არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 3 აგვისტოს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან ფულადი გზავნილების "ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული", ხოლო საქართველოდან რუსეთში ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი კი – შემცირებულია.
კერძოდ, კვლევაში 2022 იანვარ-ივნისის მდგომარეობით საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემებია გაანალიზებული.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ თუ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევა რეალობას შეესაბამება, მაშინ ეს ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება. ხოლო, საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, რომ კვლევის თანახმად, თუ რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ეს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის კარგი იქნება.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს, მათი შეფასებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევა სუფთა პოლიტიკური მოტივითაა გაჟღერებული. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს და უფრო მეტიც, ქვეყანას ენერგეტიკის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთზე ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება აქვს.
რამდენად საგანგაშოა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა და არის თუ არა საქართველო მართლაც რუსეთზე ეკონომიკის მხრივ დამოკიდებული ქვეყანა? - ამ საკითხთან დაკავშირებით, "ჯორჯიან თაიმსი" ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
როგორც დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ კვლევას არანაირი შეხება არ აქვს იმ სიტუაციასთან, რაც ქვეყანაში და მსოფლიოშია. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო ქვეყანაა, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რუსეთზეა დამოკიდებული.
"საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნული კვლევის ხასიათი არაპროფესიონალური, აბსოლუტურად იდეოლოგიზირებული და პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული. ასევე, კვლევას არანაირი რეალობა არ აქვს პრაგმატიზმთან. კიდევ უფრო მეტიც, - არანაირ შეხებასთან არ მოდის იმ სიტუაციასთან, რაც ქვეყანაში და მსოფლიოშია. საქმე ისაა, რომ დღეს, რუსეთი ოფიციალური სტატუსით ქვეყნის ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო პოლიტიკურად რუსეთზეა დამოკიდებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ესეც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თურქეთზე პოლიტიკურად არის დამოკიდებული.
ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირება მის სატელიტ ქვეყნებში აისახება ამ იდეოლოგიური წნეხით, რომლის თანახმადაც, თითქოს ჩვენ არ უნდა გვქონდეს მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება, მაშინ ვისთან უნდა გვქონდეს?!" - ამბობს ეკონომისტი.
"ჯორჯიან თაიმსის" კითხვაზე, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის გარდა სხვა რომელი ქვეყნის სავაჭრო ბაზრის გახსნა იქნებოდა ქვეყნისთვის მომგებიანი და რა კრიტერიუმები განსაზღვრავს სხვა ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, - დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, თუმცა საქართველოსთვის ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უმნიშვნელოა და ამას პოლიტიკა კი არა, რეგულაციები და ლოგისტიკა განსაზღვრავს.
"მოგეხსენებათ, ევროკავშირის ბაზარი მსოფლიოში უდიდესია და საქართველოს თავისი დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკით იქ არაფრის შეტანა არ შეუძლია. სასოფლო- სამეურნეო პროდუქციას და ღვინოს რაც შეეხება, გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციით არის ევროპული ბაზარი გაჯერებული, ვიდრე -სხვა რომელიმე. ასე რომ, საქართველოში აბსოლუტურ მაჩვენებლებში უმნიშვნელოა ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ამას პოლიტიკა კი არა, რეგულაციები და ლოგისტიკა განსაზღვრავს.
საქართველოს ახლომახლო კი, რუსეთის ბაზარი ლოგისტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მასთან ვაჭრობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული. ასევე, როგორც იცით, ჩვენ ძალიან სუსტი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ამ ქვეყნებთან ურთიერთობა თითქმის ცალმხრივია. ასევე, ჩვენ არასაკმარისი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს აღმოსავლეთ ქვეყნებთან. სწორედ, ამ არასაკმარისი ორიენტაციისა და ყალბი იდეოლოგის გამო ჩავიციკლეთ, რომ თითქოს რუსეთთან, ან სხვა ქვეყანასთან ვაჭრობა, რომელიც დასავლეთისთვის მიუღებელია, ეს საქართველოს რაღაცით ვნებს. მინდა გითხრათ, რომ არაფრით არ ვნებს... უბრალოდ, ეკონომიკა ასეთია და აქ პრაგმატიზმი და შედეგი განსაზღვრავს ყველაფერს.
რატომ ამერიკის ბაზარზე არ გვიშვებენ, რუსეთის ბაზრის ნაცვლად?! - მოდი, რუსეთის ბაზარი მთლიანად ჩავკეტოთ, ამერიკული უზარმაზარი ბაზარი კი საქართველოსთვის გაიხსნას და რასაც რუსეთში ვყიდით, ყველაფერი ამერიკაში წავიღოთ... ანუ, რატომ ვართ იძულებული, ან რატომ არის შედეგის მომცემი რუსეთთან ვაჭრობა? რატომ არ გვეხმარებიან ამერიკელები წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით?! - აი, ამ კითხვებზე როცა გასცემს პასუხს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია პასუხს, შემდეგ ექნება აზრი ყველაფერს.
ასე რომ, კვლევა, რომელიც მათ მიერ გამოქვეყნდა, არის წმინდა წყლის ბოლშევიკური სვლა. უბრალოდ, ტერმინოლოგია სხვადასხვაა, თორემ იგივე ტოტალიტარული აზროვნებითა და იგივე იდეოლოგითაა გაკეთებული. ამიტომ, ჩემთვის ასეთ კვლევებს, მით უმეტეს, ასეთი ორგანიზაციებისგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
გამოცემის კითხვაზე, კვლევის თანახმად, მარტის შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ეკონომიკური თვალსაზრისით კი, რამდენად მისაღებია, რომ ქვეყანაში დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით ამდენი რუსული კომპანია არსებობდეს? - გიორხელიძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული ესა თუ ის კომპანია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
"რუსი მოქალაქეების მიერ ფირმების/კომპანიების საქართველოში დარეგისტრირებას შედეგის მეტი არაფერი შეიძლება, რომ მოყვეს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ არსებობს. ემიგრანტების მიერ კომპანიების დარეგისტრირება საქართველოს კანონმდებლობას ემორჩილება და არ მგონია, რომ მათ მიერ დარეგისტრირებულმა კომპანიებმა წაგებაზე იმუშაონ. მოგებაზე მომუშავე ფირმა კი ყველასთვის სასარგებლო იქნება," - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება კითხვას,- რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ხომ არ ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული, - ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ კარგი იქნება, რომ პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელმაც რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა, პირნათლად შეასრულოს ვალდებულება და მხოლოდ ამის შედეგ გამოთქვან მათ საქართველოს მისამართით ესა თუ ის პრეტენზია.
"მოდი ასე ვიტყვი, ამერიკამ და ევროპამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები დაიცვან, შეწყვიტონ რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა და მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრან თავიანთი პრეტენზიები! როგორც იცით, ამერიკამ და ევროპამ რუსეთის მიმართ არაერთი სანქცია დააწესეს, მაგრამ დატოვეს მხოლოდ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაპრალები და ახლა, თურმე საქართველო სანქციების გვერდის ამვლელი ქვეყანაა. ასე რომ, ჯერ თვითონ დაიცვან დაწესებული სანქციები და აი, ამის შემდეგ გვითხრან პრეტენზიები. უფრო მეტიც, საერთოდ შეწყვიტონ რუსეთთან ვაჭრობა," - ამბობს დემურ გიორხელიძე "ჯორჯიან თაიმსთან."
/ თეო მჟავანაძე /
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge