დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ 16.01.2023 14:39

სათაურით, - "ფაქტები ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ",  აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი "ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში, ადამიანის ამ ორი ორგანოს ურთიერთკავშირის შესახებ წერს.

 

ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

 

"არსებობს ბაქტერიების პოპულაცია, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ნაწლავში და რომელსაც  ნაწლავის მიკრობიომი ეწოდება.

 

ნაწლავის მიკრობიომი თითოეული ინდივიდისთვის უნიკალურია და ის შედგება ათობით ტრილიონი მიკროორგანიზმისგან. 

 

ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს დაბადებისას, სამშობიარო არხში გავლის დროს ვიღებთ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ანტიბიოტიკების გამოყენება, ან კიდევ, საკეისრო კვეთით დაბადება, უარყოფით გავლენას ახდენს მიკრობიომის ბაქტერიების შემადგენლობაზე.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწლავის მიკრობები ჩვენს მიერ მირთმეულ საკვებს გარდაქმნიან ათასობით ფერმენტად, ჰორმონად, ვიტამინად და სხვა მეტაბოლიტად, რომლებიც გავლენას ახდენენ ყველაფერზე, ჩვენი გონებრივი.

 

ჯანმრთელობიდან და იმუნური სისტემიდან დაწყებული, წონაში მომატების ალბათობით და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკით დამთავრებული. 

 

დიდი ხანია ცნობილია, რომ ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს და ნაწლავის მიკრობიომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე.

 

მიუხედავად იმის, რომ ნაწლავი და თავის ტვინი სხეულის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობენ, ისინი ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული.  ნაწლავ-ტვინის ღერძი ორმხრივი კომუნიკაციის ღერძია, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს. 

 

ეს ორი ორგანო ერთმანეთთან კავშირშია ცთომილი ნერვის ანუ ვაგუსის საშუალებით, რომელიც ქიმიური სიგნალების მეშვეობით, ნაწლავს და თავის ტვინს შორის მუდმივ კომუნიკაციას განაპირობებს.

 

არაჯანსაღი საკვები იწვევს დაშლის პროდუქტების ფორმირებას, რაც კვებავს ნაწლავის მიკრობიომის “ცუდ” ბაქტერიებს.

 

და ნაწლავში ანთებითი პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს. ნაწლავის ანთება დროთა განმავლობაში იწვევს ანთებას თავის ტვინში. 

 

ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესი, სხვა მნიშვნელოვან უარყოფით ასპექტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების განვითარებას იწვევს, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, აუტიზმი, დემენცია. 

 

ჯერ კიდევ 2011 წელს თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი თაგვები, რომლებიც მოიხმარდნენ სპეციფიკურ პრობიოტიკს, უფრო მშვიდ ქცევას ავლენდნენ, ვიდრე თაგვები, რომლებიც არ მოიხმარდნენ ამ  ბაქტერიას.

 

პრობიოტიკი ბაქტერია,  Lactobacillus rhamnosus, შეიცავს ნეიროგადამცემს, სახელად GABA, რომელსაც ტვინის აქტივობის რეგულირება და შფოთვის დამშვიდება შეუძლია. თაგვების რეაქციაზე, რომლებიც გამოიყენებდნენ L. rhamnosus, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ბაქტერია მათი ტვინის ქიმიაზე მკვეთრად დამამშვიდებლად მოქმედებდა.

 

კვლევები აჩვენებს, რომ ნაწლავის მიკრობიომის გაჯანსაღება სპეციფიკური დიეტის საშუალებით სტრესთან დაკავშირებული და ნეიროგანვითარების დარღვევების, მათ შორის აუტიზმისა და ჰიპერაქტიურობის მკურნალობაში ეხმარება. 

 

კვების სწორი, ჯანსაღი, დაბალანსებული რაციონი შეხამებული ფიზიკურ აქტივობასთან და ძილის სრულფასოვან რეჟიმთან მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის შესანარჩუნებლად. 

 

ის საკვები, რასაც მივირთმევთ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ ვიკვებებით ანთების გამომწვევი, რაფინირებული შაქრის შემცველი, ულტრაპროცესირებული საკვებით, ქრონიკული დაავადებების და მათ შორის, მენტალური პრობლემების განვითარების რისკი, ზემოაღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, მკვეთრად იზრდება; მაშინ, როდესაც მთლიანი, ნატურალური, არაპროცესირებული საკვები ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

 

ჩვენს ყოველდღიურ კვებით ჩვევებში მცირე და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებებმა, ისეთმა, მაგალითად, როგორიცაა შაქრის შემცველი და ულტრაპროცესირებული საკვების მოხმარების შემცირება, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჩვენი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობაც", - წერს ქეთი შავლიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ