დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

ომი უკრაინაში: შეუძლია თუ არა ჩინეთს შუამავლის როლის შესრულება? - Le Figaro 24.11.2022 14:48

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ომი უკრაინაში: შეუძლია თუ არა ჩინეთს შუამავლის როლის შესრულება?“ (ავტორები - ჰიუ მაიო და ამორი პერვინკერი). „ემანუელ მაკრონი ჩინეთს მოუწოდებს, რომ მან რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად უფრო აქტიური როლი შეასრულოს, შუამავლის სახით. მაგრამ ეს ახალი პოზიცია ვაშინგტონს ალბათ, არ მოეწონება“, - ნათქვამია სტატიაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ხერსონი დატოვა და უკან დაიხია, ომის შეჩერებისა და დაზავების მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის. ზავის დადების სურვილი გაჟღერდა გასულ კვირას ინდონეზიაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტზეც - ფორუმის ჩარჩოებში ფრანგმა ლიდერმა ამ მიზნით ოფიციალურად მიმართა თავის ჩინელ კოლეგას. „სი ძინპინს შეუძლია უახლოეს თვეებში ჩვენთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი საშუამავლო მისია შეასრულოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტის დასრულების შემდეგ.

 

სი ძინპინთან შეხვედრის დროს ფრანგული სახელმწიფოს მეთაურმა თავის ჩინელ კოლეგას სთხოვა, რომ ომის შესაჩერებლად საერთაშორისო ძალები გააერთიანოს და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი მსოფლიოს არსებობა „ცისქვეშეთის“ (ასეც უწოდებენ ჩინელები საკუთარ ქვეყანას) ინტერესებშიც შედის. თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა ფრანგ პრეზიდენტს ასე უპასუხა: „ჩინეთმა და საფრანგეთმა, ჩინეთმა და ევროპამ ისე უნდა იმოქმედონ, რომ მათი ურთიერთობა სწორი მიმართულებით და გრძელვადიანი პრინციპით განვითარდეს, იმავდროულად კი მათ უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო სტაბილურობა და პოზიტიური პროცესები“.

 

ჩინეთის თვალსაზრისი რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმართ 24 თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა: „მოსკოვის მოქმედებას პეკინი არც იწონებს და არც გმობს“, - ამბობს ანტუან ბონდა, სტრატეგიული კვლევების ფონდის  (FRS) თანამშრომელი, ჟურნალ Politique internationale-დან. ეს ორაზროვანი პოზიცია, რომელიც ჩინეთს მანევრირების შესაძლებლობას აძლევს მისი ინტერესების შესაბამისად, პეკინს დე-ფაქტოდ იდეალურ მდგომარეობაში აყენებს მოსკოვ-კიევის კონფლიქტის მოსაგვარებლად.


რა უწყობს ხელს პეკინის შუამავლობას 

 

ა) უდავო უპირატესობა

მართლაცდა, ჩინეთი, ალბათ, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ომის შეწყვეტით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. „კონფლიქტი საერთაშორისო ვაჭრობას ხელს უშლის და ჩინეთის წარმოებაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს“, - ხაზს უსვამს ნიკოლა ტენზე, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი. 

„ომის დასრულებას ჩინეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა პეკინს „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის რეალიზების აღდგენა სურს“, - აცხადებს ემანუელ ლინკო, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის ლექტორი. 

 

გარდა ამისა, სი ძინპინს შეუძლია დამატებითი სარგებელი მიიღოს საშუამავლო მისიიდან - „შუამავლობა ჩინეთს შესაძლებლობას მისცემს მშვიდობის გარანტორი გახდეს, გონიერი და გაწონასწორებული სახელმწიფოს იმიჯი განიმტკიცოს და ამით შეეცადოს მსოფლიოს სინძიანელ უიღურელთა მიმართ ჩადენილი ბოროტება დაავიწყებინოს, აგრეთვე ის, რაც ჰონკონგში და ტიბეტში ხდება“, - აღნიშნავს ნიკოლა ტენზე და ასკვნის: „ამრიგად, პეკინი საერთაშორისო თანამეგობრობაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა“.

 

როგორც ემანუელ ლინკო ამბობს, ჩინელი ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომიდან, შეიძლება ითქვას, „უკვე გამარჯვებული გამოდის“ - ეს იმიტომ, რომ სი ძინპინის პოზიცია მოთხოვნადია და აუცილებელი. ექსპერტის აზრით, ამ როლის შესრულებით იგი არაფერს არ დაკარგავს, მაგრამ შეძენით ბევრს შეიძენს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სი ძინპინი ახლახან მესამე ვადით აირჩიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ, რაც მას ნებას აძლევს მტკიცე ნაბიჯები გადადგას და ასევე მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღოს.

 

ბ) ინტერესები ევროკავშირისა და რუსეთის მიმართ


თუ „ცისქვეშეთი“ ასეთ პოლიტიკას განახორციელებს, მას შესაძლებლობა ექნება ორი დაპირისპირებული ბანაკის წინაშე თავისი ინტერესების რეალიზება მოახდინოს და ნამდვილ მტერს შეუტიოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს: „ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ყოველთვის კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება, რომლის გარკვევა მხოლოდ ჩინეთ-აშშ-ის მეტოქეობის კონტექსტში შეიძლება“, - მიუთითებს ანტუან ბონდა. პარალელურად, პეკინმა თანამშრომლობა უნდა გააღრმაოს ევროკავშირთან და იმავდროულად, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობაც უნდა შეინარჩუნოს.

 

„სხვათა შორის, ერთი მხრივ, ჩინეთი ევროკავშირსაც და საფრანგეთსაც ყოველთვის სჭირდებოდათ, რათა ამერიკელებს, ასე ვთქვათ, პეკინის იმედით „მიპარვოდნენ“, - ამბობს ემანუელ ლინკო. – „ცისქვეშეთს“ უპირველესად ევროკავშირთან დაახლოება უფრო აწყობს, ვიდრე რუსეთთან, რადგან ევროკავშირი ეკონომიკურად უფრო განვითარებულია“. მეორე მხრივ, პეკინს კრემლთანაც სერიოზული სამხედრო და სტრატეგიული ურთიერთობა აქვს: „1991 წლიდან მოსკოვი პეკინისათვის იარაღის ძირითად მიმწოდებელს წარმოადგენს. რუსეთი ის დიდი სახელმწიფოა, რომელზეც „ცისქვეშეთს“ დაყრდნობა შეუძლია“.

 

უფრო მეტიც: რუსეთისა და ჩინეთის მმართველი რეჟიმები ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან როგორ ისტორიული, ასევე იდეოლოგიური გაგებით: „მართალია, ისინი სტრატეგიული მოკავშირეები არ არიან, მაგრამ მათი პოლიტიკური პრიორიტეტები და ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, - აზუსტებს ანტუან ბონდა. „ჩინეთი უფრთხის რუსეთში რეჟიმის შეცვლას და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების შესაძლებლობას, ამიტომ პეკინი თავის საზღვრებთან უპირატესობას ავტოკრატიული რეჟიმების შენარჩუნებას ანიჭებს, მათ შორის [ვლადიმერ პუტინის] ხელისუფლებისაც“, - ამატებს ნიკოლა ტენზე. ასეთი სიტუაცია მოსკოვსა და პეკინს საშუალებას აძლევს ვაშინგტონის ზეწოლას გაუძლონ და მას დაუპირისპირდნენ.

 

რა უშლის ხელს პეკინის შუამავლობას

 

ამავე დროს, თუ სი ძინპინი შუამავლობას გადაწყვეტს, მის „რთული არჩევანის“ გაკეთება მოუწევს - ჩინეთის კომპარტიის გენერალურმა მდივანმა პოლიტბიუროში არსებული ტენდენციები უნდა გაითვალისწინოს: „უკრაინის კრიზისი მოწმობს, რომ პოლიტბიუროში კვლავ შენარჩუნებულია ტრადიციული დაპირისპირება „მედასავლეთეებსა“ და „რუსოფილებს“ შორის“, - თვლის ემანუელ ლინკო. ჩინეთის ლიდერი, „ნაციონალისტი“, პრაგმატული მიდგომებით გამოირჩევა და მოსკოვთან თანამშრომლობით უფრო მეტ სარგებელს ელოდება, ვიდრე ვაშინგტონთან სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორობით. ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩინეთმა რუსეთზე ისეთი ზეწოლა მოახდინოს, რომ კრემლმა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს.

 

თანაც, არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ კიევი ისეთ სამშვიდობო-საზავო პირობებს დათანხმდება, რომლებსაც პეკინი მხარს უჭერს. ბოლო თვეებში განხორციელებული წარმატებული კონტრშეტევების წყალობით, უკრაინის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა და სამომავლოდ იმედი აქვს, რომ 1991 წლის საზღვრებსაც აღადგენს, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს პეკინს? განა ჩინეთმა უკრაინის პრეზიდენტს რომ სთხოვოს, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად რუსეთს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უნდა მისცეო, ვოლოდიმირ ზელენსკი დაეთანხმება? ეს წარმოუდგენელია.

 

პეკინის ახალი ადგილი

 

და ბოლოს, „შუამავალი“ ჩინეთი იმითაც მოიგებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სამომავლოდ მას „შინაურ კაცად“ ჩათვლიან, პეკინი კი ამ დროს ვაშინგტონთან მეტოქეობას გააძლიერებს. მაგრამ პარალელურად ჩნდება პრობლემა: განა ამერიკელებს აწყობთ ის, რომ „ცისქვეშეთი“ ვაშინგტონის პოტენციური მოწინააღმდეგე გახდება? არ აწყობთ“, - ამბობს ნიკოლა ტენზე, - „ჩინეთს არც რუსეთის გაძლიერება არ სურს. პეკინი თვლის, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც ხელში მწიფე ნაყოფივით ჩაუვარდება“.

 

ამ მომენტისთვის პეკინს და მოსკოვს, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მოკავშირეებად ითვლებიან, ისეთ რეგიონში აქვთ „ინტერესთა ჯახი“, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ ითვლება - ცენტრალურ (შუა) აზიაში. აზიური ქვეყნები შეშფოთებით ადევნებენ თვალს რუსეთ-უკრაინის ომს, ზოგიერთები კი უკვე ცდილობენ კოლონიური სახელმწიფოსგან (რუსეთისაგან) თავი შორს დაიჭირონ. მაგალითად, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმჟომართ თოყაევი, რომელიც ორიოდე დღის წინათ მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად, სიმპათიებს ბოლო ხანს ჩინეთისა და ევროპის მიმართაც გამოხატავს, ცდილობს რუსეთის გავლენის შესამცირებლად საპირწონის პრინციპი დაიცვას.

 

ეს პეკინისათვის ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს, რომელიც დაინტერესებულია ცენტრალურ აზიაში - ნედლეულით მდიდარ რეგიონში - თავისი გავლენა გააძლიეროს: „იქაური სახელმწიფოები პეკინის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, რაც რუსეთის გავლენის დაქვეითებას ნიშნავს, ჩინეთის სასარგებლოდ“, - ასკვნის ემანუელ ლინკო.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ