დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"პოლონეთი იმუქრება, რომ „ყველა ქვემეხს“ ევროკავშირისკენ მიაბრუნებს" 10.08.2022 16:38

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) პოლონეთის ევროპულ პოლიტიკას ეხება და ყურადღებას ამახვილებს ვარშავის კონფრონტაციაზე ევროკომისიასთან, უფრო ზუსტად კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. სტატიის სათაური „პოლონეთი იმუქრება, რომ „ყველა ქვემეხს“ ევროკავშირისკენ მიაბრუნებს და ეროვნული კანონების უზენაესობას დაიცავს: მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს დაამხობს“ (ავტორი - ჯონ ჰენლი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

ევროკომისია პოლონეთისაგან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება, რომ ვარშავამ თავისი ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთისადმი იმ ფინანსური დახმარების (35 მილიარდი ევროს ოდენობით) გამოყოფა გაჭიანურდება, რომელიც პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისკენაა მიმართული. მაგრამ პოლონელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გაკეთდა, ამიტომ ისინი მეტად არაფერს აღარ შეცვლიან და პირიქით, ბრიუსელს უჩივლებენ „სადაც ჯერ არს“. ვარშავაში ასევე ამბობენ, რომ ევროკავშირის სხვა უკმაყოფილო ქვეყნებსაც შეუთანხმდებიან და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაამხობენ.

 

პოლონეთის ნაციონალ-კონსერვატიულმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა თავისი რიტორიკა ბრიუსელთან დაპირისპირებაში. ახლა ვარშავა ბრიუსელს ემუქრება, რომ „ყველა ქვემეხს ევროკომისიისაკენ შეაბრუნებს“, „სროლას აუტეხავს“ და თუ საჭირო გახდება, შექმნის კოალიციას ევროკომისიის პრეზიდენტის შესაცვლელად. ასე, მაგალითად, მმართველი პარტიის („სამართალი და სამართლიანობა“) გენერალურმა მდივანმა ქშიშტოფ სობოლევსკიმ, ეროვნული რადიოთი გამოსვლისას,  განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირი პოლონეთის კედელთან მიყენებას შეეცდება, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩება იმის გარდა, რომ ბრიუსელის წინააღმდეგ მთელი ჩვენი არსენალი მივმართოთ და პასუხი გავცეთ პრინციპით „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. 

 

პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფული გამოყოფილი არ იქნება, პოლონეთი ბრიუსელს სასამართლოში უჩივლებს, ვეტოს დაადებს ევროკავშირის ინიციატივებს და შექმნის უკმაყოფილო ქვეყნების ალიანსს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას მოაშორონ.

 

მანამდე კი პარტიის თავმჯდომარემ იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ვარშავამ ევროკავშირის წინაშე თავისი ვალდებულებები შეასრულა: „ჩვენ კეთილი ნების მაქსიმუმი გამოვამჟღავნეთ, მაგრამ ჩვენმა დათმობებმა შედეგი არ გამოიღო. დროა დასკვნები გავაკეთოთ“.

 

ვარშავა და ბრიუსელი უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა საკითხებზე დავობენ. მაგალითად, ევროკავშირი პოლონეთისაგან ითხოვს, რომ ვარშავამ ჯერ გადაწყვეტილებები მიიღოს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ფულს გამოუყოფს. ბრიუსელი თვლის, რომ პოლონეთის ამჟამინდელმა მთავრობამ სასამართლოს დამოუკიდებელი სტატუსი გაანადგურა. 

 

მართალია, ვარშავა გარკვეულ დათმობაზე წავიდა - შეაჩერა ზოგიერთი სადაო რეფორმა, დაითხოვა სადისციპლინო სასამართლო პალატა, რომლის შემადგენლობა და საქმიანობა დავას იწვევდა, მაგრამ ევროკავშირისთვის ეს ცოტაა: ურსულა ფონ დერ ლაიენმა  განაცხადა, რომ რადგან მთავრობამ გაუქმებული პალატა სხვა მსგავსი პოლიტიკურ-მაკონტროლებელი ორგანოთი უნდა შეცვალოს, ეს ნიშნავს, რომ პოლონეთში პროგრესი არ შეიმჩნევა. ესე იგი, ვარშავა დახმარების პირველ ტრანშს ვერ მიიღებს.

 

იაროსლავ კაჩინსკის თქმით, პოლონეთი მეტს აღარაფერს არ გააკეთებს: „ბრიუსელი პოლონეთის ეროვნული მართლმსაჯულების წინააღმდეგ გამოდის და სურს, რომ ჩვენი სისტემა მთლიანად გერმანული გახდეს, გერმანიას დაუმორჩილოს... პოლონეთი არ ეწერება ევროპის მართვის  გერმანულ-რუსულ გეგმებში“, - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე (ამით კაჩინსკი მიანიშნებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ეროვნებით გერმანელი პოლიტიკოსია, გერმანელი პოლიტიკოსები პრორუსულობას ამჟღავნებენ - ს.კ.).

 

გამოკითხვები ადასტურებს, რომ პოლონელების უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირის წევრად დარჩენა სურს, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები ამომრჩევლებს აფრთხილებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით ქვეყანა შეიძლება ევროკავშირიდან გარიცხონ.

 

იაროსლავ კაჩინსკის მტკიცებით, პოლონური ოპოზიცია ბრიუსელს გაურიგდა და ერთად მოქმედებენ. თავის მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკოსი გჟეგოჟ სხეტინა ტვიტერში წერს: არავის სერიოზულად არ შეხედავს იმ ადამიანს, რომელიც პოლონელებს სიღარიბეს, უკანონობას, [დემოკრატიული] სასამართლოს განადგურებას და.. [„პოლექსიტს“] უმზადებს“.


წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ