23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.
ქართველთა უდიდეს წმინდანს, წმიდა გიორგის, ქართული ეკლესია წელიწადში ორჯერ მიაგებს პატივს.
23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს (ძვ.სტილით 23 აპრილს) წმინდანის აღსრულების დღეს.
წმიდა გიორგის თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
საქართველოში განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს, რაც მე-18 საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. "არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი, სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი". მართლაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე წელიწადის დღეების შესაბამისად, 365 სალოცავი აიგო.
ლეგენდის მიხედვით, წმიდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც თავისი სახელების გარდა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ.
ცნობილია, რომ წმიდა გიორგი და წმინდა ნინო ნათესავები იყვნენ. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განწესდა.
ახოვანმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდება უბოძა. თუმცა კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას.
წმინდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება:
"მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის".
თავისი საყვარელი მხედართმთავრის კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, ქრისტეს განსდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, რაზედაც მოწამე პასუხობს: "ჩემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ".
რამდენიმე დღის განმავლობაში გიორგის სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა. დასჯის წინ წმიდა გიორგიმ შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს.
წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს.
ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული პალესტინის ქალაქ რამლაში დაკრძალეს, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში გადაასვენეს, ქალაქ ლიდიაში.
წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.
ტროპარი:
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი:
მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
ავტორ(ებ)ი :