დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"გერმანელებს შორის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძალიან სუსტდება" - Die Welt 02.02.2023 15:42

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „გერმანელებს შორის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძალიან სუსტდება“ (ავტორი - იან კასპერი), რომელშიც განხილულია საერთაშორისო გამოკითხვის შედეგები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

 

უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან უკვე თითქმის ერთი წელი გადის და ამიტომ ფრანგულმა სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა (Ipsos) გადაწყვიტა გაეგო, თუ როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის თვალსაზრისი რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. ამ მიზნით დედამიწის 28 სახელმწიფოში - კანადიდან გერმანიამდე და ინდონეზიამდე ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც 16-დან 74 წლამდე ასაკის მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ.

 

ამჟამინდელმა გამოკვლევამ, შარშანდელ მონაცემებთან შედარების დროს, გამოავლინა გლობალური ტრენდი, თუ როგორ არის დაქვეითებული ადამიანთა მზადყოფნა უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად. დანარჩენი ფაქტორები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, კერძოდ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის უკრაინის მოვლენები კვლავ აქტუალურია და თვალს ყურადღებით ადევნებენ, თუმცა თუ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის დამოკიდებულებას ერთმანეთს შევადარებთ, სერიოზულ განსხვავებას დავინახავთ. ეს კონტრასტი განსაკუთრებით ევროკავშირის სახელმწიფოებში იგრძნობა, რომლებიც გეოგრაფიულად ახლოს არიან ომის არეალთან.

 

„უკრაინისადმი მხარდაჭერა გერმანელებში მნიშვნელოვნად შეირყა“, - აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები. ყველაზე მეტად ეს გამოიხატა გერმანელთა მზადყოფნის ფაქტორში უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად. შარშან აპრილში ჩატარებული გამოკითხვით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის 82% თანახმა იყო თავისთან უკრაინელი დევნილები შეეფარებინა, ახლა ეს ციფრი 68%-მდეა შემცირებული.

 

ევროკავშირის შიგნით უკრაინელებისადმი მხარდაჭერის ასეთივე მკვეთრი დაცემა (12%) ბელგიაშიც შეინიშნება. 10%-ით შემცირდა საფრანგეთში, 7%-ით - იტალიაში და ესპანეთში. გერმანული ტრენდი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ომის დაწყებიდან ბერლინმა თავისთან მილიონზე მეტი უკრაინელი მიიღო და ახლა გფრ-ის ბევრი მხარის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ მათ რესურსები ელევათ, ინფრასტრუქტურა გადატვირთულია და რთულდება მეტ-ნაკლებად ნორმალური სიტუაციის შენარჩუნება.

 

გერმანელთა მხარდაჭერა შესუსტდა უკრაინისადმი იარაღის მიწოდების საკითხშიც. ფრანგული სოციოლოგიურ ინსტიტუტის გამოკვლევა მოწმობს, რომ იარაღის მიწოდებას დღეს მხოლოდ გერმანელთა 48% ემხრობა. წინა გამოკითხვის დროს ეს მონაცემი 55%-ს აღემატებოდა.

 

მკვლევართა შეშფოთებას იწვევს კიდევ ერთი გარემოება: გერმანიის გარდა, ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში არ აღმოჩნდა იმდენი რესპონდენტი, რამდენიც გერმანიაში, რომლებიც დაეთანხმებოდნენ ფრაზას - „უკრაინელთა პრობლემები ჩვენ არ გვეხება, მათ საკითხებში ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“. გერმანელების 43%-მა ამგვარ ფორმულირებას მხარი დაუჭირა. გასული 2022 წლის აპრილიდან ასეთი პოზიციის მქონე გერმანელთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

 

უნგრეთში, სადაც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებს რუსეთთან ლოიალური და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, ამ ფრაზისადმი თანხმობის დონე, რასაკვირველია, ბევრად უფრო მაღალია და 60%-მდე აღწევს. ბელგიასა და იტალიაში მოსახლეობის 36% თვლის, რომ ისინი უკრაინის პრობლემებში არ უნდა ჩაერიონ. საფრანგეთში ესპანეთში ასე ფიქრობს გამოკითხულთა ერთი მესამედი,თითქმის იგივე სიტუაციაა დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და შვედეთში კი უკრაინის საქმეებში ჩაურევლობას მხარს უჭერს მოსახლეობის მეოთხედი.

 

გერმანელი ისტორიკოსი ეგარდ კონზე განმარტავს, თუ რატომაა ასეთი დიდი განსხვავება გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მოსახლეობის პოზიციებს შორის: მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ომების (პირველი და მეორე მსოფლიო ომების) გამოცდილებისა და გაკვეთილების საფუძველზე გერმანიაში „მშვიდობის კულტურა“ ჩამოყალიბდა, რომელიც ღრმად ჩაჯდა გერმანელთა პოლიტიკურ „დნმ“-ში, მათ შეგნებასა და ცნობიერებაში. მათ ეშინიათ ახალი კონფლიქტის დაწყებისა და მით უმეტეს, ბირთვული ომისა, თუნდაც ლოკალურისა, რომელიც უარეს ნგრევას და უბედურებას მოუტანს. დრეს სწორედ ეს ფენომენი - „გერმანული შიშის განცდაა“ გამოვლენილი“, - ამბობს ექსპერტი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ