კულტურის მინისტრი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ 2640 ექსპონატია დაკარგული - როგორც ჩანს, ეს მანიპულაცია, ტყუილი და იმაზე აპელირებაა, რომ კულტურის მინისტრს ჰგონია, ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება გაუვიდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
დეკანოიძემ წულუკიანს მიმართა კითხვით, თუ რატომ იტყუება.
„შარშან იანვარში კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ დაკარგულია ექსპონატები მაშინ, როდესაც პატარა ბოლშევიკი მიავლინა მუზეუმში. შემდეგ თქვა, რომ ამ ექსპონატების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გადაეცემოდა საგამოძიებო უწყებებს. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ექსპონატები დაკარგული არაა და რეალურად, საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ გაუგია, სად არის საგამოძიებო მასალები. მაშინ მოიტყუეთ და კულტურის მინისტრი ახლაც ტყუის, როდესაც ამბობს, რომ 2640 ექსპონატია დაკარგული, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც ჩანს ეს მანიპულაცია, ტყუილი და იმაზე აპელირება, რომ კულტურის მინისტრს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება გაუვიდეს. მთავარი შეკითხვაა, რატომ ტყუის?“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეკანოიძემ საკუთარი გამოსვლის დროს ისაუბრა, სპორტის ფედერაციებია და აღნიშნა, რომ მინისტრი მათ დაერია.
„როგორც ჩანს, კულტურის მინისტრი სპორტის ფედერაციებს დაერია. მინდა შევახსენო ერთ-ერთი არჩევნები, როდესაც რაგბის კავშირში აირჩიეს ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს იყო ბიძინა ივანიშვილთან. მაშინ, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი უნდა დავნიშნო, რომელიც გააკონტროლებს ყველა ფინანსს, შემოსავალს, გასავალს, რომ მიზნობრივია - ამას უნდა შევხედოო. მაინტერესებს, რატომ არაფერი უთქვამს მაშინ მინისტრს რაგბის კავშირის არჩევნებზე, სადაც იყო ცემა-ტყეპა, სროლა და რაგბის კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის ახლო მოკავშირე. მაინტერესებს, რატომ ჰგონია კულტურის მინისტრს, რომ მხოლოდ მუზეუმის თანამშრომლებზე, ან გაგდებულ ადამიანებზე უნდა ისაუბროს და ბოლშევიკები მიავლინოს მუზეუმში“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორ(ებ)ი :