დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"დიდი ხანია ხარკოვზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა"- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან 16.08.2022 10:38

რუსეთ-უკრაინის ომის 173-ე დღე

 

რუსული ძალები ბახმუტსა და ავდიივკასთან შეტევას ახორციელებენ, ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა ბახმუტის, სოლედარის, შუმის, ბელოგოროვკას, კონსტანტინოვკას, იაკოვლევკასა და ზაიცევოს დასახლებების ტერიტორიებს. „მტრის ქვედანაყოფებმა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ჩაატარეს ვლადიმეროვკა - ბახმუტსკოესა და სტრიაპოვკა - სოლედარის მიმართულებებით, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები უკუაგდეს. პოკროვსკოე - ბახმუტსკოესა და გორლოვკა - ჟელეზნოიეს მიმართულებებით სამხედრო ოპერაციები გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გენშტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით მოწინააღმდეგემ არტილერიიდან დაბომბა კრასნოგოროვკას, სპარტაკის და ნეველსკოეს რაიონები. შეტევას ახორციელებს სტარომიხაილოვკა-ნეველსკოეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

 

„სლავიანსკის მიმართულებით, დამპყრობლებმა გრუშუვახასა და ვერნოპოლიეს მახლობლად ცეცხლი გახსნეს. მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები აღნიშნული მიმართულებით ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად ზომებს იღებენ. კრამატორსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბვა განახორციელა სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან კრამატორსკის, სპოენოესა და ივანო-დარიევკას მახლობლად. შეტევას ახორციელებს ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა-ივანო-დარიევკას მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

 

ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა გაისმა.

 

მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს.


"ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა - ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა“,- აცხადებს მერი.

 

მისივე თქმით, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

 

უკრაინელმა დამცველებმა სამხრეთის მიმართულებით 23 ოკუპანტი, მტრის ორი საყრდენი პუნქტი, იარაღი და აღჭურვილობა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

„მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას ოკუპირებული თავდაცვის ხაზის გასწვრივ. მის შემადგენლობასა და პოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. დღის განმავლობაში, არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით, იგი ცდილობდა შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, რათა გაეუმჯობესებინა ტაქტიკური პოზიცია ნოვოგრიგორიევკასა და ბელოგორკას მიმართულებებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, აგრესორები აგრძელებენ დასახლებების დაბომბვას. ველიკაია კოსტრომკა და ნიკოლაევი „ურაგანებით“ დაბომბეს, მარგანეცის რაიონი - კი „პიონის“ ტიპის მძიმე არტილერიით.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ნოვოპეტროვკასა და მაქსიმოვკაში მტრის ორი საყრდენი პუნქტი, იარაღი და აღჭურვილობა გაანადგურეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გაანადგურეს 23 ოკუპანტი, 152 მმ-იანი ჰაუბიცა, შვიდი ჯავშანმანქანა და ერთი ავტომობილი. ამასთან, სუხოი სტავკაში მტრის საბრძოლო მასალის მომარაგების პუნქტი განადგურდა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

 

ლატვიამ უკრაინას კიდევ 6 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, M109, გადასცა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.

 

„კიდევ 6 M109 ჰაუბიცა, რომელიც ახლახან შემოვიდა უკრაინაში ლატვიიდან, უკვე აჩვენებს შედეგებს ბრძოლის ველზე. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი ლატვიელი კოლეგის, არტის პაბრიკსის და ლატვიელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“- წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 

შეგახსენებთ, M109 ტიპის ამერიკული ჰაუბიცები უკრაინას მანამდე გაერთიანებულმა სამეფომ, ნორვეგიამ და სხვა ქვეყნებმაც გადასცეს.

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ელის.

 

„ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. დღეს შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

"რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებისა და თემებს, რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის აღნიშნული ქმედებები ცხადყოფს, რომ ის უარყოფს 42 ქვეყნის მოთხოვნას, რომლებმაც რუსეთს ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს.

 

„ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა თავისი ძალები ატომური ელექტროსადგურიდან. კერძოდ, ეს ქვეყნებია : თურქეთი, საქართველო, გაერთიანებული სამეფო, კორეა, იაპონია, ავსტრალია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ინციდენტი ბევრ ქვეყანაზე მოახდენს უარყოფით ზეგავლენას.

 

„ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე. თუ რუსეთის ქმედებები კატასტროფას გამოიწვევს, შედეგებმა შეიძლება დააზარალოს ისინიც, ვინც აქამდე დუმს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება.

 

„დისკუსიებიდან და მოწოდებებიდან რუსეთის, „როსატომისა“ და მთელი ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ, მკაცრ სანქციებზე უნდა გადავიდეთ. რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დატოვონ ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორიები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, თუ ახლა მსოფლიო არ გამოიჩენს საკმარის ძალასა და მონდომებას, დაიცვას ერთი ატომური ელექტროსადგური, ეს ნიშნავს, რომ ის წააგებს, წააგებს ტერორისტებთან და დაემორჩილება ბირთვულ შანტაჟს.

 

„ეს შეიძლება იყოს პრეცედენტი, რომელსაც სხვა ტერორისტები ნახავენ. ამ დამარცხების თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ