გერმანულ გაზეთ „დი ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „სვანეთი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისათვის იდუმალ მხარედ რჩება“ (ავტორი - ფლორიან სანქტიჰანსერი), რომელშიც განხილულია საქართველოს მთიანი რეგიონის - სვანეთის სპორტულ-ტურისტული წარსული, აწმყო და პერსპექტივა.
„30 წლის წვეროსანი გიორგი გოშთელიანი სვანეთშია დაბადებული და გაზრდილი. მან თბილისის უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო ურთიერთობები შეისწავლა. „მაგრამ მე ოფისში მუშაობაზე არასოდეს არ მიფიქრია“, - ამბობს იგი. დღეს გიორგი თავის მშობლიურ მხარეში თხილამურებზე სრიალის ინსტრუქტორად და გიდად მუშაობს. მისი სამუშაო ადგილს კავკასიის თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი წარმოადგენს.
2016 წელს სათხილამურო არენა თეთნულდის კალთებზე, 4858 მეტრს სიმაღლეზე გაიხსნა. დღეისათვის საქართველომ პროექტის რეალიზებისთვის 38 მილიონი ევრო დახარჯა. „თეთნულდი“ მესტიიდან - სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან - ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. ტურისტები და სპორტსმენები თეთნულდამდე სამი სავარძლებიანი საწეველას დახმარებით ადიან, საიდანაც კავკასიის მთების დიდებული, ფანტასტიკური პანორამა იშლება - თეთნულდის ყინულოვანი პირამიდა, ხელუხლებელი მკაცრი მთები, უშბა და ლურჯი ზეცა“, - ნათქვამია სტატიაში.
„ალპებში წელიწადის ამ დროს ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ არის, აქ კი, სვანეთში დაუჯერებელი სიტუაციაა - ფართო, დიდებული ფერდობები და კალთები ცარიელია... როგორც ამბობენ, საქართველოს მიმდინარე სეზონში დაახლოებით 20%-ით ნაკლები მოთხილამურე ეწვევა, ვიდრე ეს კოვიდამდე, 2019 წელს იყო.
ტურისტების ნაკლებობის მიზეზი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომიც არის, რომელიც არცთუ პოზიტიურად განაწყობს ადამიანებს მოგზაურობისათვის. ამის მიუხედავად, თხილამურებით სრიალის მოყვარულ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და რუსებთან ერთად, აქ შეიძლება შეხვდეთ ავსტრიელ და შვეიცარიელ სამთო ტურისტებს, აგრეთვე ნორვეგიიდან, აშშ-დან, რომლებიც თავიანთი სიამოვნებისათვის შორიდან ჩამოვიდნენ.
საქართველოში თანამედროვე საზამთრო ტურიზმი ამ შორეულ მაღალმთიან მხარეში მეორე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ჩაისახა, მაგრამ [მეოცე საუკუნის შუახანებამდე[ მდინარე ენგურის ხეობაში გაყვანილი გზა ხშირად იყო ჩაკეტილი. რა დასამალია და სვანები დიდი ხნის განმავლობაში მკაცრ და თავისებურ ხალხად მიაჩნდათ, სადაც ყველა თოფ-იარაღით დადიოდა, გზაზე მგზავრებს ფულს ართმევდნენ ან იტაცებდნენ. ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც ჩვენს ერამდე 63 წელს იყო დაბადებული, სვანებს მამაც და გაბედულ მეომრებად წარმოსახავს. რასაკვირველია, დღეს სვანეთში გზებზე არავინ არავის არ ძარცვავს, დიდი-დიდი ვინმემ შეიძლება უბრალოდ, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიოს“.
1950-იან წლებში მესტიასთან ახლოს, მთის ფერდობზე ხის მასალისგან მარტივი საწეველა დაამონტაჟეს, მაგრამ მას ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა თხილამურებით სრიალის დროს. ასეთი სიტუაცია იყო 2000-იანი წლების დასაწყისამდე, როცა ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა სვანეთი პოპულარულ ტურისტულ რეგიონად გადაექცია. მან თითქმის ახლად შექმნილი პოლიციის ძალებით და საბრძოლო ვერტმფრენების გამოყენებით ადგილობრივი კლანები ათრგუნა, 2010 წელს მესტიამდე გზა გაარემონტა, შემდეგ კი მალე ქუთაისის აეროპორტიც გაიხსნა. იმავე ხანებში სვანეთის მთებში ავსტრიიდან ჩატანილი ნახმარი საწეველები დაამონტაჟეს.
ხაცვალი მესტიასთან ახლოს მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტია. ცხადია, ის ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ მაღალმთიან ალპებში გვინახავს, ვერც თეთნულდს ვერ შეეტოლება, ხაცვალამდე ფეხით მისვლა დაგჭირდებათ, მაგრამ თქვენ დაათვალიერებთ მაღალ ქონგურებიან გასაოცარ კოშკებს... თუმცა როგორი არქაულიც არ უნდა გეჩვენოთ აქაურობა, ცვლილებები მაინც სწრაფად მიმდინარეობს. ყოველ სახლში არის სასტუმრო ოთახები, რესტორნები და მაღაზიები. კავკასიის ამ კუთხის ტურისტული ტრანსფორმაცია გარდაუვალია“.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველები სვანეთის ტურისტულ სამოთხედ გადაქცევაზე ფიქრობენ - ახალი ტექნოლოგიებით აგებულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიც ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმებშია, ახალ სათხილამურო ტრასებზე, საწევრებზე, საზაფხულო თოვლის ტრასების მოწყობაზე...
ავტორი ესაუბრება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, რომლის თქმით, ევროპელი (ალპური) ინსტრუქტორები ქართველ კოლეგებს ბევრ სასიკეთო საქმეს ასწავლიან. იგი ოცნებობს ისეთ პერსპექტივაზე, როცა ყოველ მთიან რეგიონში ერთი სპორტული სათხილამურო სკოლა მაინც იქნება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge