დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახდება თუ არა თურქეთი ŞİÖ-ისა და BRİCS-ის წევრი? 12.08.2022 16:33

„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ŞİÖ - Şanghay İşbirliği Örgütü - თურქულ ენაზე) წევრი ქვეყნების სამიტში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში უზბეკეთში, სამარყანდში უნდა გაიმართოს. მას ეს თავისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა სოჭში შეხვედრის დროს შესთავაზა“, - ნათქვამია თურქულ გაზეთ Dik Gazete-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გახდება თუ არა თურქეთი ŞİÖ-ისა და BRİCS-ის წევრი?“ (ავტორი - ილბერ ვასფისელი).

 

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (შთო-ŞİÖ) მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც შედიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ინდოეთი და პაკისტანი. სექტემბრის სამიტის დროს ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად უკვე ირანსაც მიიღებენ. დედამიწის მოსახლეობის 50% სწორედ შთო-ს წევრ ქვეყნებშია, ხოლო მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტში მათი წილი 32%-ს წარმოადგენს.

 

ამას წინათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ცნობილი გახდა, რომ თურქეთი BRICS-ში გაწევრიანების შესაძლებლობასაც განიხილავს. როგორც ამ საერთაშორისო ფორუმის პრეზიდენტმა პურნიმა ანანდმა განაცხადა, 2023 წელს დაგეგმილია BRICS-ში თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მიღება.

 

ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. კულუარებში ამბობენ, რომ ეს საკითხი რეჯეფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სოჭის სამიტის დროს განიხილეს.
რას ნიშნავს დღეს BRICS-ის ფორუმი და რომელი ქვეყნები მონაწილეობენ მასში? BRICS - ეს არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. BRICS - ეს არის დედამიწის მოსახლეობის 42%, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 27% და პლანეტის ტერიტორიის 26%. BRICS-ის ჩარჩოებში სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად უკვე შექმნილია 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით, რომლის მოცულობა სამომავლოდ კიდევ გაიზრდება. BRICS-ის წევრობის სურვილი გამოხატეს ირანმა და არგენტინამ. 


რა თქმა უნდა, თურქეთის BRICS-ში წევრობას მხარს რუსეთი უეჭველად დაუჭერს. ჩინეთიც დაინტერესებულია იმით, რომ ბლოკს რაც შეიძლება მეტი გავლენიანი მოთამაშე შეუერთდეს. როგორც ჩინელმა ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა თავის გამოსვლაში, აუცილებელია ახალი წევრების - თანამოაზრეების - მიღების პროცესის დაჩქარება, რის შედეგადაც ორგანიზაციის ავტორიტეტი და გავლენა გაიზრდება.

 

გასაკვირი არ არის, რომ BRICS-ს ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების ფონზე დასავლეთის ქვეყნები გარკვეულ შეშფოთებას გამოხატავენ: მათ არ მოსწონთ, რომ თურქეთი დაინტერესებულია იმ ორგანიზაციაში შესვლით, სადაც წამყვან როლებს რუსეთი და ჩინეთი ასრულებენ.

 

რა თქმა უნდა, დასავლეთი, უპირველესად კი აშშ, თავის მხრივ, ცდილობს საპასუხო მოქმედებები განახორციელოს როგორც აზია-წყნარი ოკეანის, ასევე ინდოეთის ოკეანის რეგიონებში. ვაშინგტონმა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და რიგი სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახორციელებს პროექტებს ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში (მაგალითად, AUKUS და QUAD). ვაშინგტონი არ მალავს, რომ მას ჩინეთის იზოლაციაში მოქცევა სურს.

 

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთს მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს ევრაზიის კონტინენტზე - აზიასა და ევროპას შორის. სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი როლი ევროპისა და აზია-წყნარო ოკეანის ბაზრების დასაკავშირებლად, რომლის წილი, ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისათვის მსოფლიოს მშპ-ის 70% იქნება.

 

გლობალური მოვლენების ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე ეკონომიკურ ომში გამარჯვებული პეკინი გამოვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის როლს მსოფლიოს ეკონომიკაში.  და არ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი იმისა, რომ შრომის გლობალურ დანაწილებაში თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს. ამ კონტექსტში პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის კურსი ŞİÖ-ისა და BRİCS-სთან  ინტეგრაციის მიზნით, შეიძლება ითქვას, რომ სწორი და შორსმხედველურია.

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ