დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„პუტინის საომარი მოქმედებები ევროპაში პანიკას თესავს" -The Guardian 16.08.2022 16:23

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პუტინის საომარი მოქმედებები ევროპაში პანიკას თესავს. უკრაინა ზურგიდან დარტყმას უნდა ერიდოს“, რომლის ავტორია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი და პუბლიცისტი საიმონ ტისდოლი.

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე დასავლეთმა კიევისათვის დახმარების გაწევა დააგვიანა.

 

„დღეს საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა, დასავლელ პოლიტიკოსებს რომ უფრო გაბედულად და თამამად ემოქმედათ, უფრო მტკიცედ დამდგარიყვნენ უკრაინის გვერდით - ჯერ კიდევ ომის დაწყების დღიდან და ყოყმანი არ დაეწყოთ. როცა რუსეთის ჯარი ქაოსურად უტევდა და კიევთან ახლოს იმყოფებოდა, როცა ტანკების კოლონები კილომეტრებზე იყო გაჭიმული, სწორედ მაშინ უნდა მომხდარიყო მათი ჰაერიდან განადგურება. პენტაგონს უკრაინაშიც უნდა განეხორციელებინა ოპერაცია „შოკი და თრთოლა“ იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინს სწრაფი და იო გამარჯვების იმედი ჰქონდა. 

 

რა თქმა უნდა, ომს ოცნებებით ვერ მოიგებ. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით კიევისადმი დახმარების სხვა ბევრი შესაძლებლობები, მათ შორის, უკრაინის ქალაქების დაცვა ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეშვეობით და ლტოლვილებისათვის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა. იბადება ცოტა არ იყოს, უხერხული და სამწუხარო კითხვა: ხომ არ დგება იმის დრო, რომ უკრაინელები ზამთარში ზურგიდან დარტყმის შესაძლებლობისთვის მოემზადონ?

 

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ დასავლეთის რიტორიკასა და რეალურ საქმეებს შორის განსხვავება მატულობს - სულ უფრო მკაფიოდ ჩანს უკრაინისადმი მხარდაჭერის არასასურველი პერსპექტივა: დასავლური საზოგადოება ჯერ სამართლიანად აღშფოთდა, ახლა კი ამერიკელებისა და ევროპელების აღშფოთება საკუთარ მდგომარეობაზე შეშფოთებით იცვლება: ენერგომატარებლებზე ფასების მატების, კვების პროდუქტების გაძვირებისა და საერთოდ, ცხოვრების დონის დაქვეითების გამო.

 

ეს ყველაფერი, თავის მხრივ, აჩენს ეჭვს დასავლეთის ისედაც მყიფე სიმტკიცის მიმართ - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საბოლოოდ გადაკეტავს გაზის ვენტილს? 

 

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, გერმანელების 50% მხარს უჭერს რუსეთისათვის ტერიტორიული დათმობებს. მკვეთრი კონტრასტი მათ შორის, ვისაც უკრაინისთვის „სამართლიანობა“ სურს და ვისაც ომის შეწყვეტა და მშვიდობა უნდა, მთელ ევროპაში განხეთქილებას შეიტანს. ძალთა თანაფარდობა უკრაინის სასარგებლოდ არ იქნება“, - ნათქვამია ვრცელ სტატიაში.


წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ