და მათ ვერ აფასებენ. მეკარე კარს იცავს, მცველი - საჯარიმოს, თავდამსხმელს გოლი გააქვს, გამთამაშებელი კი საგოლე პასს იძლევა. აი, ცენტრალური შუახაზელი ასეთს კონკრეტულს არაფერს აკეთებს. ალბათ მხოლოდ ეს იყო მიზეზი დაუფასებლობის. 

 

აქ იმას არ ვამტკიცებ, რომ სათანადოდ დაფასებულები არიან მცველები და მეკარეები. თუმცა, მცველებზე ოთხი (სულ რაღაც ერთით ნაკლები) ოქროს ბურთია გაცემული (ორი ბეკენბაუერზე, ერთი ზამერზე მისი მცველობის კარიერულ ეტაპზე და ერთიც კანავაროზე). მაშინ როცა ფეხბურთში უპირველესად მაინც შემტევები ფასდება, ეს არც ისე ცოტაა. 

 

წლევანდელ დაჯილდოებაზე მესიმ პირდაპირ თქვა რომ ლევანდოვსკის აუცილებლად უნდა მიეღო ოქროს ბურთი, ოღონდ… შარშან... 2016 წელს კი მოდრიჩმა თავის გამოსვლაში ხავი და ინიესტა ახსენა. ხორვატს აშკარად ესმოდა რომ მისი ოქროს ბურთი ამ ორის დამსახურებაც იყო. "ფრანს ფუტბოლს" აშკარად შერცხვა ასე რომ დაჩაგრა ცენტრალური შუახაზელები და პრიზის მოდრიჩისათვის გადაცემით იმ ორსაც მიაგო პატივი. 

 

სხვათა შორის, "ფრანს ფუტბოლმა" შარშან კიდევ ერთი გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა. ვგულისხმობ იმას რომ ჩაატარა ფეხბურთის ფანების ონლაინ გამოკითხვა და შეადგინა ყველა დროის იდეალური ნაკრები (უფრო სწორად ნაკრები გუნდები - სულ სამი გუნდი). გმირობის ტოლფასი რატომო, მკითხავთ. იმიტომ რომ ამჯერად ფეხბურთელები დასახელდნენ პოზიციიების მიხედვით და, ჰოი საოცრებავ, გუნდში ცენტრალური შუახაზელის ორი პოზიცია გამოინახა. პირველი გუნდი ასე გამოიყურება: იაშინი, კაფუ, ბეკენბაუერი, მალდინი, მათეუსი, ხავი, მარადონა, პელე, მესი, კრიშტიანუ, ფენომენი. 

 

აქ საინტერესო ისაა რომ პელე რატომღაც გამთამაშებლადაა განწესებული დიეგოსთან ერთად. მეორე გუნდში კი კრაიფი თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენეს. მაგრამ არა უშავს. იმედია, ყველა დასაფასებელი თანდათანობით დაფასდება. წელს კი ცენტრალურს შუახაზელებს ოქროს ბურთი ალბათ არ ეკუთვნოდათ. კანტემ ჩემპიონთა ლიგაზე უმაგრესად ითამაშა, მაგრამ მერე იმის მერე ბევრი ვერაფერი. ჟორჟინიო კი უფრო სტაბილური იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ დონეზეც არ უთამაშია ოქროს ბურთი მიეღო. ჯერჯერობით ვერც მოდრიჩთან მივა ახლოს და ვერც მათეუსთან (ხავისა და ინიესტაზე არაფერს ვამბობ). მითუმეტეს ვერ მივა… ვერანაირად ვერ მივა მესისთან", - წერს თორნიკე შარაშენიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ