დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ არ აპირებს რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას 23.08.2022 01:30

აშშ არ გეგმავს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას.  „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.

 

"აშშ-ს არ სურს დახუროს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსეთის დისიდენტებისა და სხვებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ. ჩვენ, ასევე, ნათლად განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მის პოლიტიკას და რუსეთის ხალხს შორის ზღვარის გავლება", - ნათქვამია განცხადებაში.


ამასთან, აღნიშნულია, რომ აშშ აგრძელებს მუშაობას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა საზღაური დაეკისროთ, მათ შორის სავიზო შეზღუდვები, კრემლის ოფიციალურ პირებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს.

"2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დაახლოებით 5 000 ადამიანს დაუწესა სავიზო შეზღუდვები", - ნათქვამია განცხადებაში.


"ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის უკრაინაში შეჭრაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და ხელს შევუწყობთ, რომ მათ თავიანთ ქმედებებზე პასუხი აგონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ბიბისის“ ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი და პოლონეთი რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის მომხრენი არიან, განსაკუთრებით ტურისტებისთვის. ფინეთმა მკვეთრად შეამცირა ვიზების გაცემა. აკრძალვის წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და მთლიანად ევროკომისია გამოდიან.

 

რუსებისთვის ვიზების სრული აკრძალვის ინიციატივას არ დაეთანხმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.


მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ, პორტუგალია, საბერძნეთი და კვიპროსი.


ბერლინი ასევე არ ეთანხმება რუსებისთვის ევროპის საზღვრების ჩაკეტვას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ "ეს პუტინის ომია და არა რუსი ხალხის". მან აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა რუსეთი კრემლის პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო. გერმანიის პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.


ვიზების აკრძალვის ინიციატივას სხვადასხვა მასშტაბით უჭერენ მხარს ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი და დანია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხს 31 აგვისტოს პრაღაში განიხილავენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ