დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება" 10.08.2022 13:10

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

პოლიტიკური მიმომხილველებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი ტრამპის სახლის 9 საათიან ჩხრეკას, რომელშიც ათეულობით ფედერალი მონაწილეობდა, დემოკრატებისათვის არახელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს: საქმე იმაშია, რომ მომავალი შუალედური არჩევნებისათვის, რომელიც ნოემბერში გაიმართება,  რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების 90%-ში ტრამპის მომხრე კანდიდატებმა მიაღწიეს წარმატებას, ამიტომ უდიდესი ალბათობით ტრამპს საკმაოდ ძლიერი „დესანტი“ ეყოლება კონგრესსა და სენატში. ასევე ნიშანდობლივია, რომ რესპუბლიკური პარტიის 65% მხარს უჭერს ტრამპის წარდგენას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ როცა ჯო ბაიდენი ანტი-რეკორდებს ხსნის - მის წარდგენას 2024 წელს დემოკრატების 75% ეწინააღმდეგება. 

 

ასეა თუ ისე, ჩხრეკის ამ უპრეცედენტოდ სკანდალურ ფაქტს (აქამდე არც ერთი ექს-პრეზიდენტისთვის მსგავსი რამ არასდროს გამოყენებულა)  ამერიკელთა დიდი ნაწილი ტრამპზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ხოლო თავად რესპუბლიკური პარტიისა და განსაკუთრებით ტრამპის, რომელსაც მკვახე ტონი არავისგან ესწავლება,   შეფასებებით -  ეს უოტერგეიტის სკანდალს არაფრით ჩამოუვარდება.  ტრამპი თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ არ შეეგუონ ქვეყნის, არც მეტი, არც ნაკლები „უკრაინიზაციას“; 

 

იგი აღნიშნავს, რომ მასზე მსგავსი შეტევა პირადად ჯო ბაიდენის მიერაა ორგანიზებული და უკავშირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს, არამედ ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის მძიმე კორუფციაში  , მათ შორის ამ უკანასკნელის უკრაინასა და რუსეთში „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებითაც, მხილების გამო მამის შურისძიებას.

 

პოლარიზაციის ხარისხი აშშ-ში მართლაც პიკს აღწევს. ტრამპის წინააღმდეგ ეს შეტევა, რაც  ერთდროულად „უოტერგეიტი 2“-ად და „უკრაინა 2“-ადაც ფასდება, ამ პოლარიზაციის დასტურია.  „უკრაინა 2“-ად ეს შეტევა იმიტომაც ფასდება, რომ პოლიტიკური ველის გასუფთავება მოწინააღმდეგეებისაგან თითქოსდა იგივე მეთოდებით წარმოებს, რაც უკრაინისათვისაა დამახასიათებელი. აქ როგორც მიმომხილველები, ისევე უწინარესად, თავად ტრამპიც მიუთითებს აშკარა პარალელებზე, როცა მას პრორუსულობაში "ნიუ-უკრაინული" სტილით, ყოვლად უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს და ასევე, იყენებენ თითქმის იგივე მეთოდებს, რასაც მაგ. თავის დროზე თუნდაც ვიკტორ იანუოკოვიჩი იულია ტიმოშჩენკოს წინააღმდეგ იყენებდა.  

 

პოლარიზაციის უკიდურეს ხარისხზე და სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებს შორის აბსოლუტურ შეურიგებლობაზე მეტყველებს ტრამპის ეს მძაფრი  სიტყვებიც: 

 

„ასეთი თავდასხმა შეიძლება განხორციელებულიყო არა დემოკრატიულ ქვეყანაში, არამედ მესამე სამყაროს დაქცეულ ქვეყანაში. ამერიკა ახლა სწორედ ასეთი, მესამე სამყაროს ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში აქამდე არნახული კორუფცია ანგრევს.“

 

ტრამპის წინასაარჩევნო სტრატეგია ამ შუალედურ არჩევნებში ისედაც მკვეთრი და შეურიგებელი გახლდათ, რადგან  აგებული იყო დემოკრატების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კრახად წარმოჩინებაზე:   რომ არა რადიკალი მემარცხენე დემოკრატები  და ჯო ბაიდენის დამღუპველი პოლიტიკა, არ გვექნებოდა არც რეკორდული ინფლაცია, არც სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, ვერც პუტინი გაბედავდა უკრაინაში ომის დაწყებას, ასევე თავიდან ავიცილებდით ჩინეთთან დღევანდელ საშიშ დაძაბულობასაო - ამტკიცებენ ტრამპი და მისი მომხრეები. ყოველივე ამას კი წინასაარჩევნოდ გამოწერილივით,  დაემატა  ეს სუპერ-სკანდალიც - ტრამპის ჩხრეკა, რომლის სამართლებრივი მიზანიცაა ტრამპს ბრალი წარუდგინონ თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ  გატანასა და ამაზე დაყრდნობით, შეუზღუდონ მას 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა. 

 

მოკლედ: აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების და რყევების გარეშე უკვე წარმოუდგენლად გამოიყურება. ხოლო ეს ყველაფერი, ბუნებრივია - მთელს მსოფლიოზეც აისახება. ნოემბრის არჩევნები ამ თვალსაზრისით შეიძლება გადამწყვეტი გახდეს, როგორც  ბიფურკაციის კრიტიკული წერტილი, რამაც აშშ-ს და მსოფლიოს მომავალი უნდა განსაზღვროს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ