დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროპა რუსეთთან ენერგეტიკულ ომში იმარჯვებს - Forbes 23.01.2023 15:54

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროპა რუსეთთან ენერგეტიკულ ომში იმარჯვებს“ (ავტორი - არიელ კოენი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

 

“რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის მიზანი, თუ კრემლის გათვლების მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდი ხნის მიღწეული უნდა იყოს. სამი დღის ელვისებური ბრძოლები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ უკრაინაში ე.წ. „კვისლინგის მთავრობა“ (იგულისხმება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ვიდკუნ კვისლინგის მთავრობა ვერმახტის ოკუპაციის შემდეგ - რედ.) ჩამოყალიბებულიყო და კიევში გამარჯვების აღლუმი გამართულიყო, ვლადიმერ პუტინის დიდებული ღვაწლის აღსანიშნავად, რომელიც აღმოსავლეთ სლავების - რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის - რუსეთის იმპერიაში გაერთიანებით იქნებოდა გამოხატული, ანუ როგორც ადრე ამბობდნენ ხოლმე მეფური ჟარგონით - „დიდი, პატარა და თეთრი რუსეთი“.

 

გამარჯვების ნაცვლად რუსეთის არმიის შეჭრა ჩაიფუშა: კრემლმა და რუსულმა გენერალიტეტმა გასაოცარი არაკომპეტენტურობა გამოავლინეს - მსოფლიოს მეორე უძლიერესმა არმიამ რეგიონული მნიშვნელობის არმია ვერ დაამარცხა. 

 

რუსეთის გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური წარუმატებლობის შედეგები კრემლისთვის მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს: სახეზეა მასობრივი ემიგრაცია (დაახლოებით ერთი მილიონი კვალიფიცირებული რუსი მოქალაქე საზღვარგარეთ გაიქცა), ეკონომიკური რყევა და სანქციები, დიპლომატიური იზოლაცია, დასავლეთის ანტირუსული აქტიურობა. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ადრე ნიკიტა ხრუშჩოვმა განიცადა [1964 წელს, კარიბის კრიზისის დროს], ვლადიმერ პუტინთან მიმართებით უფრო აშკარად და მძლავრად გამოვლინდა.

 

ევროპაზე ზეწოლის მოსახდენად რუსეთმა, იარაღის სახით, თავისი ენერგეტიკული რესურსებიც გამოიყენა: კრემლს იმედი ჰქონდა, რომ თუ გაზზე და ნავთობზე ფასებს გაზრდიდა, ევროპას იძულებულს გახდიდა უკრაინის დახმარებაზე უარი ეთქვა და საკუთარი კეთილდღეობა შეენარჩუნებინა. რუსეთს ასევე იმედი ჰქონდა, რომ როცა ზამთარი დადგებოდა, ევროპელებს გაზით სახლების გათბობა დასჭირდებოდათ და კრემლი თავისი ენერგორესურსებით პოლიტიკური ბერკეტის სახით ისარგებლებდა, მაგრამ მოტყუვდა - მკაცრმა „გენერალმა ზამთარმა“ ევროპა ამჯერად დაინდო: წლევანდელი ზამთარი ევროპაში ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე თბილი გამოდგა, რომელმაც ევროკავშირს დიპლომატიური და ეკონომიკური დივიდენდები მოუტანა.

 

ომამდე რუსეთი ევროპას თითქმის 40%-ით უზრუნველყოფდა ენერგორესურსებით - გაზით, ნავთობით, ქვანახშირით და ურანის რეაქტორული საწვავით. 1970-იანი წლებიდან დაწყებული, რუსეთი ევროპის განვითარებული და მდიდარი ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და მათზე გავლენა მოიპოვა. შესაბამისად, ევროპის ლოიალურმა რეაქციამ რუსეთის აგრესიაზე და სამხედრო დანაშაულებზე - ისეთებზე, როგორებიცაა საქართველოში შეჭრა და მისი ტერიტორიების ოკუპირება 2008 წელს, უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია 2014 წელს, დონბასზე კონტროლი და MH-17 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება - ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმისათვის მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა.

 

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ევროპამ და აშშ-მა საგანგებო სანქციები მოამზადეს, რომელიც რუსული გაზის დომინირების წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაშინგტონი და ბრიუსელი ამ ნაბიჯით კრემლის შემოსავლების შემცირებას იმედოვნებდნენ. კრემლმა მათ სარკასტული და ირონიული პუბლიკაციებით უპასუხა, მაგრამ საბოლოო ჯამში წააგო: ევროპამ ისე სწრაფად შეავსო თავისი გაზსაცავები და ისე მალე მოძებნა ალტერნატიული ენერგოწყაროები, რომ ბევრს გაუკვირდა, მათ შორის რუსეთის ლიდერებსაც. რუსულ საწვავზე უარმა კრემლს შემოსავლები თანდათან შეუმცირა.

 

რუსეთს არ გაუმართლა დიპლომატიაშიც: ჩინეთის მიერ სიტყვით დაპირებული „უსაზღვრო მეგობრობა“ საქმით ისეთი არ გამოდგა, როგორსაც მოსკოვი ელოდა. ამჟამად ჩინეთის მეტ-ნაკლებ „კეთილგანწყობას“ რუსეთის მიმართ არა იმდენად პოლიტიკური საფუძველი აქვს, რამდენადაც ეკონომიკური - რუსეთი იძულებულია ცისქვეშეთს ბუნებრივი გაზი და ნავთობი 30-40%-იანი ფასდაკლებით მისცეს.

 

ინდოეთს, რომელსაც რუსეთი ასევე მეგობრად თვლიდა, დღეს მოსკოვს მხოლოდ იაფი ნავთობის გამო ემეგობრება, მაგრამ ნიუ-დელმა, რომელმაც 2022 წელს, 2021-თან შედარებით, 30-ჯერ მეტი ნავთობი იყიდა, რუსეთის ფინანსური მდგომარეობა მაინცდამაინც ვერ გააუმჯობესა. მოსკოვი იძულებული გახდა გარკვეული ბალანსი დაეცვა დრაკონსა და სპილოს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან ჰიმალაებში სასაზღვრო დავა აქვთ.

 

რუსეთს ზურგი აქციეს ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმაც და ენერგორესურსების სფეროში მასთან კონკურენცია დაიწყეს. ბევრმა რუსმა ახალგაზრდამ, მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, თავშესაფარი ყაზახეთში, უზბეკეთში და ყირგიზეთში იპოვა. მოსკოვის ორბიტიდან გაქცევას ცდილობს კრემლის მოკავშირე სომხეთიც კი. ახლა მოსკოვს ყველაზე თვალთმაქცი და ანგარებიანი მეგობრები შემორჩა - ბელარუსი, ირანი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ტაჯიკეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. 

 

განსაკუთრებით ირონიულად მოჩანს ის სიტუაცია, რომ რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდების საკითხში ამერიკამ ჩაანაცვლა - 2022 წლის განმავლობაში აშშ-მა უფრო მეტი მოცულობის გაზი მიაწოდა ევროკავშირს, ვიდრე რუსეთმა. ეს არის ვლადიმერ პუტინის ავანტიურის შედეგი.

 

რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება უპრეცედენტოდ მცდარი გამოდგა. ასეთი ნაბიჯების კატასტროფული მნიშვნელობა მხედველობიდან თვით ვლადიმერ პუტინის მომხრეებსაც არ გამორჩათ - მათ კრემლის კურსი ნეგატიურად შეაფასეს. ბევრი რუსი ნაციონალისტი ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი ასეთ საფუძვლიან შეცდომას არ დაუშვებდა. მათდა სამწუხაროდ, კრემლმა თავისივე სატყუარა თვითონ გადაყლაპა - პუტინი ილუზიებში გადავარდა და დაიჯერა არმიის უძლეველობა, მას იმედი ჰქონდა, რომ „პატარა ელვისებური ომით“ დასავლეთს დააშინებდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რუსეთმა და პუტინმა ის უკვე წააგეს. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ბრძოლის ველზე, მოსკოვი ეკონომიკურ ველზე დამარცხდა, დაკარგა ევროპული ბაზარი და შემოსავლების ძირითადი წყარო. თავის მხრივ, ევროპაც, ალბათ, საბოლოოდ გათავისუფლდა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისაგან და უფრო თავისუფლად იცხოვრებს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ