დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს 23.08.2022 01:16

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

 

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

 

ფაუჩის განცხადებით, თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს.

 

„დღეს ვაცხადებ, რომ ვტოვებ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას. ამ პოზიციებს მიმდინარე წლის დეკემბერში დავტოვებ, რათა ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო“, – განაცხადა ფაუჩიმ.

 

ინსტიტუტში 81 წლის ენტონი ფაუჩი 38 წელია, მუშაობს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციიდან მოყოლებული.

 

ფაუჩის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა შეაქო ფაუჩის მუშაობა და აღნიშნა მისი ურყევი ერთგულება სამუშაოსადმი, ისევე, როგორც მისი შეუდარებელი შემართება, ენერგია და მეცნიერული პატიოსნება.

 

„საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დოქტორი ფაუჩის დიდი წვლილის გამო, აქ, შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში ბევრი სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. როდესაც ის დატოვებს თავის თანამდებობას აშშ-ის მთავრობაში, მე ვიცი, რომ ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო გააგრძელებს დოქტორი ფაუჩის გამოცდილებით სარგებლობას, რითაც არ უნდა დაკავდეს ის მომავალში. უღრმეს მადლობას ვუხდი მას საჯარო სამსახურისთვის. მის გამო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერი, მდგრადი და ჯანმრთელია“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

ფაუჩის განცხადებით, ის არ გადის პენსიაზე და გააგრძელებს მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინსვლას, ასევე ეცდება, შთააგონოს და მენტორობა გაუწიოს მომავალი თაობის მეცნიერულ ლიდერებს, რადგან ისინი მომავალში მსოფლიოს ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე მომზადებაში დაეხმარებიან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ