დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ჩვენ არ გვინდა ომის ნაწილი ვიყოთ“: როგორ გაურბიან რუსები პუტინის მობილიზაციას საქართველოს საზღვრისაკენ“ 28.09.2022 17:44

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ჩვენ არ გვინდა ომის ნაწილი ვიყოთ“: როგორ გაურბიან რუსები პუტინის მობილიზაციას საქართველოს საზღვრისაკენ“ (ავტორი - დენიელ ბოფი). პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი ვითარება, როცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ რუსეთის ბევრმა მოქალაქემ, უკრაინის ფრონტზე მეომარ რუსულ არმიაში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, საქართველოში გამოქცევა გადაწყვიტა.


გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:


„37 წლის მოსკოველი იურისტი ქალი ალექსანდრა თვითონაც გაკვირვებულია, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს: „ჩვენ დავტოვეთ სახლი, ქონება, ჩვენი ცხოვრება - მოკლედ, ყველაფერი“. მან ჩვენტან საუბრისას გვითხრა, რომ მოსკოვიდან ვლადიკავკაზამდე 20 საათში ჩამოვიდნენ, ავტომობილი იქ დატოვეს და რადგანაც ზემო ლარსთან მანქანების დიდი რიგი დგას, საკონტროლო-გამსვლელი პუნქტისკენ ფეხით გაემართნენ. „ოთხი წლის შვილთან და ქმართან ერთად 25 კილომეტრი გავიარე, მანქანებს შორის, საზღვარი გადმოვკვეთეთ და ახლა აქ ვართ, ვაპირებთ თბილისში წასვლას“.


41 წლის არტემი, ალექსანდრას ქმარი, რადიოტექნიკოსია. მასაც გამოველაპარაკე. „ჩვენ არ გვსურს, რომ ომის ნაწილი ვიყოთ, - მითხრა მან. ალექსანდრა ამატებს: „ჩემი ქმარი უკრაინაში დაიბადა, მას მობილიზაცია და უკრაინელებთან ბრძოლა მოუწევდა“.ოჯახს თან მხოლოდ ოთხი პატარა ჩანთა აქვს. ისინი ტაქსებისკენ გაემართნენ, რომელთა მძღოლები ძალიან დიდ თანხას ითხოვენ თვილისისკენ სამსაათიანი მგზავრობისათვის.


არტემი, ალექსანდრა და მათი ვაჟი - სულ სამი ადამიანია იმ ათეულ ათასი რუსი მოქალაქეებიდან, რომლებიც, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ცახტანგ გომელაურმა განაცხადა, ყოველდღიურად შედიან საქართველოში ზემო ლარსის გავლით. კავკასიის ქედის ვიწრო გასასვლელში, ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთ ოფიციალურ ადგილს წარმოადგენს, რომლის მესვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება.

ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე ზემო ლარსის პუნქტით ყოველდღიურად მხოლოდ 5-6 ათასი ადამიანი სარგებლობდა. ეს ციფრი მეტია, ვიდრე უკრაინის ომის დაწყებამდე იყო, მაგრამ ბევრად ცოტაა იმ რაოდენობასთან შედარებით, რასაც დღეს ვხედავთ.


ვინც დღეს საქართველოში შემოდის, ყველა ამბობს, რომ რიგში რამდენიმე დღე იდგა. შექმნილია ავტომობილების გიგანტური რიგი, რასაც დრონიდან გადაღებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. ბევრი უკვე ცდილობს ველოსიპედის მეშვეობით მივიდეს სასაზღვრო გასასვლელამდე.


ზემო ლარსთან ადამიანები რიგში დგომით იტანჯებიან, მაგრამ ზოგიერთები ბიზნესითაც არიან დაკავებულები - იქვე ახლოს შეიძლება ვიღაც-ვიღაცეებს ფული გადაუხადო და ისინი წინ გასვლაში დაგეხმარებიან. „ამისათვის 50 ათასი რუბლი უნდა მოამზადოთ“.


და მაინც, დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოს პოპულარობა მატულობს, ყაზახეთთან და მონღოლეთთან ერთად, სადაც ბოლო კვირაში პუტინის მობილიზაციას თავი 98 ათასმა მოქალაქემ შეაფარა.


ფინეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზვარი აკავშირებს.  ჰელსინკი ჯერ კიდევ ნებას რთავს რუსებს, რომ ტურისტული ვიზით ისარგებლონ, თუმცა განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან რუსების მიღებას ისიც შეზღუდავს.


საქართველო კი პირიქით, რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ ერთი წლის განმავლობაში დარჩნენ. ამ შესაძლებლობით უკვე 50 ათასმა რუსმა ისარგებლა. თუმცა ხმები დადის, რომ მოსკოვი საქართველოსთან საზღვრის დახურვას აპირებსო. მართალია, ოფიციალურად რაიმე ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ ეჭვებს აძლიერებს ის, რომ ზემო ლარსთან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ფორმიანი ადამიანები მივიდნენ და თან ჯავშანმანქანაც დააყენეს. დასტურდება ხმები, რომ რუსი მესაზღვრეები ზოგიერთებს საქართველოში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.


თბილისში რუსების მოზღვავების გამო უკმაყოფილება იზრდება. მატულობს ბინის დაქირავების ფასი, თვითონ ბინების შესყიდვის ღირებულებაც. ბევრი ქართველი თავს არაკომფორტულად გრძნობს რუსების დანახვით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი 2008 წლიდან რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული. საქართველოს ქალაქების ქუჩებში ყველგან უკრაინის დროშებია გამოკიდული, კიევთან სოლიდარობის ნიშნად.


მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საზგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება და რუსეთის მოქალაქეების ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას არ ზღუდავს. როგორც ემილ ავდალიანი, ქართული ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი ამბობს, მთავრობას ეშინია: „მინისტრებს არ სურთ რუსეთი გააღიზიანონ. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ უკრაინის ომით გამოქვეულ პრობლემებს მთლიანობაში თავი გაართვა. არ შეინიშნება არავითარი სუპერპროუკრაინული რიტორიკა ან მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, [მთავრობაში] ბევრს სურს რუსეთის დამარცხება, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. საქართველო ნატოს წევრი არ არის, მას არ ჰყავს ისეთი ძლიერი მოკავშირეები, როგორიც დიდი ბრიტანეთია“.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ