სიგარეტით დამწვარი ზურგი, ფეხის ფრჩხილების იძულებით დაძრობა, გარდაცვლილი პატიმრის გვერდით,მორგში გატარებული ორი დღე, საკუთარი თვალით ნანახი სხვა პატიმრებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა - ეს ის ჩამონათვალია, რაც, უფლებადამცველ ალექსანდრე ახალკაცს, განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე მწარე მოგონებებად შემორჩა. ახალკაცი „ჯორჯიან თაიმსთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ციხეში გატარებული წლების გახსენებით იწყებს...
- ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რეჟიმთან ბრძოლა და ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი სტატუსი მაქვს. ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს იბრძოლო სხვისი უფლებებისთვის. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ "ნაცების" დროს სწორედ იმ მწამებლებისა და სისხლისმსმელი ადამიანების წინააღმდეგ ვიბრძოდი, რომლებიც გლდანის ციხეში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადამიანებს კლავდნენ. მოგეხსენებათ, მაშინ გლდანის ციხე რეჟიმთან ბრძოლის პირველ ფრონტს წარმოადგენდა. მე იქ ვიხდიდი სასჯელს და ყველაფრის მოწმე ვიყავი. უფრო მეტიც, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ გაჰყავდა ბადრაგს ციხიდან ზეწარში გახვეული გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები. ასევე, გეტყვით, რომ ორი დღე მაქვს მორგში გატარებული, - გარდაცვლილ პატიმარზე ზემოდან ვიწექი, რადგან ბადრაგს ეგონა, რომ ცემის დროს შემოვაკვდი.
როდესაც საპატიმრო დავტოვე, ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი. ვეწეოდი საზოგადოებრივ აქტივობას. ვიყავი არაერთ სფეროში, - მათ შორის, ბიზნესსაქმიანობაში ჩართული. პარალელურად, ჩემს მშობლიურ მხარეში, ქარელში, შევქმენი შტაბი და დავიწყე ბრძოლა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, ვიდრე ამ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლიდან, აქტიურად ვუპირისპირდებოდი გიორგი გახარიას, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს. შეიძლება ითქვას, ის პირველმა მე გავშიფრე, როცა ხაზგასმით ვთქვი არაერთ ეთერში, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი გახარია რუსეთისა და "ნაცების" აგენტი იყო.
- ეს სერიოზული ბრალდებაა. განუმარტეთ მკითხველს, რა გაძლევთ ამ ყველაფრის თქმის საფუძველს?
- დადასტურებულად ვამბობ, რომ გიორგი გახარია რუსეთის აგენტი იყო და დღემდე არის. მას დღემდე აქვს არაერთი მოქმედი ბიზნესი რუსეთში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მისი ყოველი ქმედება "ოცნების" გუნდს აზიანებდა. უფრო მეტიც, მის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პირდაპირ ურტყამდა ბიძინა ივანიშვილს. გეტყვით იმასაც, რომ მისი ერთადერთი მიზანი ქვეყნის არევა იყო. უფრო მეტიც, მას KGB-ს სკოლა აქვს გავლილი. ის ყოველთვის რუსეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებდა. ყველა მისი დავალება კი, მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, რითაც მოგეხსენებათ, ისევ და ისევ რუსეთი ისარგებლებდა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას საზოგადოებას სულ მალე წარვუდგენ.
- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ გიორგი გახარიას ერთადერთი სურვილი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება იყო?
- კარგია, რომ გახარია დროზე გაშიფრეს, თორემ ის ამ ქვეყანას კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანდა. ის რომ არა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში არც თვალების დათხრის ფაქტი, არც გავრილოვის ღამე და არც ნიკა მელიას არდაკავების ამბები არ გვექნებოდა. ბოლო-ბოლო პრემიერმა კაცმა სასამართლო გადაწყვეტილება არ აღასრულა და მელიას დაჭერაზე უარი თქვა, რათა ქვეყანა არეულიყო. იფიქრა, რომ მელიას ვერ დაიჭერდნენ და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. ეს კი მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა. მისასალმებელი ფაქტია, რომ მაშინ ნიკა მელია სულ რაღაც სამ საათში დააკავეს და შესაბამისად, არც სამოქალაქო არეულობის წინაშე აღმოვჩენილვართ.
- რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ სწორედ გიორგი გახარია იდგა თქვენი მეორედ დაკავების უკან?
- 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში, როცა ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის პირველი კანდიდატი იყო, ჩემთან ბრძოლა დიდი დისკომფორტი იქნებოდა მისთვის. რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელი იყო ის ფაქტიც, რომ ის ჩემთან ერთ-ერთში პოლიტიკურ დებატსა თუ პაექრობაში ყოფილიყო. დისკომფორტის უქმნიდა ის ფაქტიც, რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პიროვნება ვიყავი და ასევე, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმ - "ჰეროკრატიას" პირველი და მეორე საპრემიერო სერიები სწორედ ჩემი რომანის - "გამოცდა ხელბორკილის" მიხედვით არის გადაღებული.
- როგორც ვიცით, თქვენი დაპატიმრება თაღლითური სქემის გაშიფვრას მოჰყვა. სასამართლომ 2020 წლის ზაფხულში თაღლითობის მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი გამოგიტანთ და ამისთვის ორ წლიანი სასჯელიც მოიხადეთ. რის საფუძველზე აცხადებთ, რომ თქვენი დაკავება გიორგი გახარიას ჩართულობით მოხდა?
- როგორც მოგახსენეთ, რომ 2018 წლიდან მე მას ვებრძოდი, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მისი ერთადერთი მიზანი ქვეყნის არევა იყო. რაც შეეხება დაპატიმრების ნაწილს, მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას "მთავარი არხი", ანუ მაშინდელი "რუსთავი 2" იწყებს. დიახ, ჩემს დაკავებას სწორედ მათი სიუჟეტი უძღოდა წინ, სადაც თავმოყრილია 5 ადამიანი, რომლებიც სიუჟეტში წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ჩვენი კომპანიის მიერ დაზარალებულები იყვნენ. საუბარია სამშენებლო კომპანია "კონსთრაქშენ დეველოპმენზე". ეს ის კომპანიაა, სადაც ბიზნესწილები ჩემს მეგობართან ერთად მქონდა. ეს გახლდათ ფაქტობრივად ნულიდან აწყობილი ბიზნესი, რომელიც შემდგომში დავკარგე.
მოკლედ, მაშინ "მთავარმა არხმა" სიუჟეტი სხვაგვარად შეფუთა და ის 5 ადამიანი, როგორც დაზარალებულები, ისე წარმოაჩინა. ამავე არხმა სიუჟეტი გაუშვა, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თითქოს მე, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიზნესმენი ვიყავი. ბიძინას საყვარელი ბიზნესმენობის კი რა მეტყობა?! - საკუთარი არც სახლი გამაჩნია და არც ქონება...
- თქვენი დაკავების საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანია "კონსთრაქშენ დეველოპმენის" მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინა ვერ მიიღეს...
- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გეტყვით, რეალურად რაც მოხდა: კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებული გვქონდა, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა დამკვეთმა, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. საუბარი იყო 44 300 დოლარზე, რომელიც, მონიკა პაპაშვილს, მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდა. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ "მთავარმა არხმა" მთელი სიუჟეტი ამ პიროვნებაზე ააგო და ის, როგორც დაზარალებული, ისე წარმოაჩინა. აქვე გეტყვით, რომ მონიკა პაპაშვილი პოლიციის აგენტი და ერთ-ერთი პოლიციელის მეგობარი გოგონაა. სხვათა შორის, ეს პოლიციელი იყო ის, ვინც დღე და ღამე "შკოდით" დამყვებოდა უკან.
მიუხედავად იმისა, რომ მონიკა პაპაშვილს სრული თანხა ოფიციალურად დაუბრუნდა, პროკურორმა ის, როგორც დაზარალებული, ისე ჩასვა ჩემს საქმეში. უფრო მეტიც, - რომ დამიჭირეს, ხალხი დასაკითხად მერე დაიბარეს. საქმის გამომძიებელმა, ქრისტინა ეგიმბარიანმა კი, მათ ასეთი რამ უთხრა: "თუ არ იტყვით, რომ ალექსანდრე ახალკაცმა თქვენ მოგატყუათ, თანხას უკან ვერ აიღებთ და სასამართლო დაზარალებულებად არ გცნობთო."
რაც შეეხება ვითომდა დაზარალებულ მხარეს, რომლებიც ჩემს საქმეში ჩამისვეს, მინდა გითხრათ, რომ ბევრ მათგანთან ვმეგობრობ. უმეტესობამ კი, სასამართლო სხდომაზე გარისკეს და თქვეს, რომ როდესაც სამშენებლო ბიზნესში ვიყავი, არ მითაღლითია და ისინი არ მომიტყუებია. მესმის, მათთვის ადვილი არ იყო, როცა ჩვენება ჩემს საწინააღმდეგოდ მიაცემინეს, მაგრამ მაინც გაბედეს და სიმართლე თქვეს. ეს ყველაფერი ჩემს საქმეშიც დევს. სხვათა შორის, სხდომაზე სწორედ ამ ადამიანებმა თქვეს, - "აბა რა გვექნა, შეგვაშინეს და ცრუ ჩვენებას ხელი მაგიტომაც მოვაწერეთო."
აქვე გეტყვით, რომ არც გენპროკურორის და არც პროკურატურის მიმართ არ მაქვს წყენა. მესმის, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და კანონი უნდა აღესრულებინათ. მერე რა, რომ [(პროკურორი) თამარ იაკობიძე "ნაცების" დავალებას ასრულებდა?! სხვათა შორის, ეს ის პროკურორია, რომელიც დღეს, მიხეილ სააკაშვილის საქმეში, საზღვრის კვეთაზე აწარმოებს დავას. პირდაპირ ვამბობ, რომ სწორედ თამარ იაკობიძე, ჩემს საქმეში "ნაცების", კონკრეტულად კი, გიორგი გახარიას დავალებას ასრულებდა. უფრო მეტიც, გახარიას ადმინისტრაციამ, 2020 წლის, 29 მაისს, თამარ იაკობიძეს მიწერა, რომ უნდა დავეჭირე. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. ხოლო, თამარ იაკობიძემ ბრალდება "მთავარი არხის" სიუჟეტის მიხედვით წამიყენა, სადაც საუბარია, რომ მე თითქოს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ბიზნესმენი ვიყავი.
- საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრალდებო სკამზე თქვენს ბიზნესპარტნიორთან ერთად ისხედით. ვინ არის თორნიკე ზურაბიშვილი თქვენთვის და რა სახის დავა გაქვთ ამჟამად მასთან?
- თორნიკე ზურაბიშვილი ჩემი ყოფილი ბიზნეს პარტნიორია. ის ჩემი მეჯვარე და ფაქტობრივად ოჯახის წევრი იყო. აქაც დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ის გაგა მკურნალიძესთან და "ნაცებთან" არის შეკრული. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ გახარია გავშიფრე, თუმცა საკუთარი მეჯვარე და მეგობარი - ვერა.
პოლიციამ თორნიკე ზურაბიშვილი ჩემი დაჭერის შემდეგ, ზუსტად ორი თვის თავზე დააპატიმრა. პროკურატურამ მის წინააღმდეგაც საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ პირველი მე დამიჭირეს და არა თორნიკე, რომელიც მართლაც თაღლითია. მას დღემდე ათობით სამოქალაქო დავა აქვს იმ ადამიანებთან, რომელთა თანხებიც უკანონოდ აქვს მითვისებული.
იმას არ ვამბობ, რომ თორნიკე დასაჭერი არ იყო. პირიქით, ის ჩვეულებრივი თაღლითია და რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. იმას ვამბობ, რომ პროკურატურამ ისიც დაიჭირა და ასე აღმოვჩნდით ერთ საბრალდებო სკამზე, თუმცა მე ის უკვე გაშიფრული მყავდა და ვიცოდი, რომ "ნაცების" მოგზავნილი იყო ჩემთან. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ დაკავებამდე, მთელი ორი თვე, მას ჩემთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. პირიქით, ყველაფერს აკეთებდა, რომ მე ციხიდან ვერ გამოვსულიყავი და ჩემი ბიზნეს წილები მიეთვისებინა. სხვათა შორის, ამ ბიზნესს წილებზე მასთან ბრძოლა დღემდე მაქვს. დაახლოებით 4 მილიონ დოლარს ვედავები.
- მოგეხსენებათ, გაგა მკურნალიძის სახელი საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ის ციხის კადრების ეპიზოდშიც ფიგურირებს. ამიტომ, არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ თქვენი ყოფილი ბიზნესპარტნიორი, თორნიკე ზურაბიშვილი გაგა მკურნალიძესთანაა "შეკრული?"
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის (თორნიკე ზურაბიშვილი) უშუალოდ გაგა მკურნალიძის დავალებას ასრულებდა. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ ამბებამდე, გაგა მკურნალიძემ ზუსტად ოთხჯერ გამომიგზავნა ადამიანთა ჯგუფი, რომ მე გავჩერებულიყავი და მის წინააღმდეგ არაფერი გამეკეთებინა. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ კაცი, რომლის სახელიც უამრავი პატიმრის სიკვდილს უკავშირდება, დღეს, აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ეწევა და თითქმის მთელ დიღომში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში არის ჩართული.
- მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ თაღლითობის მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი გამოგიტანათ და სასჯელიც მოიხადეთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი ხართ?
- გიორგი გახარია, გაგა მკურნალიძე, თორნიკე ზურაბიშვილი, გამომძიებელი ქრისტინე ეგიმბარიანი და საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე - ეს იმ ადამიანის ჩამონათვალია, ვინც ჩემი დაკავების უკან იდგნენ. მათი მიზანი ჩემი სასწრაფოდ მოშორება იყო. გიორგი გახარიას ამის სურვილი იმიტომ ჰქონდა, რომ მე მას ღიად ვადანაშაულებდი "ნაცებთან" მჭიდრო კავშირში და ვაცხადებდი, რომ ის რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტი იყო. გაგა მკურნალიძეს კი ჩემი მოშორება გასაგები მიზეზების გამო სურდა. მე ის სამჯერ უარით გავისტუმრე უკან და ვუთხარი, რომ მის წინააღმდეგ სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებდი. არამარტო მის, არამედ მთელი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ! რაც შეეხება თორნიკე ზურაბიშვილს, ის უშუალოდ მკურნალიძის დავალებას ასრულებდა და სწორედაც ამიტომაც დამიახლოვდა. მისი მიზანი სწორედ რომ ჩემთან ახლოს ყოფნა და ინფორმაციის შეგროვება იყო. გამომძიებელი და პროკურორი კი, უბრალოდ საქმის შემსრულებლები იყვნენ.
იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარი ვარ. მიმაჩნია, რომ პირადად გიორგი გახარიას პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. დღეს რომ გიორგი გახარია კვლავ "ოცნებაში" იყოს და რომელიმე მოწინავე თანამდებობა ეჭიროს, მაშინ კი შეიძლებოდა მეთქვა, რომ დიახ, "ქართული ოცნების" პოლიტიკური პატიმარი ვარ და ამ რეჟიმის მსხვერპლიც გავხდი. თუმცა, ეს ასე არ არის.
იმისათვის, რომ დაგვეზუსტებინა, რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ალექსანდრე ახალკაცის მიერ ინტერვიუში გიორგი გახარიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურს დავუკავშირდით.
თავდაპირველად პრესსამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განგვიცხადა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, გიორგი გახარიასთან ინტერვიუს ვერ დაგვიგეგმავდა. თუმცა, სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, ერთ-ერთ დეპუტატთან, ანა ბუჩუკურთან გადაგვამისამართა.
როგორც დეპუტატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცის შესახებ აქამდე არაფერი სმენია, მაგრამ მისივე თქმით, თუკი აღნიშნულ პიროვნებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართოს.
"მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ გიორგი გახარიას რაღა არ დააბრალეს, "კოკაიშნიკობიდან" დაწყებული, ამერიკის აგენტობამდე დამთავრებული , - თითქმის ყველაფერი, ამიტომ მსგავსი ბრალდებები აღარ გვიკვირს. ამ შემთხვევაში კი, გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ ვიცით ვინ არის ალექსანდრე ახალკაცი. მე პირადად, მის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. დღეს, გიორგი გახარია აღარც შინაგან საქმეთა მინისტრია და აღარც პრემიერ-მინისტრი. ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და თუკი ვინმეს, რაიმე სახის მტკიცებულება მის წინააღმდეგ აქვს, მიმართონ შესაბამის ორგანოებს და დაამტკიცონ თავისი სიმართლე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ გიორგი გახარია „კოკაიშნიკი“ იყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. (მოგეხსენებათ, ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ დაადასტურა, რომ გახარია „კოკაინის“ მომხმარებელი არ იყო). კი ბატონო, თუკი ალექსანდრე ახალკაცს აქვს ეჭვი, რომ ბატონი გახარია КГВ-ს მოქმედი აგენტია, მაშინ წარადგინოს შესაბამის მტკიცებულება სასამართლოში და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე. აქვე დავამატებ, რომ მსგავს ბრალდებებზე ცოტა არ იყოს მეღიმება," - აცხადებს ანა ბუჩუკური „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.
P.S. ინტერვიუში ნახსენებია რამდენიმე გვარი. ჩვენი რედაქცია მზადაა, სურვილის შემთხვევაში, თანაბრად დაუთმოს ნებისმიერ მათგანს გაზეთში ადგილი საკუთარი აზრის გამოსახატად.
/თეო მჟავანაძე/
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge