დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ კრიზისს უღრმავებს: მოსკოვთან მებრძოლ კიევს კრედიტების ნაცვლად სუბსიდიები სჭირდება 24.01.2023 16:54

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ კრიზისს უღრმავებს: მოსკოვთან მებრძოლ კიევს კრედიტების ნაცვლად სუბსიდიები ჭირდება“ (ავტორი - ოენ დრი).

 

ევროპის ქვეყნების ლიდერები ყოველგვარი მორიდების გარეშე მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირიან, რომ უკრაინას 2023 წლისათვის 18 მილიარდი ევრო გამოუყვეს „ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“. ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის აზრით, „ასეთი დახმარება ადასტურებს ბრიუსელის მტკიცე განწყობას უკრაინისადმი დახმარების მიზნით, ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით“.

 

მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, უკრაინის ეკონომიკაზე დატვირთვა ძლიერდება და როგორც საბაზო ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება ევროპის მხრიდან რეალური ფინანსური დახმარების არცთუ მაინცდამაინც საიმედო სურათს გვიხატავს.

ზოგჯერ ბრიუსელში ისეთ უმეცრებას ამჟღავნებენ, გაგიკვირდება. 

 

მამაც და უშიშარ უკრაინას, რომელიც ყოველდღიურად რუსეთის მხრიდან საშინელ დაბომბვას განიცდის და რომლის ეკონომიკა დანგრეულია, ვალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ჭირდება, რომელიც ხელს შეუწყობს მტერზე გამარჯვებას და მშვიდობა დამყარდეს. კიევს რომ ომისშემდგომი აღდგენის რეალური შანსი ჰქონდეს, ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ვალების მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია და ათობით მილიარდი ევროს გადაცემა უნაცვალგებო (უსასყიდლო) სუბსიდიის სახით.

 

ამჟამად ინფლაციამ უკრაინაში თითქმის 26%-ს მიაღწია, საკრედიტო განაკვეთები 25%-ს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა (მშპ) კი ერთი მესამედით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ პრაქტიკულად მთლიანად ამოწურა თავისი დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის შესაძლებლობები. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სულ მალე უკრაინას მოუწევს ფულის საბეჭდი დაზგის ამუშავება, რომ მას ფინანსური სახსრები ჰქონდეს ყოველდღიური სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მომსახურებისათვის. და ბოლოს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ევროპას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება, რის შეხსენებაც ძალიან უყვართ ხოლმე გერმანელებს, ჰოლანდიელებს და სხვებს.

 

უკრაინამ უკვე გადაივადა 20 მილიარდი ევროს ვალის გადახდა 2024 წლისათვის, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ეკუთვნით. ამით კიევმა დაახლოებით ექვსი მილიარდი ევრო დაზოგა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მოცემული თანხა თავისი მოცულობით არაფერია ბიუჯეტის დეფიციტთან შედარებით, რომელიც მხოლოდ 2023 წელს დაახლოებით 40 მილიარდი ევრო იქნება.

 

უკრაინას ვალების ჩამოწერას საჭიროებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირს მხოლოდ ის აინტერესებს, რომ კიევმა ვალების აღება გააგრძელოს.

 

ევროკავშირის კრედიტი 18 მილიარდი ევროს ოდენობით მევალეს მალე უკან უნდა დაუბრუნდეს - ვალის გადახდა 2024 წლიდან უნდა დაიწყოს. კი, ეს კრედიტი პრაქტიკულად ნულოვანპროცენტიანია, მაგრამ მაინც სესხია, რომლის დაბრუნება უკრაინის სწრაფი აღდგენის შესაძლებლობას ხელს შეუშლის.

 

მთლიანობაში ევროკავშირის სტრატეგია იმ უბრალო მზა რეცეპტს წარმოადგენს, რომელიც უკრაინას ვალების ორმოში ჩააგდებს და ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მყვირალა განცხადებებისა, ევროპა უკრაინას „მარშალის ახლებურ გეგმას უმზადებს“ დახმარების მიზნითო, ისტორიის გაკვეთილებს აშშ უფრო კარგად აცნობიერებს, ვიდრე ევროკავშირის.

 

კაცმა რომ თქვას, ამერიკამ უკრაინას უანგარო სუბსიდიის სახით უკვე მისცა 13 მილიარდ დოლარამდე თანხა. 2023 წელს კიდევ 14,5 მილიარდს მისცემს. ამას ემატება სამხედრო სუბსიდიებიც, რომლებიც უკრაინისაკენ უწყვეტ ნაკადად მიედინება.

 

ბრიუსელმა და ბერლინმა კარგად იციან ის უხერხული სიმართლე, რომ სწორედ ჩამოწერილმა ვალებმა და უანგარო სუბსიდიებმა განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ევროპული ეკონომიკის აღდგენა 1940-იანი წლების ბოლოდან. სწორედ ასეთმა დახმარებამ განაპირობა მომდევნო წლებში მომხდარი ეკონომიკური საოცრება - 1950-იანი წლებიდან ევროპის ეკონომიკა  უკვე ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1957 წელს საქმე ევროპული ეკონომიკური გაერთიანების შექმნამდე მივიდა.

 

„მარშალის გეგმის“ თავდაპირველი მიზანი იყო გერმანიისათვის 1933 წლიდან დაგროვილი საგარეო ვალების ჩამოწერა, რაც განხორციელდა კიდეც. გასაგები იყო, რომ სამხედრო ფაქტორებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის „სამკურნალოდ“ საჭიროა პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკური მიდგომა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დაფინანსებაში მსგავსი მიდგომა არ შეინიშნება. ანუ არ ჩანს, რომ ევროპამ ისტორიული გაკვეთილები აითვისა.

 

ევროკავშირში ერთიანობა ძალიან მყიფეა, საბანს ყველა წევრი თავისკენ ეწევა. უნგრეთი, საბერძნეთი და ზოგიერთი სხვა უკრაინის დახმარებას საეჭვოდ უყურებს და პირდაპირ თუ ვიტყვით, კიევის მიმართ სუბსიდიები არ სურთ. მათ აქვთ ვეტოს უფლება.

 

რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკის შედეგად, უკრაინის ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკური მდგრადობა ძალზე დასუსტებულია.

ალბათ, უკეთესი იქნება, რომ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, უკრაინას ცალკეულმა ქვეყნებმა აღმოუჩინონ დახმარება. ევროკავშირს ამბიციურობა აწუხებს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ცოტას აკეთებს, იგივე შიდა პრობლემების არსებობის გამო.

 

გარდა ამისა, აუცილებელი იქნება, რომ ორმხრივ საფუძველზე კიევისათვის პირდაპირი უანგარო, უნაცვალგებო დახმარება გათავისუფლებული იქნეს ევროზონის ბიუჯეტური შეზღუდვებისაგან (სხვათა შორის, ეს შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარ თავს თვითონ დაუწესეს). 

 

ისტორიის გაკვეთილების და ეკონომიკური მასშტაბების გათვალისწინებით, ამ წამოწყების ლიდერი და ინიციატორი გერმანია უნდა გახდეს. და თუ ბერლინი გადალახავს თავის ფობიებს (მეორე მსოფლიო ომის მიზეზით), მან მხარი უნდა შეუწყოს ევროკავშირის სხვა წევრებსაც, რომ ამერიკული მიდგომით ისარგებლონ.

 

მოვა დრო, როცა ბრიუსელის საყვარელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უკრაინისათვის დახმარების გარეშე ვერ განხორციელდება. ევროკავშირმა და გერმანიამ თავიანთი ეკონომიკური ისტორიის გაკვეთილები უნდა გაითავისონ. საწინააღმდეგო შემთხვევაში მათ განზე დგომა მოუწევთ და იმის ყურება, თუ როგორ ეხმარებიან აშშ და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში შესვლის მსურველ ქვეყანას - ევროკავშირის ქვეყნების გარეშე. ბერლინს და ბრიუსელს უნდა ახსოვდეთ, რომ თუ კიევს ევროპისადმი იმედი გაუცრუვდება, ეს იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მომხდარი ყველაზე დიდი ტრაგედია.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ