დღე: 23

ღამე: 8

USD 2.7401

EUR 3.0815

"სვანურში, მეგრულ-ლაზურსა და ქართულ ენებში მოიპოვება დიდი რაოდენით შუმერული წარმოშობის და ჟღერადობის ლექსიკა" 09.12.2022 11:56

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შუმერების შესახებ წერს. მისი თქმით, როგორც ცნობილია, შუმერი, დედამიწაზე არსებულთა შორის, უძველეს ცივილიზაციას განეკუთვნება.  

 

"მისი ჩამოყალიბება 8-10 ათასი წლის წინ მოხდა. შედარებისთვის, ძველი ეგვიპტური ან ინდის  დაბლობის ცივილიზაციები დაახლოებით ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ შუმერულმა ცივილიზაციამ მისცა მთელ სამყაროს ისეთი ფუნდამენტური გამოგონებები, როგორიცაა აგური, თიხის ჭურჭლის ტექნოლოგია, ღვინო, ხორბლის მოყვანის კულტურა, მოაშინაურა და დაასაქმა ხარი, გამოიგონა ბორბალი, პირველი დამწერლობა (ლუსმული), ებრაელების მიერ ბიბლიის შექმნამდე ორი ათასი წლით ადრე აღწერა დიდი წარღვნა გილგამეშის შესახებ უძველეს პოემაში, ასევე, ააშენა პირველი ქალაქები შუამდინარეთში და შექმნა ირიგაციის სისტემები. სტატიაში, რომელსაც აქ ვურთავ (დიდი მადლობა ავტორს, თორნიკე ფხალაძეს!), პოპულარული და ადვილად წასაკითხი ფორმითაა გადმოცემული უამრავი ფაქტი შუმერების შესახებ. ალბათ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ის ფაქტი, რომ შუმერულ და ქართველურ ენებს შორის აღმოჩენილია ძალიან მჭიდრო კავშირი. ჯერ ერთი, ისინი "აგლუტინატიური" ენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვები ფუძეზე "მიწეპებული" აფიქსებით იქმნება. ასეთ ენათა რამდენიმე ოჯახი არსებობს, მაგალითად იბერიულ-კავკასიური (ბასკური და ნახური ენების ჩათვლით), ალტაური და უგრო-ფინურიც, მაგრამ ქართულსა და შუმერულს ასევე დამატებით ისიც აახლოებს, რომ ისინი "ერგატიული" ენებიცაა. ეს კი ნიშნავს, რომ ზმნასთან (მოქმედებასთან) მიმართებაში სუბიექტი, როგორც წესი  მოთხრობით ბრუნვაშია მოქცეული, ხოლო ობიექტი კი სახელობითში (მაგალითად:  მგელმა მოიტაცა ცხვარი; კაცმა ააშენა სახლი). ესე იგი, ეს ენები არა მარტო მორფოლოგიურად არამედ სინტაქსურადაც მონათესავენი არიან. მაგრამ არის კიდევ მესამე მძლავრი მტკიცებულებაც - სვანურში, მეგრულ-ლაზურსა და ქართულ ენებში მოიპოვება დიდი რაოდენით შუმერული წარმოშობის და ჟღერადობის ლექსიკაც.  

 

ეს სიტყვები, ნებისმიერი ენის ყველაზე ძველი სიტყვების კონას წარმოადგენენ და მათი ვრცელი სიის ნახვა შეგიძლიათ ამ სტატიაში, რომელსაც ვურთავ.  პირადად ჩემთვის შუმერულთან ჩვენი ერის სამი უძველესი ენის კავშირი სრულიად ნათელია, მაგრამ საინტერესოა იყვნენ თუ არა შუმერები ჩვენი წინაპრები?  ეს ჯერ მეცნიერებამ დანამდვილებით არ იცის (უფრო სწორედ, ამ ფაქტის სრული მეცნიერული მტკიცებულება არ მოიპოვება), მაგრამ ის, რომ ქართველი ერის წინაპრები, როგორც მინიმუმ,  ძველი შუმერის პერიფერიაზე ცხოვრობდნენ ათასწლეულების განმავლობაში და ორგანულად იყვნენ შერწყმული ამ ცივილიზაციასთან, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ქართველურ ენებში შუმერული სიტყვები ყველაზე დიდი რაოდენობით  სვანურშია შემონახული (მათ შორის საკრალური ცნებების აღმნიშვნელი), შემდეგ ზანურში (მეგრულ-ლაზური) და ბოლოს ქართულში, რადგან სვანური და მეგრული ერთიან პორტო-ქართულ ენას რამდენიმე ათასი წლის წინ გამოეყვნენ, და, ქართულისგან განსხვავებით,  ნაკლებად განიცადეს სხვა ენების გავლენა. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ქართველის მიერ იმის გაცნობიერება, რომ სვანურიც და მეგრულიც ყველა ქართველის ენაა და მათი გადარჩენა და შენარჩუნება ჩვენი ერის საერთო ფუძესთან კავშირის შენარჩუნებას, შესაძლოა, ჩვენი შუმერული წარმომავლობისა და დედამიწაზე უძველესი ეროვნულ-ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებასაც კი ნიშნავდეს,"- წერს კახა გოგოლაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge