დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რა მოხდება, როცა მოსკოვი გაზს მთლიანად გადაკეტავს - უცხოური პრესა 28.09.2022 17:58

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათურით „როგორ უნდა ისწავლოს ევროპამ რუსული გაზის გარეშე ცხოვრება“ (ავტორი - პიერ ანდიურანი).


რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა ევროპას და დიდ ბრიტანეთს ბუნებრივი გაზით. დღეისათვის ციმბირული გაზის იმპორტი 75%-ით შემცირდა. რა მოხდება, როცა მოსკოვი გაზს მთლიანად გადაკეტავს - დაიხოცებიან თუ არა ზამთარში ევროპელები სიცივისაგან, როგორც ამას რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ?


ასეთი ხმები გაზვიადებულია. ევროპელებს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ ამ პრობლემის გასამკლავებლად, ვიდრე ამას პანიკიორები ფიქრობენ.


კაცმა რომ თქვას, გაზი ევროპას ყველაზე მეტად საცხოვრებელი სახლების, ბინების გასათბობად ჭირდება. თუ ევროპელები ამ ზამთარს ტემპერატურას თავიანთ ბინებში საშუალოდ სამი გრადუსით შეამცირებენ, ანუ 19 გრადუსამდე ცელსიუსით, მაშინ გაზის დიდი რაოდენობა დაიზოგება.


როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აცხადებს, თუ ბინებში სითმო მხოლოდ ერთი გრადუსით დაიწევს, ამ შემთხვევაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ათი მილიარდი კუბმეტრის გაზის ეკონომიას გააკეთებს. ახლა კი შევხედოთ, რა იქნება, თუ ტემპერატურა სამი გრადუსით შემცირდება - მაგალითისათვის ავიღოთ ცხრა ქვეყანა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრია, ჩეხეთი და სლოვაკეთი. 2021 წელს ამ ქვეყნების წილი გაზის მოხმარებაში 69%-ს შეადგენდა.


თხევადი გაზის დროული იმპორტის წყალობით რუსული გაზის შეწყვეტით გამოწვეული ენერგოდეფიციტი აღნიშნულ ქვეყნებში ნაწილობრივ აღმოიფხვრა. თუ ტემპერატურა 19 გრადუსამდე დაიწევს, მაშინ ამ სახელმწიფოებში გაზის დეფიციტი კიდევ ორი მესამედით შემცირდება, ხოლო თუ ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიასაც დავამატებთ (ელექტრონერგია თბოლექტროსადგურებში გაზის წვის შედეგად გამომუშავდება), ანუ ელექტროდენს 5%-ით ნაკლებს გამოვიყენებთ, მაში დეფიციტი საერთოდ გაქრება.


რამდენად არაკომფორტული მდგომარეობა გვექნება, თუ სახლებში ტემპერატურას სამი გრადუსით დაბლა დავწევთ? დღეს სტანდარტულად ითვლება 22 გრადუსი ცელსიუსით. გავიხსენოთ, რომ ევროპა 19 გრადუსიან სითბოზე უკვე იყო, თანაც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ.


1982 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომლის შედეგად ავტორებმა გამოარკვიეს, რომ 1978 წელს ბრიტანელთა ბინებში საშუალო ტემპერატურა 16 გრადუსი იყო ცელსიუსით. ასევე 1996 წლის იანვარში ბრიტანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების მიხედვით, იმ ზამთარს ბრიტანელთა ბინებში მხოლოდ... 18 გრადუსი სითბო იყო. ასე რომ, 19 გრადუსი ისეთი მაღალი ფასი არ არის, რომლის გადახდა ევროპელებს მოუწევთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო.


ანალიტიკოსები ენერგიის ახალ წყაროებზე მრეწველობის გადასვლამაც სასიამოვნოდ გააკვირვა. ქარხანა-ფაბრიკების 35% გაზის მოხმარებიდან ნავთობზე და ქვანახშირზე გადაერთო. დამატებით თუ მზის ენერგიაც აქტიურად იქნება გამოყენებული, ეს კიდევ სამ მილიარდამდე გაზს დაზოგავს.


რა თქმა უნდა, რუსული გაზის დეფიციტის სრული კომპენსირება ჯერ-ჯერობით ვერ მოხდება, მაგრამ მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპული მთავრობები მოსახლეობის მდგომარეობაზე ზრუნავენ და ახალ გზებს ეძებენ ალტერნატიული გაზის შესასყიდად, გაჭირვებულებს კი სუბსიდიებით უზრუნველყოფენ.


ყველაზე ძნელი ევროპელებისათვის უახლოესი ექვსი თვე იქნება. თუ ევროპა შეძლებს და გაზის (ელექტროენერგიის) მოხმარებას შეამცირებს, ის ამით დაამტკიცებს თავის დიდ  სიცოცხლისუნარიანობას, რომ რუსული გაზის უქონლობა მას საბოლოოდ ვერაფერს დააკლებს.


ბაზარი ამით მნიშვნელოვნად დამშვიდდება, ფასები თანდათან დაიწევს, სიტუაცია ყოველწლიურად გაუმჯობესდება. რუსეთი ევროპულ ბაზარს დაკარგავს და შემოსავლები შეუმცირდება. კრემლი ვეღარ შეძლებს ევროპული ქვეყნების შანტაჟირებას თავისი ენერგორესურსებით.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ