დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

„საფრანგეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას უარყოფდა“ - „სი-ენ-ენ პორტუგალი“ 24.11.2022 15:17

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 21 ნოემბერს, საღამოს, ინტერვიუ მისცა პორტუგალიის ტელეარხის „სი-ენ-ენ პორტუგალის“ (CNN Portugal – ამერიკული CNN Global-ის პარტნიორი) კორესპონდენტ რიჩარდ კვესტს, რომლის ვრცელი შინაარსი ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „საფრანგეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას უარყოფდა“.


გთავაზობთ ინტერვიუს ძირითად მომენტებს:


ბორის ჯონსონის თქმით, საფრანგეთი უარყოფდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერსპექტივას, ხოლო გერმანიის მთავრობა თავდაპირველად თანახმა იყო, რომ უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო და კონფლიქტი არ გაჭიანურებულიყო.


„რუსეთის თავდასხმამ უდიდესი შოკი გამოიწვია... ჩვენ ვხედავდით, როგორ აგროვებდა რუსეთი თავის საარმიო ქვედანაყოფებს უკრაინის საზღვართან, თავისი ტაქტიკური მოქმედების ბატალიონებს, მაგრამ ამ ფაქტების მიმართ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა პოზიციას ამჟღავნებდნენ. გერმანიის თვალსაზრისი რაღაც ეტაპზე იმაში გამოიხატებოდა, რომ თუ შეჭრა მოხდება, რასაკვირველია, ეს კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ იმავდროულად უკეთესი იქნებოდა, თუ ეს კატასტროფული სიტუაცია მალე დასრულებოდა და უკრაინა რუსეთს ჩაბარდებოდა. მე არ შემეძლო, რომ გერმანიის პოზიციისათვის მხარი დამეჭირა. მე ვფიქრობდი, რომ ასეთი ხედვა ყველასათვის დიდად საზიანო იქნებოდა, თუმცა მესმოდა ის, თუ რატომ იქცეოდა ასე გერმანია, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ გერმანელები. ცხადია, ბერლინის ასეთ პოზიციას თავისი ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა. დამიჯერეთ და ეჭვი არ შეიტანოთ ჩემს ნათქვამში, რომ ფრანგებიც უარყოფდნენ ომის შესაძლებლობას და ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ, რომ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა“.

 

ბორის ჯონსონმა ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა იტალიის იმდროინდელი მთავრობის თავდაპირველი პოზიცია: „პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ რაღაც ეტაპზე უბრალოდ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს იმ პოზიციას, რომელსაც ჩვენ გამოვხატავდით. წუწუნებდა იმის გამო, რომ იტალია რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული“.

 

მაგრამ როგორც კი რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, კრემლთან ურთიერთობა მთელ ევროპაში სწრაფად შეიცვალა: „ის, რაც მოხდა, ყველას შეეხო - გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს... ჯო ბაიდენმაც დაინახა, რომ მას სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ დარჩა. ჩვენ გავერთიანდით. თავის დროზე სწორედ ამიტომ ვერ მოვილაპარაკეთ პუტინთან, რომ ერთიანობა არ გვქონდა. ეს საკვანძო მომენტია. ამის შემდეგ ევროკავშირმა ბრწყინვალედ იმოქმედა და ერთსულოვნად გამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ. თავიდან ძალიან შეშფოთებული ვიყავი... თუმცა შემდეგ იმედი გამიჩნდა, როცა ევროკავშირმა მკაცრი რეაგირება გააკეთა, სანქციების სახით“.

 

ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედებაც შეაფასა: „იგი გამოჩენილი პიროვნებაა ქვეყნის ხელმძღვანელობის საკითხში. ძალიან მამაცი ადამიანია. ზელენსკი რომ უკრაინის ხელმძღვანელი არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ომის ისტორია სულ სხვაგვარი იქნებოდა“.

 

დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერის აზრით, „ევროკავშირმა უკრაინა წევრად უნდა მიიღოს. ეს სასარგებლო იქნება კიევისათვის“.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ