27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა 27.01.2023 00:08

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება . ჰოლოკოსტის დროს დახოცეს 6 მილიონზე მეტი ადამიანი. მათი უდიდესი უმრავლესობა ებრაელები იყვნენ. 

 

“ჰოლოკოსტი” ბერძნული სიტყვაა და “სრულიად დაწვას” ნიშნავს. დღესდღეობით დამკვიდრებული მნიშვნელობით ეს ცნება 1910-იანი წლებიდან გამოიყენება. ამ დროიდან პოლიტიკოსები და ისტორიკოსები “ჰოლოკოსტით” აღნიშნავდნენ ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებას და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივ დარბევას. 1942 წლიდან კი, ფართო გაგებით, ამ სიტყვით აღინიშნება ნაცისტების მსხვერპლთა გენოციდი.

 

ჰოლოკოსტს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ განსაკუთრებულ დანაშაულს, ახასიათებს მთელი რიგი ნიშნებისა, რითაც იგი განსხვავდება უმძიმესი ისტორიული შედეგების მქონე სხვა მოვლენებისგან.  ეს ნიშნებია:

 

ჰოლოკოსტი წარმოადგენდა მთელი ერის მიზანმიმართული განადგურების მცდელობას, რამაც გამოიწვია ევროპის ებრაული მოსახლეობის 60%-ის და მსოფლიო ებრაული მოსახლეობის მესამედის მოსპობა;


ბოშა ხალხის ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე რაოდენობის განადგურება;


პოლონელი ერის 10%-ის განადგურება (არ იგულისხმება უშუალოდ ომში დაღუპულთა რაოდენობა, ასევე – ლიტველი და უკრაინელი მოკავშირეების მიერ დახვრეტილთა რაოდენობა);


გერმანელი ნაცისტების ხელთ მოხვედრილი დაახლოებით 3 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვის განადგურება;


გერმანიის შავკანიანი მოსახლეობის ტოტალური განადგურება;


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განადგურება;


დაახლოებით 9 ათასი ჰომოსექსუალის განადგურება;


ადამიანთა მასობრივი განადგურების მეთოდების შემუშავება და ამ მეთოდების მუდმივი სრულყოფა ე. წ. სიკვდილის ბანაკებში; გარდა ამისა, დოკუმენტები მოწმობენ, რომ ნაცისტები გეგმავდნენ სამომავლოდ ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალების განადგურებას ყველა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის დაპყრობაც განზრახული ჰქონდათ;


მრავალი ეროვნების ადამიანთა განადგურების გრანდიოზული მასშტაბები;


უსასტიკესი სამედიცინო ექსპერიმენტები, რომლებსაც გერმანელი ექიმები ატარებდნენ ჰოლოკოსტის მსხვერპლ მოსახლეობაზე. ამ ექსპერიმენტების უმრავლესობა მსხვერპლთა სიკვდილით მთავრდებოდა.

 

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მეცნიერების თავდაუზოგავი შრომისა და კვლევა-ძიების შედეგად მაინც მოხერხდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შედარებით ზუსტი სტატისტიკის დადგენა. ევროპული ებრაელობის კატასტროფის შესახებ ძირითად სტატისტიკურ წყაროს წარმოადგენს მოსახლეობის ომისწინარე აღწერები და მათი შედარება ომისშემდგომ სტატისტიკურ აღწერებთან. მეცნიერული ანალიზის შედეგებმა თავი მოიყარა “იად ვა-შემ”-ის მუზეუმის მიერ გამოცემულ “ჰოლოკოსტის ენციკლოპედიაში”. აღნიშნული ენციკლოპედიის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სია ასე გამოიყურება:

 

3 მილიონი პოლონელი ებრაელი;

1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;

800 ათასი ბელორუსი ებრაელი;

140 ათასი ლიტველი ებრაელი;

70 ათასი ლატვიელი ებრაელი;

560 ათასი უნგრელი ებრაელი;

280 ათასი რუმინელი ებრაელი;

140 ათასი გერმანელი ებრაელი;

100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;

80 ათასი ფრანგი ებრაელი;

80 ათასი ჩეხი ებრაელი;

70 ათასი სლოვაკი ებრაელი;

65 ათასი ბერძენი ებრაელი;

60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.

 

დაღუპულთა სრული სურათის აღსადგენად გამოყენებული იქნა მეორე მსოფლიო ომის მერე გასამართლებული მაღალჩინოსანი ნაცისტი ოფიცრების, მათ შორის უშუალოდ საკონცენტრაციო ბანაკების განმკარგულებელ ოფიცერთა დაკითხვის ოქმებიც. 1946 წელს მთავარი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ ჩატარებულ ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ნაცისტი ოფიცრების დაკითხვამ 4 მილიონი დაღუპული ადამიანის სტატისტიკა აჩვენა; 2-დან 3 მილიონამდე მსხვერპლს ასახელებდნენ საკონცენტრაციო ბანაკთა ოფიცრები. ჩეხი მკვლევარების მონაცემებით, საქმე ეხება 3,8 მილიონ დაღუპულ ადამიანს. ზოგიერთი მკვლევარი 1-დან 1,5 მილიონამდე ადამიანს ასახელებს.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეუძლებელია მასობრივი წამების მსხვერპლთა სტატისტიკის დადგენა, რადგან ასეთ წამებებს ეწირებოდნენ ებრაელებიც და არაებრაელებიც. არ არსებობს მონაცემები არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაქცეული ებრაელების და იმ ებრაელი სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებსაც რასობრივი მოსაზრებით ხვრეტდნენ. დემოგრაფიულ სურათზე ასახული დამღუპველი რასისტული პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც შობადობის შემცირებას და ბავშვების სიკვდილიანობას იწვევდა, ზოგიერთი ცნობილი მეცნიერი (მაგ. ლევ პოლიაკოვი) მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰოლოკოსტმა 8 მილიონი ებრაელი შეიწირა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები