დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მიიღეთ ცნობად „ემნისტის“ შეტყობინება და მას ლანძღვას ნუ დაუწყებთ" 12.08.2022 16:10

„მიიღეთ ცნობად „ემნისტის“ შეტყობინება და მას ლანძღვას ნუ დაუწყებთ“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - პოლ ტეილორი, მთავარი რედაქტორი). მასში განხილულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ემნისტი ინტერნეიშენალის“ („საერთაშორისო ამნისტიის“) წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა და ამ კრიტიკის მიზეზები.

 

როგორც ცნობილია, Amnesty International-მა მოამზადა მოხსენება, რომლის თანახმად, უკრაინის არმია რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის დროს ომის წარმოების კონვენციებს არღვევს და სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის - საბრძოლო ქვედანაყოფებს და ტექნიკას სკოლების, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი შენობების ტერიტორიებზე განალაგებს, მოწინააღმდეგე მხარე კი მათ ბომბავს, ცეცხლს უხსნის და ანადგურებს.

 

ოფიციალურ კიევს და ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს მოხსენება არ ესიამოვნა და „ემნისტი ინტერნეიშენალს“  კრიტიკა დაუწყეს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

„ემნისტი ინტერნეიშენალისათვის“ კრიტიკა და მისი გაკეთებული დასკვნების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ახალი არ არის. თავისი არსებობის 60 წლის განმავლობაში ორგანიზაცია ნათელს ჰფენდა ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ არაადამიანურ ქმედებებს; ორგანიზაცია, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა, არ მოსწონდათ „ძლიერთა ამა სოფლისა“, რომლებიც სიტყვით თითქოსდა დემოკრატიის პრინციპებს იცავდნენ, საქმით კი არღვევდნენ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების დროს.

 

დღეს „ემნისტის“ ბრალს სდებენ იმაში, რომ ის „მსხვერპლს“ - უკრაინას ადანაშაულებს და რუსეთის პრეზიდენტისათვის „სასარგებლო იდიოტის“ როლს ასრულებს - იმიტომ, რომ მან გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც უკრაინის არმიის მოქმედებაა გაკრიტიკებული. და ეს ხდება იმ დროს, როცა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინა აგრესორ რუსეთს გმირულად უმკლავდება. განა ახლა უკრაინის მიმართ რაიმე ცუდის თქმა შეიძლება?

 

მოდით საკითხში სინათლე შევიტანოთ: ზოგიერთებს გავახსენებთ, რომ ომის დაწყებისთანავე „ემნისტი ინტერნეიშენალი“ დაუნდობლად და მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, დოკუმენტურად აღრიცხავდა რუსული ავიაციის მიერ დანგრეულ საცხოვრებელ შენობებს, აგროვებდა ფაქტებს და მტკიცებულებებს რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ, გმობდა სამოქალაქო და მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების ბლოკირებას, რასაც რუსები აკეთებდნენ საომარი მოქმედებების ზონაში. ასეთი საქმიანობის გამო რუსეთის მთავრობამ „ემნისტი ინტერნეიშენალის“ მიმართ რეპრესიები განახორციელა - აპრილში მას ჯერ „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიანიჭა, შემდეგ კი, სხვებთან ერთად, საერთოდ დახურა მოსკოვის ოფისი და თანამშრომლები უმუშევრად დატოვა.

 

და ამ ფონზე, „ემნისტის“ მიერ მომზადებულმა ერთადერთმა მოხსენებამ, რომელშიც უკრაინის არმიაა გაკრიტიკებული, კიევში და დასავლეთში მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია და საქმე იქამდე მივიდა, რომ ორგანიზაციის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ოქსანა პოკალჩუკი გადადგომაზე აიძულეს. დასავლელმა კრიტიკოსებმა მოხსენება „რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმად“ შეაფასეს - ანუ პრორუსულად და ანტიდასავლურად. 

 

მაგრამ მოხსენების ზედაპირული გადახედვითაც კი დავრწმუნდებით იმაში, რომ Amnesty International-ის დადანაშაულება პრორუსულობაში ნონსენსია. ყოველმა საკუთარი თავის პატივმცემელმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ თანმიმდევრულად, ობიექტურად და თანაბრად უნდა გამოიყენოს სტანდარტები კონფლიქტის ყველა მხარის მიმართ, თვალი არ უნდა დახუჭოს იმ უკანონობაზეც, რომელიც „ჩვენი კაცის“ მიერ არის ჩადენილი.

 

როცა „ემნისტმა“ საქვეყნოდ გამოააშკარავა ადამიანის უფლებების დარღვევები მიანმაში, ირანში და კუბაზე „სინდისის პატიმრების“ მიმართ, დასავლელი პოლიტიკოსები კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ როცა გუანტანამოს საპყრობილეში 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილებზე უკანონო  ზემოქმედების ფაქტები გამოამჟღავნა, ამისათვის ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა დაიმსახურა. მსგავსი სიტუაცია იყო ისრაელის მოქმედებაზე პალესტინელების მიმართ. იმ დროს „ემნისტი ინტერნეიშენალს“ ორმაგი თამაში და ფაქტების დამახინჯება დააბრალეს, მაგრამ შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ მასალებში ობიექტურობის პრინციპი დაცული იყო. 

 

Amnesty International-ის მოხსენება უკრაინის შესახებ შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობდეს უკრაინის მთავრობას და მის დასავლელ მოკავშირეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები გამოგონილია ან არაზუსტი და დამახინჯებული. არცერთი სახელმწიფო, ისიც კი, ვინც მტრის თავდასხმის ობიექტი გახდა, ომის დროს უმწიკვლო და იდეალური არ არის.

 

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მკვლევარებმა მრავალრიცხოვანი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინეს, როცა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები განლაგებულნი იყვნენ სკოლებისა და საავადმყოფოების შენობებში და ნებით თუ უნებლიედ რუსეთის არმიის ცეცხლს იწვევდნენ, რითაც სამოქალაქო და მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ. გასაგებია, რომ რუსეთის არმიის მოქმედების გამო, რომლებმაც ქალაქები დაიკავეს, უკრაინელ მეომრებს ხშირად სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ, მაგრამ „ემნისტი“ აღნიშნავს, რომ მათ მანამდე, სანამ შენობებში შევიდოდნენ, ადგილობრივი არაკომბატანტების ევაკუაცია უნდა მოეხდინათ.

 

ნორმალური რეაგირება კრიტიკაზე, ალბათ, ის უნდა ყოფილიყო, რომ უკრაინის არმია და ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულად მიდგომას მოახდენდა მოხსენებაში არსებული ფაქტებისა და დასკვნების მიმართ, იმუშავებდა სიტუაციის გასაუმჯობესებლად, არმიას დაეხმარებოდა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში და არა ისე, როგორც ახლა აკეთებს: აკრიტიკებს მართლისმთქმელს და „მზად არის მას კიდეც ესროლოს“.

 

პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისათვის უკეთესი იქნებოდა იმის აღიარება, რომ [ომის პირობებში] თვით გმირი დამცველებიც კი ზოგჯერ სცდებიან. მისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ სანამ იტყოდა - „ემნისტი ინტერნეიშენალი“ ტერორისტულ სახელმწიფოს ამნისტიას უცხადებს და აგრესორს მსხვერპლად  წარმოაჩენსო“, მანამ მას მოხსენებაში ასახული ფაქტები გულთან ახლოს მიეტანა და მათზე დაფიქრებულიყო.

 

დღეს იმედს გვაძლევს ის, რომ არის ხელისუფლების ობიექტური და წინდახედული მოქმედების გარკვეული ნიშნები: კიევი დაბეჯითებით სთხოვს სამოქალაქო მოსახლეობას დატოვოს საომარი მოქმედებების ზონა სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში, სადაც, სავარაუდოდ, დიდი ბრძოლები განვითარდება.

 

აუცილებელია ისიც ითქვას, რომ „ემნისტი ინტერნეიშენალი“ კრიტიკის მიღმა არ დგას და პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს. ბოლო წლებში ორგანიზაციამ შიდა სტრუქტურებში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა, განახორციელა რეფორმა - დეცენტრალიზების მიზნით, უფლებამოსილება შეუმცირა თავის მმართველ ორგანოს - საერთაშორისო სამდივნოს, ლონდონში და ა.შ.

 

უკრაინამაც კრიტიკას ანალოგიურად უნდა უპასუხოს. მისი დასავლელი მოკავშირეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდები, რომელიც უკრაინის ანგარიშებზე ირიცხება, ხმარდება როგორც მისი არმიის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, ასევე სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.

 

უკრაინისადმი დასავლეთის საზოგადოების მხარდაჭერა რომ შენარჩუნდეს, კიევმა კრიტიკას კონსტრუქციულად უნდა უპასუხოს და არა ისე, რომ „ემნისტი ინტერნეიშენალს“ პირი აუკრას და მისი დასკვნების დისკრედიტაცია მოახდინოს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ