დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

კლინიკის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა 08.08.2022 13:00

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

 

როგორც პროკურორი ეკა ჭაავა განმარტავდა, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე არსებობდა, რის გამოც, მის მიმართ პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე მხარეებს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის.

 

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 10 000-ლარიანი გირაო უნდა შეფარდებოდა. ამასთან, ადვოკატი კახა შონია აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულის შეშინების მიზნით, 2 მეტრის სიშოროდან ესროლა. ადვოკატი თეიმურაზ ბეჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ მას ინფარქტი ორჯერ ჰქონდა გადატანილი და რომ ის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებდა.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ