დღე: 35

ღამე: 22

USD 2.705

EUR 3.0872

საქართველო-ინდოეთის ურთიერთობები - მეორე ნაწილი 28.09.2022 13:21

ავტორი: სიმონ კილაძე

დიპლომატიის მკვლევარი

 

1992 წელი: ახალი ეტაპი საქართველო-ინდოეთის ურთიერთობაში

ა) პოლიტიკა და დიპლომატია

 

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დამყარდა - საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ინდოეთისა და საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრინციპები თითქმის ერთნაირია - ორივე მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, მშვიდობას და სტაბილურობას. ორივე ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი როგორც სეპარატისტთა მოქმედების შედეგები, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორული პრეტენზიები, კერძოდ, პენჯაბისა და ქაშმირის პრობლემები.

ინდოეთი, რომელიც ბევრ საერთაშორისო საკითხში რუსეთის მიდგომებს ეთანხმება და  ფაქტიურად მოსკოვის მოკავშირეს წარმოადგენს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს (2008 წლის აგვისტოში) ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. უფრო მეტიც - როცა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ აღიარა, ინდოეთმა მოსკოვს მხარი არ დაუჭირა. ქვეყნის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრანაბ მუკერჯიმ 2008 წლის 22 სექტემბერს გაზეთ The Hindu-ს კორესპონდენტს ასე განუცხადა: „სახელმწიფოს დამოუკიდებლად აღიარების დროს ჩვენს ვსარგებლობთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისი სტანდარტული პრაქტიკით... რომელიც ჩვენს პოზიციას განსაზღვრავს. ჩვენ არ ვაღიარეთ კოსოვოს დამოუკიდებლობა. ასევე ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას საქართველოსთან მიმართებით და იმ ორი რეგიონთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა აღიარა. ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებთ გადაწყვეტილების მიღებისაგან“. საბოლოოდ, ინდოეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი ერთგული დარჩა.


ჯერ-ჯერობით თბილისში ინდოეთის საელჩო არ მუშაობს, მაგრამ სომხეთში არსებული ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოსაც „ფარავს“ - ერევანში აკრედიტებული ინდოეთის ელჩი (ამჟამად - კიშან დენ დიუალი, 2019 წლის მარტიდან) იმავდროულად საქართველოშიც ასრულებს ინდოეთის ელჩის უფლებამოსილებას.  სხვათა შორის, იგი ალპინიზმით არის გატაცებული და მიმდინარე წლის აგვისტოში, კავკასიონზე საქართველოს ერთ-ერთი მაღალი მწვერვალი - მყინვვარწვერი (ყაზბეგი) დალაშქრა, ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად. ინდოეთში საქართველოს ელჩია არჩილ ძულიაშვილი, რომელიც ნიუ-დელში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ფუნქციებს 2016 წლის ივლისიდან ასრულებს.

 

 

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა. აი, მათი არასრული სია:

საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი (2000 წ.),  პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური (2010 წ.), საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ჯალაღანია და ზვიად გონაძე (2014-2018 წ.წ.), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია (2017 წ.) და ა.შ.

ინდოეთის რესპუბლიკის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რაჯივ დოგრა (2004 წ.),  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტა (2016 წ.), სამოქალაქო ავიაციის მინისტრი აშოკ გაჯაპათი რაჯუ (2016 წ.), საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი (2021 წელის 9-10 ივლისს).

სხვათა შორის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის ჩამოსვლა თბილისში ყველაზე მაღალი დონის და შეიძლება ითქვას, ისტორიული ვიზიტია, რაც კი ინდური მხარის მიერ საქართველოში განხორციელებულა. ქართველმა მასპინძელმა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა ინდოელი საპატიო სტუმრის უდიდესი მისია და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად, საქართველოს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი.


რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობის სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და ინდოეთს შორის ორ ათეულამდე ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდა. დღეისათვის სამართლებრივი ბაზა მოიცავს სხვადასხვა სახის ხელშეკრულება-შეთანხმებებს, მათ შორის - შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (1995 წ.),  შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ (2011 წ.), შეთანხმებას შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (2011 წ.), შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ (2017 წ.) და .შ.


ბ) ვაჭრობა

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების მცირე მიმოხილვისათვის ვისარგებლოთ სხვადასხვა ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით.

1995 წელს საქართველოს 67 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მოცულობით ინდოეთი იყო 37-ე ადგილზე, ხოლო ექსპორტის სიდიდით კი 24-ე ადგილზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1995-2016 წლებში ექსპორტის მოცულობის მაჩვენებლით ინდოეთი 8-ჯერ იყო ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების პირველ ოცეულში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოდგენდა. ამ ქვეყნის მნიშვნელობა იმითაც იყო (და ახლაც არის) განპირობებული, რომ ინდოეთში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 18 პროცენტი.


1995-2016 წლებში ანუ 22 წლის განმავლობაში, საქართველოს ინდოეთთან დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა მხოლოდ 5-ჯერ (1995, 2000–2001 და 2003–2004 წლებში). დანარჩენი 17 წლის მანძილზე საქართველოს სავაჭრო ბალანსი ინდოეთთან, სამწუხაროდ, უარყოფითი იყო. ეს არასასურველი სიტუაცია მკვეთრად გამოხატულ რეგრესულ ტენდენციად ჩამოყალიბდა 2005-2016 წლებში (იხ. სიმონ გელაშვილი. საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობები პოსტსაბჭოთა პერიოდში: სტატისტიკური ანალიზი).

2020 წელს საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის მაჩვენებელზე შენარჩუნდა და 48.4 მლნ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ინდოეთში ექსპორტით მხოლოდ 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს რიცხვი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 28.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ინდოეთიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა და 45.7 მლნ დოლარი შეადგინა.

2020 წელს ინდოეთიდან საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეისყიდა. ინდოეთში საქართველომ გაიტანა ფერადი ლითონები, ჯართი, სპირტიანი სასმელები.


2021 წლის თებერვლის დასაწყისში, საქართველოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ინდოეთის კიშან დენ დიუალის შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ინდოეთის ელჩმა დაადასტურა ინდოეთის რესპუბლიკის მზადყოფნა, მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ უფრო ინტენსიური გახდეს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა გაჭიანურდა, თუმცა იმედია, რომ საბოლოოდ ორივე მხარისთვის ფრიად საჭირო დოკუმენტი აუცილებლად გაფორმდება.

 

გ) ტურიზმი

2012 წელს საქართველოში ინდოეთიდან შემოვიდა 1281 ვიზიტორი, ხოლო 2019 წელს - ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე აქტიურ წელიწადში - 54 600-ზე მეტი. როგორც ვხედავთ, ათ წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 50-ჯერ გაიზარდა. მომდევნო პერიოდში, რიგი გლობალური ხასიათის მქონე ობიექტური მიზეზების გამო (კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკურ კრიზისი...), ინდოელ ტურისტთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა, თუ ბოლოდროინდელ მონაცემებს გავაანალიზებთ, შევნიშნავთ ზრდის ტენდენციას: თუ 2021 წლის განმავლობაში საქართველოში მთლიანად 25 ათასამდე ინდოელი ვიზიტორი შემოვიდა, 2022 წლის მხოლოდ 8 თვის - იანვარ-აგვისტოს განმავლობაში უკვე 31 800-ზე მეტი.  უნდა ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის გააქტიურება სამომავლოდაც გაგრძელდება და გაისად 2019 წლის დონეს მიაღწევს.

ობიექტურობის პრინციპის დაცვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვთქვათ, რომ ტურიზმის სფეროში 2017 წელს გარკვეული პრობლემები შეიმჩნეოდა - საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული ინდოელ მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ვერ ახერხებდა მიზნის შესრულებას და ტურისტული დოკუმენტაციის (ელექტრონული ვიზების და ა.შ.) არასწორად გაფორმების გამო თბილისის აეროპორტიდან მათ ქართველი მესაზღვრეები უკნ, ინდოეთში აბრუნებდნენ. შესაბამისად, ინდოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აჟიოტაჟი იყო ატეხილი - უკან, დაბრუნებულმა მოქალაქეებმა პროტესტი განაცხადეს და დასახმარებლად ინდურ პრესას და ტელევიზიას, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებს, კერძოდ - საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი მიმართეს, შეიქმნა გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობის წინაპირობები. თუმცა ორივე მხარის ძალისხმევით პრობლემები მოგვარდა და გაურკვევლობები წარსულს ჩაბარდა.

 

დ) კულტურა

რასაკვირველია, ამავე პერიოდში გრძელდებოდა ურთიერთობა-თანამშრომლობა კულტურის სფეროში. როგორც კინომცოდნესა და ინდოლოგის დავით ბეჟიტაშვილი იხსენებს, 2017 წელს მისი მოწვევით საქართველოში რაჯ კაპურის ვაჟი - მსახიობი და რეჟისორი რიში კაპური ჩამოვიდა, რომელიც თავის დროზე ჩვენმა მაყურებელმა ფილმ „ბობით" გაიცნო. მასპინძლებმა იგი იმავე მარშრუტით გაატარეს, რომელიც 63 წლის წინ ლეგენდარულმა მამამისმა გაიარა: „ავიყვანე ფუნიკულიორზე და ზუსტად იმ ადგილას გადავუღე ფოტო, სადაც მამამისს აქვს გადაღებული. რიში კაპურს იმდენად მოეწონა აქაურობა, რომ სულ სამდღიანი ვიზიტი იყო დაგეგმილი და 5 დღეს დარჩა. მამისგან იცნობდა საქართველოს ფოტოებით, რაჯის მოგონებებითა და მონაყოლით იცოდა ქართველების შესახებ. ყველაზე მეტად კალმახი მოეწონა, სავახშმოდ რომ დავსხდებოდით, მეტყოდა: "კალმახი... არც მწვადი, არც ხინკალი, მხოლოდ კალმახი", - ამბობს ინტერვიუში დვით ბეჟიტაშვილი.

 

რეჟისორებზე, მსახიობებზე და ფილმებზე საუბრისას არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში საქართველოში ინდური ბოლივუდის რეჟისორების მიერ გადაღებული იქნა რამდენიმე ინდური ფილმი (სერიალი) პროექტით „გადაიღე საქართველოში“.

 


ე) განათლება 

ბოლო წლებში წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა განათლების სფეროშიც - საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად ასობით ინდოელი ახალგაზრდა იწყებს ცოდნის დაუფლებას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 10 ათასზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათგან ყველაზე მეტნი ინდოელები არიან (დაახლოებით 5 ათასი), რომელთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ინდოელი სტუდენტები საქართველოში ძირითადად კომპანია OM Consultants-ის საშუალებით ჩამოდიან. კომპანია ჩენაიშია დაფუძნებული და ევროპაში სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობს. მათი ძირითადი საქმიანობა სტუდენტების ვიზისა და უნივერსიტეტისთის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადებაა.  OM Consultant-ის დახმარებით საქართველოში უკვე 2 ათასი ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იღებს უმაღლეს განათლებას.

ინდოელი სტუდენტები საქართველოს ხელმისაწვდომი ფასებისა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, უსაფრთხო გარემოს გამო ირჩევენ.

 

ვ) ინდური დიასპორა. სიქჰები საქართველოში

 

ამჟამად საქართველოში, სხვადასხვა მონაცემებით, 10 ათასამდე ინდოელი მოქალაქე ცხოვრობს - სტუდენტები, ბიზნესმენები, ფერმერები... შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე საკმაოდ მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში: შექმნილია ინდური რესტორნების ქსელი, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფონდები და აშ. მაგალითად, საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია ,,ბჰარატი", „განდის ფონდი“. შეინიშნება ინდური ცეკვებისა და ენის შესწავლის ინტერესი.

საქართველო-ინდოეთის ურთიერთობის განხილვისას აუცილებელია შევეხოთ ინდოეთიდან ჩამოსული სიქჰების საქმიანობას.

სიქჰები, ძირითადად, ინდოეთის პენჯაბის შტატში ცხოვრობენ. ისინი პირველად საქართველოში 2010 წელს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად მოიწვიეს. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ბევრ რეგიონში დასახლდნენ. მათ შორის თბილისში, გარდაბანში, გურჯაანში, რუსთავსა და სამეგრელოში. მათგან უმეტესობამ წნორში დაიწყო ცხოვრება. როგორც ამბობენ, 2012 წელს სიქჰების რაოდენობა 100-მდე ყოფილა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი სიქჰი ფერმერი ამბობს, მათი საქართველოთი დაინტერესება განსაკუთრებით ერთმა ფაქტმა განაპირობა - რადგან ისინი ინდოეთში სასოფლო სამეურნეო მიწას ადვილად ვერ იყიდდნენ, ამიტომ საქართველო ამ თვალსაზრისით მათთვის მომხიბვლელი ჩანდა.


სიქჰებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ საქართველოში დამკვიდრებულიყვნენ. იყო გარკვეული დაძაბულობა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან. მიწის საკუთრებისადმი ქართველების სენსიტიურმა დამოკიდებულებამ სიქჰების ასიმილაციისა და ინტეგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად გაურთულა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ სიქჰები საქართველოში ახლად დამკვიდრებულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ და გარკვეული კულტურული გაუცხოება მოსალოდნელიც კი იყო.

ქართულ საზოგადოებაში შექმნილი არასასურველი განწყობების გასანეიტრალებლად, საქართველოს Მთავრობის ინიცირებით კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა, რომლებმაც იმიგრაციისა და მიწის მესაკუთრის შესახებ კანონი გაამკაცრეს, სიქჰების უმრავლესობა სამშობლოში დააბრუნა. ამჟამად საქართველოში ინდოელ მიწათმოქმედთა მცირე ნაწილია დარჩენილი.

 

საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების პერსპექტივა

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე ინდოეთი  მსოფლიოში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როცა დასავლეთის სახელმწიფოებმა თავიანთი დამოკიდებულება გამოავლინეს რუსეთის მიმართ და კრემლს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადეს. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ოფიციალური თბილისი და ნიუ-დელი ერთნაირ მიდგომას ამჟღავნებენ - არც ერთი და არც მეორე სანქციებს არ მიუერთდა, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი პოზიციისათვის თითოეულს თავისი მიზეზი აქვს.


ობიექტურად თუ ვიტყვით, ინდოეთის საგარეო პოლიტიკისათვის კავკასია და, რასაკვირველია, საქართველოც პრიორიტეტულ რეგიონს არ წარმოადგენს. საქართველოსა და ინდოეთის ინტერესების გადაკვეთა (ან დაპირისპირება) არცერთ რეგიონის მიმართ არ ხდება. ორივე ქვეყანა უმთავრესად ისეთი რეგიონული და უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის წერები არიან, სადაც მათი კონფრონტაცია შეუძლებელია მოხდეს. საქართველოს უფრო ევროატლანტიკური ინტეგრაცია იზიდავს, ვიდრე აზიური, ინდოეთს კი პირიქით, თანაც ნიუ-დელი უფრო გლობალური მოთამაშის როლის შესრულებისაკენ ისწრაფვის. საქართველო არ გაწევრიანდა „მიუმხრომლობის მოძრაობის ორგანიზაციაშიც“, რომლის დაფუძნებაში 1955 წელს ინდოეთის ლიდერმა ჯავაჰარლალ ნერუმ აქტიური როლი შეასრულა და ინდოეთი ამით დღესაც ამაყობს (საქართველოს მეზობლებიდან ამ მოძრაობის წევრია აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი და რუსეთი - დამკვირვებლები). საქართველო არ მონაწილეობს არც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც“ (SCO), რომელშიც ინდოეთი მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს და რომლის მუშაობაში, ინდოეთთან ერთად, საქართველოს მეზობლებიც მონაწილეობენ (რუსეთი - წევრის სტატუსით, ხოლო თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი - პარტნიორის სტატუსით).


მოკლედ, საქართველო და ინდოეთი საერთაშორისო არენაზე თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, მაგრამ ისინი პოლიტიკურად სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოდიან. სავარაუდოდ, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ორივე მხარე გააგრძელებს ტრადიციულ თანამშრომლობას ყველა იმ სფეროში, რომლებშიც დღემდე ავითარებდნენ.

 

 

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge