დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მელიას ფლანგი, მისი ნორჩი ნაციონალებით, ცდილობს კეზერაშვილისგან დისტანცირებას" - ამირან სალუქვაძე 23.09.2022 17:08

ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მელია დავით კეზერაშვილისაგან დისტნცირდა და ამ განცხადების შედეგად ენმ-ში გაღრმავებულ დაპირისპირებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

 

ანალიტიკოსი ნიკა მელიას ამგვარი გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზებს ასახელებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე, კეზერაშვილის წინააღმდეგ პირველად არ გამოსულა.

 

„მელიას ფლანგი, მისი ნორჩი ნაციონალებით, ცდილობს კეზერაშვილისგან დისტანცირებას. საინტერესოა ამ დისტანცირების მიზეზი. ხვდება მელია თუ რამდენად საზიანოა კეზერაშვილთან სიახლოვე, მისი შელახული იმიჯის გამო, თუ მისგან ფინანსებს ვერ იღებს და ამიტომ ცდილობს აჩვენოს კეზერაშვილს, ვისთან უნდა დაიჭიროს საქმე?

 

ისიც უნდა ითქვას, რომ კეზერაშვილის დასჯის მოთხოვნით, ანუ მისი პერსონის უარყოფითი შეფასებით, მელია ადრეც გამოვიდა. ხომ გახსოვთ რომ თქვა - "დავით კეზერაშვილმა პასუხი არ უნდა აგოსო?" სხვა დამნაშავე პოლიტიკოსებსაც მისწვდა მაშინ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საკუთარი კრიმინალი არ ახსოვს.

 

მელიას მიერ კეზერაშვილზე შეტევას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ენმ-ის სხვა წევრების მხრიდან. გამოეფინნენ კირკიტაძე, ხაბეიშვილი, ცისკარიშვილი, რომლებმაც ერთი პირის მიერ დაწერილი გზავნილები, ერთი და იგივე საკვანძო სიტყვებით, სასაცილოდ გაახმოვანეს. ეგრევე ხაზი გაივლო, ვინ რომელ ბანაკში დგას. ესაა ამ პარტიის მორალი. კეზერაშვილი, რომელიც მთელ საზოგადოებაში ითვლება აგვისტოს ომის ხარჯზე, ქართული ჯარის ძარცვით და ქართველი ბიზნესმენების დაყაჩაღებით გამდიდრებულად, ფიქსირდება როგორც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ფაქტობრივი მმართველი,“- წერს ანალიტიკოსი და აქვე ყურადღებას ენმ-ს კიდევ ერთ მმართველზე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე, კობა ნაყოფიაზეც ამახვილებს.

 

„ცალკე თემაა, როგორც რუსულ მედიაში მოიხსენიებდნენ, "ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი კობა ნაყოფია", თუმცა კეზერაშვილთან ვერ მივა. ნაციონალებში სიტუაცია უარესად არია სააკაშვილის სიმხდალემ. ოღონდ თავი ციხიდან დაიხსნას, ჩაეხსნა ქართულ პოლიტიკას და მისი პარტიის მართვას. მისი არავის სჯერა, მაგრამ პარტიის შიგნით ქაოსი და გაუგებრობა შექმნა. ისინიც დაერივნენ ერთმანეთს. გარეთ გამოსული ხმები შიდა გარჩევებთან და ფიზიკურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, ახლოსაა რეალობასთან.

 

ამ შიდა ძიძგილაობის, მეათე არჩევნების წაგების და ბოლო გამანადგურებელი კვლევების ფონზე, ნაციონალებში, ამ ბოლოს, სულ უფრო ხშირად გაისმის ხანმოკლე გამონათებები: "საჭიროა განახლება", "საჭიროა შიდა დემოკრატიის გაზრდა" და ა.შ. ნაცმოძრაობა და დემოკრატია იგივეა, რაც პინოჩეტი და ადამიანის უფლებები,“- წერს ანალიტიკოსი.

ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ტერმინები „განახლება“ და „შიდა დემოკრატია“ ენმ-თან შეუთავსებელი ფრაზებია. ანალიტიკოსი პარტიის წარმომადგენლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და რეალური განახლებისათვის აუცილებელ რამდენიმე რჩევას აძლევს.

 

„რომელ შიდა დემოკრატიაზე საუბრობთ, როცა თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული ხართ კრიმინალ დამფინანსებელზე?! ვინ გადემოკრატებთ?! რისთვისაც იხდიან (მავნებლობისთვის, სიძულვილის თესვისთვის, დაძაბულობისთვის), ის უნდა აკეთოთ მთელმა ე.წ. პარტიამ. თქვენი აზრი ვის აინტერესებს?! კეზერაშვილს აინტერესებს თქვენი აზრი? მას უნდა ეახლოთ, ჩაფრინდეთ სადაცაა, უნდა ეამბოროთ, როგორც ნათლიმამას და სთხოვოთ მოწყალება.

 

ვინც წერდა წლების მანძილზე წინმსწრებად, თუ რა დღეში იყავით, საითკენ მიექანებოდით და განახლებისკენ მოგიწოდებდათ, ყველა მტრებად გამოაცხადეთ და თქვენი ჯიბის "ფეიკ" მედიებით თავს ესხმოდით. ახლა მოგინდათ განახლება, როცა რეანიმაციის პალატიდან მორგისკენ მიექანებით?! გვიანია. მინიმუმ რამდენიმე წლით დააგვიანეთ.

 

რაც მთავარია, განახლების არსი არ გესმით. თქვენ განახლება ის გგონიათ, რაც 2020 წლის არჩევნების წინ გააკეთეთ, ნორჩი ლენინელები რომ შემოიყვანეთ პოლიტიკაში, პარტიის წარსულს და ღირებულებებს რომ იზიარებენ, თუმცა დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ჩვენ რა შუაში ვართო?! თქვენნაირი კრიმინალური პარტიისთვის განახლება უნდა ნიშნავდეს შემდეგს: ყველა, ვინც დაკავშირებული იყო ადამიანთა უფლებების დარღვევებთან, ბიზნესის ტერორთან და სხვა მძიმე დანაშაულებთან, უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, ხოლო პარტიას უნდა მოეხდინა წარსულის პოლიტიკური შეფასება. თუმცა თქვენ პარტია არ ხართ, თქვენ ხართ პოლიტიკურ ორგანიზაციად გაფორმებული კრიმინალური სინდიკატი, რომელ ორგანიზაციასაც ხალხი ხელისუფლებაში არ დაგაბრუნებთ, რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯოთ,“- წერს სალუქვაძე.

 

მისი თქმით, ამგვარი პოლიტიკური ორგანიზაციის შესახებ შეფასებებისა და ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მსგავსი პოლიტიკური ძალები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სახიფათოა.

 

„ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შესახებ სამომავლოდ რაიმე შეფასებების, ანალიზის წერას აზრი აღარ აქვს. იფართხალებენ რამდენიმე ტელევიზიის და ფინანსური რესურსების ხარჯზე. ფაქტობრივად ხელოვნურ სუნთქვაზე არიან. ამდენი დროის დათმობად არც ღირს ამ მარგინალებზე საუბარი, მაგრამ ეს ე.წ. პარტია ინარჩუნებს უზარმაზარ მედია რესურსს და შეპყრობილია რევანშიზმით, ღრღნიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ველს, არ აძლევენ სხვა, უფრო ღარიბ პარტიებს განვითარების საშუალებას, რითაც აზიანებენ პოლიტიკურ პროცესს, შესაბამისად პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას.

 

უფრო მარტივად: სუსტი ოპოზიცია და დაბალი პოლიტიკური კულტურა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. ესაა ანა-ბანა. ეს ყველაფერი ათასჯერაა დაწერილი, თუმცა არჩევნებზე მეორე ადგილზე გადიან და სანამ ასე იქნება, ესენიც იტივტივებენ გახვრეტილი ნავივით,“- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ