დღე: 30

ღამე: 15

USD 2.7268

EUR 3.1435

„ნუთუ პასპორტების გამო შექმნილი ქაოსი ჩვენს გენებთანაა დაკავშირებული? - რაში უნდა მივბაძოთ საქართველოს“ 08.12.2022 16:41

„თბილისში, იუსტიციის სახლში პირველ სართულზე დგას სტენდი, რომლის ექსპონატების მიხედვით ჩანს, რომ ქართველები შვედებს მადლობას უხდიან იმ დახმარების გამო, რაც მომსახურების გაუმჯობესების სფეროს ეხება. რასაკვირველია, პირდაპირ ასე არ წერია, მაგრამ სხვანაირად ვერ აღიქვამ, რადგანც შვედეთის დროშაა გამოფენილი, წარწერები ქართულ და შვედურ ენებზეა: „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“, - ნათქვამია შვედურ გაზეთ „აფტონბლადეტში“ (Aftonbladet) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნუთუ პასპორტების გამო შექმნილი ქაოსი ჩვენს გენებთანაა დაკავშირებული? რაში უნდა მივბაძოთ საქართველოს“ (ავტორი - პიტერ კადჰამერი).


პუბლიკაციაში აღწერილი თბილისის იუსტიციის სახლის ყოველდღიური საქმიანობა: მისი დანიშნულება, მუშაობის პრინციპი, მოსახლეობის მომსახურების დონე, რომელიც შედარებულია შვედის ანალოგიური სტრუქტურების მუშაობასთან.


თბილისის იუსტიციის სახლი გიგანტურ შენობას წარმოადგენს, სადაც მოქალაქეს სახელმწიფო ყველანაირ მომსახურებას უწევს - პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა, ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტების შედგენა და კიდევ ბევრი რამ. დარბაზში, პირველ სართულზე უამრავი ხალხი ირევა, მაგრამ მომსახურება ძალიან იოლი და სწრაფია: რიგი ელექტრონული სისტემით იმართება, დიდი ხნის ლოდინი არავის უწევს, სულ რაღაც 45 წუთი“, - წერს ავტორი, რომელიც პირადად აკვირდება მომსახურების პროცესს.


„სანამ შეკვეთის დოკუმენტის მომზადებას ელოდებით, ზემოთაც აიხედეთ, მეორე სართულზე, სადაც ჩინოვნიკები გამჭვირვალე ოთახებში მუშაობენ. აქ კორუფცია შეუძლებელია, ყველაფერი ხელისგულივით ჩანს. ციფრული მართვის დროს შეუძლებელია ვინმეს ფული უჯრაში ჩაუდო ან მაგიდის ქვეშიდან მიაწოდო, ან ნათესავს და მეგობარს რაიმე პრიორიტეტი მიანიჭო. სწრაფად მზადდება პირადობის მოწმობებეი და პასპორტები, რომლებიც, სურვილის მიხედვით, ერთ დღეშიც მზადდება.


განა შვედეთმა შეუქმნა საქართველოს ასეთი ფანტასტიკური დონის მომსახურების სისტემა? რა თქმა უნდა, არა. შვედეთი, ალბათ, გადასახადების გადახდის პროცედურებში დაეხმარა, მაგრამ ყველაფერი თვითონ ქართველებმა შექმნეს, ისინი არიან პასუხისმგებლები თავიანთ ქვეყანაზე, პოლიტიკაზე და ხელისუფლების საქმიანობაზე.


ამბობენ, საქართველოში კორუფციის დონე მაღალიაო, მაგრამ ფაქტია, რომ იუსტიციის სახლებში მოსახლეობის მომსახურების დონე მაღალია და მისაბაძი. უბრალოდ, წარმოიდგინეთ - პასპორტი იმავე დღეს!  ახლა, როცა მე ამ სტრიქონებს ვწერ, შვედეთში ახალი პასპორტის მიღების ვადა ერთ თვეზე მეტია. შეადარეთ და დარწმუნდით. შვედეთის პოლიცია კი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობების გაცემის პროცედურა შეიძლება უფრო გართულდეს. ჩვენთან მატარებლის ბილეთების ყიდვაც კი ლატარეას გვაგონებს.


სხვათა შორის, საქართველოში პოლიციის შენობები გამჭვირვალე და ჰაეროვანია, შვედეთში კი ციხე-სიმაგრეს ჰგავს.


ვინმემ შეიძლება გაიფიქროს, რომ შვედების დაყოვნებული მოქმედება და კულტურა გენეტიკასთან არის დაკავშირებული. შვედეთი საკმაოდ ჩრდილოური ქვეყანაა, არქტიკული სიცივე „მოძრაობას ანელებს“, მაგრამ არა მგონია, რომ პასპორტების მომზადებისა და ბილეთების გაცემის ელექტრონულ-ციფრული სისტემა გენებთან იყოს დაკავშირებული, ყველაფერი დამოკიდებულია შრომის ორგანიზაციაზე. ამ მხრივ ჩვენ ბევრი რამ შეიძლება საქართველოსგან ავიღოთ და ქართველებს მივბაძოთ.


თბილისის იუსტიციის სახლში ხმაურია, მაგრამ რატომღაც იქ ყოფნა სასიამოვნოც არის, რადგან იცი, რომ სასურველ დოკუმენტს დროულად მიიღებ.


იმედი მაქვს, რომ სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე პოლიციის შენობაში, კუნგსჰოლმენზე, დაიდმება სტენდი ქართული დროშით და წარწერით „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge