დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისათვის“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანდიდატმა მოიპოვა 22.09.2022 20:22

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2001 წლიდან მსოფლიოში სისტემატურად აღინიშნება „მშვიდობის საერთაშორისო დღე“.

 

ამასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2021 წელს დააწესა კონკურსი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის (SMR Peace Award for Youth)“.

 

კონკურსის პირობებით, შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება. კანდიდატების წარმომდგენი შეიძლება იყვნენ: სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები ან ექსპერტთა ჯგუფები, არანაკლებ 3 ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.

 

კონკურსის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას; მისი საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება კანდიდატის წვლილი სამშვიდობო პროცესში; მის მიერ სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით.

 

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებს ან/და გამოჩენილ ინიციატივებს, ასევე, მშვიდობის მშენებლობის მიზნით, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობას.

 

კონკურსი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ წელსაც გაიმართა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმთავრესი მისია, ბურჯი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისა და განვითარებისათვის ზრუნვაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ შემუშავებული სიახლე როგორც ქართულ, ისე – საერთაშორისო დიპლომატიაში – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც მშვიდობის ქართულ პარადიგმადაა აღიარებული მაღალკვალიფიცირებული და ავტორიტეტული უცხოელი დიპლომატების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ.

 

აქედან გამომდინარე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატებიც წარადგინა: „სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის“ მკვლევარი, აფხაზი პოეტი ნიკა ბაძაღუა და ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ნინო ცუცხუბაია და ლუკა წურწუმია.

კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო გამოვლენა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; თავმჯდომარის I მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი; საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ჰაიდი გრაუ და დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად მიმართა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როზმარი დიკარლომ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ და კანდიდატებს გულშემატკივრობდნენ: რექტორი ზურაბ ხონელიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი დავით ჯალაღონია, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირმა დიხამინჯია, სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან გერაძე.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო 12 ღირსეული ფინალისტი. ჟიურიმ, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, კონკურსის პირველი გამარჯვებული გამოავლინა და წარმატება ერგო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ნომინირებულ კანდიდატს –  „სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის“ მკვლევარს, პოეტსა და მთარგმნელს, ბატონ ნიკა ბაძაღუას, რომელსაც, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, მნიშვნელოვანი ფულადი პრიზი – 3000 ლარიც გადაეცა.

პოეტი ნიკა ბაძაღუა 28 წლის, ეროვნებით აფხაზი, ახალგაზრდაა. რამდენიმე წლის წინ, ის სოხუმიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის პირადი მიწვევით, მან თავისი ბედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა. ის მშობლიური აფხაზურისა და ქართულისა, ასევე რამდენიმე კავკასიურ ენებსაც ფლობს და, აქედან გამომდინარე, აქტიურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოიცა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“, ივანე თარბას საიუბილეო კრებული, ჩეჩენი პოეტ ქაუზ ისაევის რჩეული პოეტური კრებული. დღის სინათლეს ელოდება ახალი წიგნიც – „ქართულ-აფხაზურ-ჩრდილო კავკასიური პოეზიის ანთოლოგია“.

– ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და ვერ გადმოგცემთ, რასაც ახლაც ვგრძნობ! მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ ჯილდოს ინიციატორებს და განსაკუთრებით კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელმაც წარმადგინა ამ კონკურსზე! ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენამდე საქმე რომ მივიდა, დარბაზში ყველა იჯდა, გარდა ბატონი ზურაბისა, რომელიც, ჩემზე მეტადაც კი, განიცდიდა იმ მძიმე წუთებს, სანამ გამარჯვებულის დასახელდებოდა; არ დამავიწყდება უაღრესად გახარებული, ჩემი აფხაზეთელის, ბატონი დავით ჯალაღონიას გაღიმებული სახე და გულში ჩაკვრა; ასევე არ დამავიწყდება, თითქოს ასაფრენად მომზადებული, როგორი აჩქარებული ნაბიჯებით ამოვიდა მოსალოცად სცენაზე  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დიდებული ადამიანი, ბატონი გიორგი სოსიაშვილი, – აღნიშნავს კონკურსის პირველი ლაურეატი.

ნიკას წარმატება, ბუნებრივია, ეს აღიარებაა მისი საქმიანობის, იმ წვლილის, რომელიც მას ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ძმობის აღდგენაში შეაქვს, მაგრამ, ამავდროულად, ამით ხაზი გაესვა ამ ეროვნულ პროცესში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას.

„მშვიდობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ნიკა ბაძაღუასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ