დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"დღევანდელი სამკაციანი პარტიები ნაცების საბოლოო დაცემას ელოდებიან" - გია გაბრიჭიძე 28.11.2022 17:42

ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტულად იმ პროცესებს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია გაბრიჭიძე ეხმაურება.

 

გაბრიჭიძე ამბობს, რომ ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, საზოგადოების ინტერესს არ იწვევს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად უკვე დამთავრებულია.

 

"რაღა დაგიმალოთ და მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების გამო ისეთი მედია-გარემოა შექმნილი, რომ ამ ორგანიზაციის სვე-ბედზე მოვიშვიშე ხალხის აზრით მთელი საქართველო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართა მსგავსად უნდა ღელავდეს, მაგრამ როგორც მათი ბელადი იყოდა - ნურას უკაცრავად. საზოგადოებას აშკარად ფეხებზე ჰკიდია თუ რა მოხდება, ვის აირჩევენ, დაიშლება, თუ არ დაიშლება დ.ა.შ.

 

მხოლოდ „პოლიტიკოსთა“ და ჟჟჟუუურრრნალისტთა მცირე ჯგუფი ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას და ზედაპირზე ტივტივს, რაც აშკარად არ გამოსდით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროცესი აშკარად კომიკურია და მაქსიმუმ მდარე გასართობი შოუს ეფექტს იწვევს. მე კი გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე ასე, თუ ისე ვადევნებ თვალყურს და ვცდილობ რამდენიმე ისეთი დასკვნის გაკეთებას, რაც საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური ცხოვრების შეფასებაში დამეხმარება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საკმაოდ საინტერესოა რამ გამოიწვია ერთ დროს მართლაც ძლიერი, მონოლითური პოლიტიკური ძალის ასეთი დაჩიავება. სწორედაც რომ დაჩიავება, რადგანაც პარტიამ, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ მაინც მოახერხა სერიოზული გავლენების შენარჩუნება როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

 

ცხადია, რომ დასავლეთში მის გავლენებს ძირითადად ის ლობისტები „ქაჩავდნენ“, რომელთა პროდუქტსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა და რომლებმაც ამ ძალის საქართველოს სათავეში მოყვანისთვის საკმაოდ ბევრი ფინანსური, თუ პოლიტიკური რესურსი გაიღეს და ახლა ასე ვთქვათ „გატეხილი ვარცლის“ წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი ამას აშკარად ხედავენ, მაგრამ უკან დახევა გვიანია და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ დააბრუნონ პოლიტიკური ველის წამყვან ფიგურად. არ ჩამოვთვლი მათ მიერ გადადგმულ არა მხოლოდ არაადეკვატურ, არამედ უმეტეს შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ აშკარად მტრულ ნაბიჯებს, რადგანაც ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოვიდა.

 

საბედნიეროდ არაფერი გამოსდით და ლამისაა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში თავად კელი დეგნანმა, კუბილაუსმა, ან რასა იუკნევიჩიანემ დააყენონ თავიანთი კანდიდატურა. საკმაოდ საინტერესოა შიდა პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები, რომლიდანაც ერთი მარტივი და საკმაოდ მერკანტელური ვნებების დანახვა შეიძლება: ნაცები, როგორც პოლიტიკური ძალა ფაქტობრივად უკვე დამთავრებულია და რა ყინჩი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ მისმა ლიდერებმა, პარტიის გაქრობა დროის საკითხია. დროის, რომელიც ულმობლად ითვლის წუთებს. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომლის გარშემოც არსებობდა ეს პარტია, ფაქტობრივად სიმბოლოც აღარ არის და ის როლი დარჩა რაც „ლენინს მავზოლეუმში“.

 

ცხადია ის იმ ხალხისთვის, რომლებსაც პირობითად ნაც-არისტოკრატები შეგვიძლია დავარქვათ ისევ живее всех живых, მაგრამ თავად პარტიისთვის აღარაფერს წარმოადგენს. იმ ორ კანდიდატს, რომლებიც თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან, თავიანთი ინტერესები აქვთ. მელიას თავმჯდომარეობის შემთხვევაში პარტიაში წევრთა რაღაც გარკვეული რაოდენობა ("ლელოზე" ნაკლები, მაგრამ მებრძოლი) დარჩება "მე ტანკისტი ვიყავი ომამდე" სიამაყის განცდით, მაგრამ მათ არანაირი ძალა არ ექნებათ.

 

პარტიის წევრთა შემცირებას ხაბეიშვილის თავმჯდომარეობაც გამოიწვევს. ამ ფიგურის ინტელექტუალური შესაძლებლობები, კომიკური ქარიზმა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მემკვიდრის შესაფერისი (მაგალითად ხრუშჩოვის შედარება სტალინთან (სტალინთან ბოდიშს ვიხდი ამ შედარებისთვის, მაგრამ უცებ სხვა არ გამახსენდა)). მისი თავმჯდომარეობა ამ მოცემულობით კეზერაშვილ-მერაბიშვილს აწყობთ და აწყობთ არა პარტიის აღორძინებისთვის, არა პოლიტიკური ბრძოლების წარმართვისთვის, არამედ იმ პარტიული სალაროს საბოლოო დაპატრონებისთვის, რომელსაც კეზერაშვილი მართავს და რომელსაც ნამდვილად მოსწყინდა არსებულ „შავ ხვრელში“ თანხების უაზროდ ჩაყრა (ურეიტინგო ტელევიზიები, 100 კაციანი აქციები დ.ა.შ.).

 

დღევანდელი სამკაციანი პარტიები ნაცების საბოლოო დაცემას ელოდებიან, რომ მხარდამჭერებიდან "დასავლურად მოაზროვნე" ტიპები გადაინაწილონ (თაკო ჩარკვიანზე არ ვამბობ). რაც შეეხებათ პარტმუშაკებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არავის არაფერში სჭირდება, მათი ამბიციების, უცოდინრობის და იმ ყოყოჩობის გამო, რაც მათ სამკაციან პარტიების წევრებთან მიმართებაში აქვთ.

 

სწორედ ამ დროს დადგება ფრაზის - vae victis (ვაი დამარცხებულთ)! თქმის დრო. ვნახოთ, დაველოდოთ და ახალი პერიპეტიებისთვის მოვემზადოთ,"- წერს გია გაბრიჭიძე.

 

ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა პარტიაში ცვლილებები და ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა, პარტიაში აზრები გაიყო. ერთმანეთს რამდენიმე კანდიდატი და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რასაც პარტიაში განხეთქილება მოჰყვა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ