დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

"ქალბატონ თეასთან არანაირი ხელით გაწევა არ ყოფილა, ასეთ რამეს არც ვიკადრებ" - კრივის ფედერაციის პრეზიდენტი 29.09.2022 11:57

ქალბატონ თეასთან არანაირი ხელით გაწევა არ ყოფილა, ეს არც მიფიქრია და ასეთ რამეს არც ვიკადრებ, - ასე ეხმაურება  კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის იმ განცხადებას, სადაც მინისტრი ამტკიცებს, რომ წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

 

როგორც დავით წიკლაურმა აღნიშნა, წულუკიანის ეს განცხადება სასაცილო და სისულელეა. კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, თუ საიდან დაიწყო მასსა და წულუკიანს შორის კონფლიქტი. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ შეხვედრა შედგა ფედერაციის წარმომადგენლებსა და მინისტრის ყოფილ მოადგილე სოსო გიორგაძეს შორის, სადაც ფედერაციისთვის ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვეს, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

 

„თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილეს სოსო გიორგაძეს შევხვდით, რომელიც ერთი უბრალო თავხედი ახალგაზრდა იყო, რომელსაც არანაირი სპორტი არ ესმოდა და გველაპარაკებოდა აგდებულად. აგდებულად მოგვაყარა მაგიდაზე კალამი და ფურცელი და გვითხრა - რა იყო, რა შემჭამეთ, რა ფულს მთხოვთო. ჩვენ ბიუჯეტი ყოველწლიურად გვეზრდებოდა, წინა წელს 1 260 000 გვქონდა, ვითხოვდით დაფინანსების გაზრდას. სხვა ვალდებულების გარდა, მოდიოდა ევროპის ჩემპიონატი, რისთვისაც თანხა არ გვქონდა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ შემეწუხებინა და შეხვედრაზე მივსულიყავი, სადაც უნდა მეთქვა, ვითარება იმ დონემდეა მისული, რომ გუნდი ჩემპიონატზე ვერ მიდის-მეთქი. სწორედ ამ შეხვედრაზე გვითხრა, რომ ბიუჯეტი ნახევარი მილიონი გექნებათო, რაზეც ვუთხარი, რომ პირიქით, ბიუჯეტის გაზრდა ვითხოვდით-მეთქი. ასევე ვუთხარი, თუ ჩემშია პრობლემა განცხადებას დავწერ, წავალ-მეთქი. ერთი სიტყვით, კონფლიქტი აქედან დაიწყო“,- განაცხადა წიკლაურმა.

 

როგორც ის აღნიშნავს, ამ შეხვედრის დეტალებზე მინისტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

 

„თეა წულუკიანმა არც ერთი სპორტსმენის სახელი და გვარი არ იცის, არც ის იცის, რა მოვითხოვე, იმიტომ, რომ არ ესწრებოდა იმ შეხვედრას. შეხვედრაზე ვიყავით მე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, დეპარტამენტის უფროსი და კულტურის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე. როგორ ჩანს, სოსო გიორგაძემ შეხვედრის შემდეგ მინისტრს ცრუ ინფორმაცია მიუტანა, იმიტომ, რომ სულ სხვა საუბარი შედგა, სულ სხვანაირი სიტუაცია იყო და საერთოდ სხვაგვარად არის ენა მიტანილი თეა წულუკიანთან. ამიტომ, წულუკიანი ლაპარაკობს იმას, რაც უთხრეს. 8 ოქტომბერს ჩავატარებთ კრებას, სადაც მოწვეული იქნებიან მწვრთნელები, რეგიონული ფედერაციები, ნაკრების წევრები, როგორც დიდები ისე ახალგაზრდები, ასევე მოწვეული იქნებიან ის ადამიანები, ვინც სამინისტროში ჩვენ შეხვედრას ესწრებოდნენ და ყველაფერი კარგად ნახეს საკუთარი თვალით, ვინ ვისკენ გაიწია, ვინ ვის აყენებდა შეურაცხყოფას და იტყვიან თავის სათქმელს ისე, როგორც საჭიროა. შეხვედრაზე, რა შეურაცხყოფაც მოგვაყენა თეა წულუკიანმა იმაზე გავეცით საკადრისი პასუხი, როგორ და თავად რა სიტყვებით საუბრობდა, როგორი კულტურის მინისტრია, როგორი მიდგომა ჰქონდა სპორტსმენებთან, ზოგადად ფედერაციასთან და პირადად ჩემთან ამის შესახებ საზოგადოება ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებს. რაც შეხვედრაზე მოხდა თავად მინისტრმა ჩემზე უკეთ იცის, რა დღეშიც ჩავარდა და რა სიტყვებით დაიწყო საუბარი. როდესაც საკადრისი პასუხი გავეცი გამოიწია მისი ყოფილი მოადგილე, რომელმაც ასევე საკადრისი პასუხი მიიღო. ქალბატონ თეასთან არანაირი ხელით გაწევა არ ყოფილა, ეს არც მიფიქრია და ასეთ რამეს არც ვიკადრებ“, - განაცხადა დავით წიკლაურმა.

 

როგორც მან აღნიშნა, იმ ბრალდებებთან, რომელიც წულუკიანს მის მიმართ ჰქონდა, სამართლებრივად დავას არ აპირებს. დავით წიკლაური ასევე გამოეხმაურა მინისტრის იმ განცხადება, სადაც ის კრივის ფედერაციის პრეზიდენტობის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნაზე საუბრობდა.

 

„მთელმა სამინისტრომ იცის, რომ როდესაც მოხდა ეს კონფლიქტი ხმაური ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ თავიდანვე შევთავაზე ყველა ფორმა თანამდებობიდან ჩემი წასვლის შესახებ. ასევე შევთავაზე ყველა ფორმა ფედერაცია დარჩენილიყო და შენარჩუნებული ყოფილიყო ის სასიკეთო ნაბიჯები, რაც კრივისთვის გადავდგით. ამაზე მოდიოდა მხოლოდ ერთი პასუხი - „დაწეროს, წავიდეს და მერე ჩვენ მივხედავთ“. მე აღვნიშნე, რომ ამბობთ, ჩვენ მივხედავთო, ეს მისაღები ფორმა არ არის არც კრივისთვის, არც მოკრივეებისთვის და არც არავისთვის-მეთქი. ვთქვი, ფედერაციიდან გამოყოფილიყო ორი პასუხისმგებელი, ასევე ორი ადამიანი სამინისტროდან, რომლებიც შეთანხმდებოდნენ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდებოდა წყნარ და მშვიდ გარემოში, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებოდა ყველა იმ დელეგატს, ვისაც ეს ეკუთვნის. ვთქვი, რომ ამის საშუალება მოგვეცით-მეთქი. მინისტრის პასუხი იყო, „არა, დაწეროს განცხადება, წავიდეს და მერე მე ვიცი ვინ მოვა“. ეს არის მისი პრინციპი, თორემ მე, არანაირ სკამს არ ვებღაუჭები“, - განაცხადა დავით წიკლაურმა.

 

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე "გაიწია დასარტყმელად", კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაურია. მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულ კრივს სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ექნება, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.

ავტორ(ებ)ი : ipn.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ