დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რა საფრთეს უქმნის ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა ადამიანის ორგანიზმს - "ჯორჯიან თაიმსის" სამედიცინო ბლოგი 24.01.2023 16:53

ანტიბიოტიკები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშვნადი მედიკამენტების ჯგუფია მსოფლიოს მაშტაბით. CDC-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მხოლოდ აშშ-ში, 250 მილიონზე მეტი ანტიბიოტიკი ინიშნება, - ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი "ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში წერს.

 

ექიმის ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

 

"ანტიბიოტიკებს ბევრ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ, თუმცა უამრავი ადამიანი მიმართავს ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. 

 

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობა სერიოზულ ზიანს აყენებს ნაწლავის მიკრობიომს, აზიანებს და კლავს სასარგებლო ბაქტერიებს. ანტიბიოტიკებმა შეიძლება შეამცირონ ნაწლავის მიკრობიომის სახეობების მრავალფეროვნება, შეცვალონ მეტაბოლური აქტივობა და ხელი შეუწყონ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ორგანიზმების ჩამოყალიბებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა და განმეორებადი ინფექციები.

 

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხუთ-შვიდდღიანმა კურსმა, მაგალითად, ნაწლავის ბაქტერიების რაოდენობა შეიძლება ერთი მესამედით შეამციროს.

 

ნაწლავის მიკრობიომი ჩვენი ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია. ჩვენი მიკრობიომის ჯანმრთელობა და მრავალფეროვნება განსაზღვრავს ყველაფერს, იმუნიტეტიდან დაწყებული გონებრივი სიცხადით, კანის ჯანმრთელობით, საჭმლის მონელებით და განწყობით დამთავრებული.

 

ანტიბიოტიკების გამოყენებით გამოწვეული მიკრობული დანაკარგი და დისბალანსი შეიძლება მთელ ორგანიზმზე გავრცელდეს და გავლენა მოახდინოს ყველაფერზე, კანის სიჯანსაღიდან  იმუნურ პასუხამდე, იმის გათვალსწინებით, რომ ჩვენი იმუნური უჯრედების 70-80% ნაწლავშია მოთავსებული.

 

ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად დაზიანებული  ნაწლავის მიკრობიომის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია და ის შეიძლება 6 თვიდან 2 წლამდე გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ პროცესის დროს ვეღარ აღდგება სასარგებლო ბაქტერიების ყველა სახეობა.

 

არსებობს პრევენციული ნაბიჯები, როგორიცაა მაგალითად, ჯანმრთელი დიეტა და პრობიოტიკების მიღება, რამაც შეიძლება მინიმუმამდე შეამციროს ანტიბიოტიკების მავნე ზეგავლენა ნაწლავის მიკრობიომზე. 

 

ანტიბიოტიკები განსაკუთრებით აზიანებენ ნაწლავის ჯანმრთელობას, თუ მათი მიღება შეხამებულია ულტრაპროცესირებულ საკვებთან, დაბალბოჭკოვან დიეტასთან ან  სტრესთან. მაგალითისთვის, შაქრის შემცველი საკვების მიღება ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების ნაცვლად, საფუარის სოკოს გამრავლებას უწყობს ხელს, რაც გაზების დაგროვებას, შებერილობას, დიარეას, შეკრულობას, კუჭის ტკივილს იწვევს.

 

საკვებიდან, ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, განსაკუთრებით კი შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ქინოა და პარკოსნები. ასევე, ინულინით მდიდარი საკვები - ნიორი, პრასი, ხახვი, ბანანი, არტიშოკი; ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა მჟავე კომბოსტო და იოგურტი, რომლებიც შეიცავს ნაწლავებისთვის სასარგებლო პრობიოტიკებს. 

 

2022 წლის ნოემბერში, სამედიცინო მიკრობიოლოგიის ჟურნალ Journal of Medical Microbiology -ში გამოქვეყნებულმა, ამ საკითხზე პირველმა სისტემატურმა მიმოხილვამ  ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული 29 კვლევის შედეგი გაანალიზა. ანალიზმა აჩვენა, რომ  ანტიბიოტიკებთან ერთად პრობიოტიკების  მიღება ეხმარება ნაწლავის მიკრობიომის ბაქტერიების მრავალფეროვნებისა და შემადგენლობის შენარჩუნებას და ამასთან ერთად, მკვეთრად ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად, შებერილობა და დიარეა.

 

Faecalibacterium prausnitzii, ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის დომინანტური ბაქტერიაა, რომელიც ნაწლავის ბაქტერიების მთელი რაოდენობის დაახლოვებით 5%-ს შეადგენს. ეს ბაქტერია ადამიანის ნაწლავში ბუტირატის, ანთების საწინააღმდეგო ქვეპროდუქტის, წარმომქმნელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობაა. კვლევისას დაფიქსირდა, რომ სასარგებლო ბაქტერიების ეს სახეობა შენარჩუნებული იყო ყველა იმ ადამიანის ნაწლავში, ვინც ანტიბიოტიკთან ერთად პრობიოტიკებსაც იღებდა.

 

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ანტიბიოტიკებთან ერთად პრობიოტიკების დანიშვნის პრაქტიკა გონივრული სტრატეგია იყოს ანტიბიოტიკების უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესამცირებლად", - წერს ქეთი შავლიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ