დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

,,ფეხებზე მკიდია საინგილოო" - რაში ადანაშაულებს ლევან ბერძენიშვილს საინგილოს მოსახლეობა 25.01.2023 16:58

ბოლო პერიოდში, ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით, ქართულ საზოგადოებაში ცხარე დისკუსია და შეფასებები არ წყდება. 


საინტერესოა, რომ ამ მოვლენებს საინგილოდანაც გამოეხმაურნენ. კერძოდ, საინგილოს მკვლევარმა და ჟურნალისტმა, სერგო კერესელიძემ, "ჯორჯიან თაიმსს" თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც, უცვლელად გთავაზობთ:

 

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მკვიდრი, ინგილო ქართველი თემურ აღამამედოვი-იაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მინდა ჩემი სათქმელი დავაფიქსირო - ლევანი შეიძლება დიდი ნიჭის კაცია, მაგრამ ვის რაში ჭირდება მაგის ნიჭი... 2004 წელს, როცა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პარლამენტში შევხდით და ვუხსნიდი, რომ საინგილოს აბიტურიენტებისთვის ლიმიტების გაუქმებას ქართული სკოლების და სექტორის დაკეტვა მოჰყვებოდა. იცით რა გვითხრა? ,,ფეხებზე მკიდია საინგილოო". სიტყვა-სიტყვით ასე გვითხრა, - არც ვამეტებ და არც ვაკლებ და მაშინ მისმა მდივანმა (ხანში შესული ქალი იყო პარლამენტიდან) ტირილით გამოგვაცილა და ბოდიშებს გვიხდიდა - ეს რა გაკადრათ, ასეთი რამ პირველად გავიგე ლევანისგანო... შედეგიც სახეზეა - სოფელ ალიაბათში სამწუხაროდ, ქართული სექტორი თითქმის აღარ არსებობს“.

 

მართლაც, 2005 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებასთან ერთად, გაუქმდა ლიმიტები ინგილო აბიტურიენტებისთვის, რის შედეგადაც, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონში არსებულ ქართულ სოფლებში მოტივაციის, სტიმულის არქონისა და ოფიციალური თბილისის მხრიდან, თითქმის ნულოვანი მხარდაჭერის გამო, სულ უფრო ნაკლები მოსწავლე შეჰყავთ მშობლებს ქართულ სექტორებზე სასწავლებლად. 

 

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ბოლო 2-3 წლის მანძილზე ადგილობრივმა, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა ზაქათალისა და ბელაქნის რაიონის ქართულ სოფლებში არსებულ უკანასკნელ ქართულ სექტორებზე, ქართველ პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების ქართულ ენაზე შევსებაც კი აუკრძალეს, რასაც დღემდე არ გამოხმაურებიან აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები. იმ დროს, როცა საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ სკოლებში  თუ ქვემო ქართლსა თუ კახეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამემამულეებს სისტემატურად სტუმრობენ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები უკვე წლებია არ ჩასულან ზაქათალისა და ბელაქნის რაიონების ქართულ სოფლებში.  

 

2021 წლის 29 ნოემბერს საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში. ქ. თბილისიდან ჩამოსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი კახა ხანდოლიშვილი. აზერბაიჯანის მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდა განათლების მინისტრის მოადგილე მუხტარ მამადოვი. 

 

მხარეებმა განიხილეს უწყებათაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. კერძოდ, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ახალი შეთანხმების მომზადების პროცესს, აზერბაიჯანის განათლების მინისტრის ემინ ამრულაევის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების, აზერბაიჯანში ქართულენოვანი და საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით შეუფერხებელი მომარაგების, აგრეთვე ორი მეგობარი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების საკითხებს.

 

როგორც ცნობილია, საქართველოში დღეისათვის 80-ზე მეტი აზერბაიჯანული სკოლაა. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებს სხვა არაერთ პრობლემასთან ერთად, განსაკუთრებით აწუხებთ სკოლებში ქართული სექტორების თანდათანობით გაუქმების პრობლემა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობას, რაც ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებობს.

 

ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის (ისტორიული ელისენი) #1 სკოლის ქართულ სექტორს, სოფელ მოსულის სკოლის ქართულ სექტორსა და ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის ქართულ სექტორს მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ ქართულ სკოლებს, რადგან უკვე მრავალი წელია ეს და სხვა სკოლები აზერბაიჯანულად გადაკეთდა და იქ დარჩენილ ქართულ სექტორებს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებლად სჭირდებათ. 

 


ფოტოზე: ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის #4 სკოლა (ე.წ. ჩიკას სკოლა), სადაც აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ ქართული სექტორი 2014 წელს გააუქმა.

 

ალიაბადის #2, #3 და #4 სკოლებში ქართული სექტორები ბოლო 20 წელიწადში თანდათან დაიკეტა (ალიაბადის #4 სკოლაში ქართული სექტორი 2014 წელს გაუქმდა და ახლა მხოლოდ ალიაბადის #1 სკოლის ქართული სექტორია დარჩენილი და მასაც დახურვა ემუქრება). ეს ყოველივე ხდება მიუხედავად იმისა, რომ ალიაბადში 15 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს და დაბის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 95% ინგილო ქართველია.

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ 2021-2022 სასწავლო წელს საინგილოში, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის  #1 სკოლაში დარჩენილ ბოლო ქართულ სექტორზე არცერთი პირველკლასელი არ მიიღეს, რასაც აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატების მხრიდან დღემდე არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. 

 

 

ფოტოზე: ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის #1 სკოლა, სადაც უკანასკნელი ქართული სექტორია

 

აღსანიშნავია, რომ დაბა ალიაბადის სამ სკოლაში ქართული სექტორების დაკეტვის შემდეგ ქართველი მასწავლებლები უმუშევარი დარჩნენ ან აზერბაიჯანულ სკოლებში გადავიდნენ, ხოლო ინგილო ქართველი მოსწავლეების უმრავლესობა აზერბაიჯანულ და რუსულ სკოლებში სწავლობს (ალიაბადის აზერბაიჯანულ სკოლებსა და აზერბაიჯანული სკოლის რუსულ სექტორზეც ქართველი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სრულიად მოკლებულნი არიან მშობლიური ქართული ენის საგნის სწავლის შესაძლებლობასაც კი).

 

პარადოქსია, მაგრამ ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, სადაც 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, სკოლის ქართულ სექტორზე 140-მდე მოსწავლე სწავლობს, ხოლო მოსულის მეზობლად არსებულ დაბა ალიაბადში მხოლოდ 90-მდე მოსწავლე სწავლობს ქართულ სექტორზე (არადა ალიაბადის ქართული მოსახლეობა 15 ათასზე მეტია). 

 

სკოლებში ქართული სექტორების გაუქმების გამო ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში მოსწავლე-ახალგაზრდობის 70 %-ზე მეტმა აღარ იცის მშობლიურ ქართულ ენაზე წერა-კითხვა (ისინი ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე მეტყველებენ, რომელიც ყველაზე ახლოს ფერეიდნულ დიალექტთანაა). ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ჯერ კიდევ ხრუშჩოვის ანტიქართული მმართველობის პერიოდში, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეუცვალეს ქართული გვარები პასპორტებში და დღეისათვის არაერთ ინგილო ახალგაზრდას აღარც კი ახსოვს თავისი ძველი ქართული გვარი. ასე იქცა იაშვილი „ჰუსეინოვად“, ქევხიშვილი „ველიევად“, ვაჩნაძე „ბალაჯაევად“, ანდრიაშვილი „მურადოვად“, მამულაშვილი „სემედოვად“, ბიჭიკაშვილი „შაბანოვად“, რამაზაშვილი „რაგიმოვად“, ნაცვლიშვილი „ჰაჯიმურადოვად“,  ზურაბიშვილი „გურგუნაევად“ და ა.შ. ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში თითებზე ჩამოსათვლელია სულ რამდენიმე ოჯახი, რომელთაც ქართული გვარები აზერბაიჯანულ პასპორტებში შენარჩუნებული აქვთ. 

 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 2009 წლის შემდეგ, 11 წელზე მეტია, ქართველი დიპლომატები ალიაბადსა და მოსულში არ შეხვედრიან ადგილობრივ ქართულ დიასპორას მათი პრობლემების ადგილზე გასაცნობად, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს (ალიაბადის მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრა ალიაბადის სკოლაში 2009 წელს გაიმართა, როცა იქ ბაქოდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ჩავიდა).  2019 წლის 2 თებერვალს საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი აზერბაიჯანში, ბ-ნი ზურაბ პატარიძე ალიაბადს ერთადერთხელ ესტუმრა, თუმცა ადგილობრივებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ და ალიაბადის #1 სკოლაში მისული ქართველი დიპლომატი უკანასკნელი ქართული სექტორის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ვერ შეხვდა (შაბათ დღეს სწავლა არ იყო). ამასთან, ადგილობრივმა აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ ელჩთან შეხვედრაზე სკოლაში მიიყვანა ქართული სექტორის მხოლოდ 2 ახალგაზრდა პედაგოგი, რომელთაც წინასწარ არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ ვის უნდა შეხვედროდნენ. შეხვედრის წინ ეს 2 პედაგოგიც კონფიდენციალურად გააფრთხილეს, რომ სიტყვით არ გამოსულიყვნენ და კითხვები და მოსაზრებები არ გამოეთქვათ შეხვედრაზე. დაბის მოსახლეობამ მხოლოდ ელჩის წასვლის შემდეგ შეიტყო ამ ვიზიტის შესახებ.

 

რუსეთში არსებულმა საინგილოს ქართველების დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როსტომ შაპიაშვილმა იმავე წლის თებერვალში წერილობით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ელჩის კიდევ ერთხელ ჩასვლა ალიაბადში და მოსახლეობის პრობლემების გაცნობა, თუმცა სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიუღია და არც ქართველი დიპლომატები ჩასულან დღემდე ალიაბადსა და მოსულში.

 

აშკარაა, რომ ზაქათალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მეტი ყურადღება სჭირდებათ ქართველი დიპლომატების მხრიდან. საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველთა უფლებრივ მდგომარეობაზეც უნდა აისახებოდეს გარკვეული პარიტეტის დაცვით ისევე, როგორც ვხედავთ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების შემთხვევაში (წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ზაქათალა-ბელაქნის ინგილო ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილის დენაციონალიზაცია-ასიმილაციის პროცესი გარდაუვალი გახდება).

 

P.S. აღსანიშნავია, რომ საუკუნის წინ - 1921 წლის 5 ივლისს ფილიპე მახარაძისა და ნარიმან ნარიმანოვის ხელმოწერით მაშინდელი ზაქათალის ოლქი (ამჟამად ზაქათალის, კახის, ბელაქნის რაიონები) საბჭოთა აზერბაიჯანს გადაეცა. მოგვიანებით, 1921 წლის 15 ნოემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის ეს „შეთანხმება“ საინგილოს საკითხზე დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ და ზაქათალის ოლქი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შევიდა.

 

 

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ