დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ტექნიკური წინსვლა საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის"- სერგი კაპანაძე 03.02.2023 14:18

სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებულ შეფასებას ეხმაურება:

 

"ევროკომისიამ გამოაქვეყნა კითხვარის შეფასება სამივე ქვეყნისთვის. სანამ დღეს და ხვალ სამთავრობო პროპაგანდა ამოიქოქება და მილიონ რამეს იტყვიან, უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა არის შემდეგი:


- ნამდვილად, საქართველო ცოტათი წინ არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. უფრო კონკრეტულად, 32 თავიდან ყველაზე მეტი ვერდიქტი "მზადყოფნის ადრეული დონე" აქვს მოლდოვას (12), შემდეგ უკრაინას (8 ), და შემდეგ ჩვენ (6). ანუ, სადაც ყველაზე მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ყველაზე ცოტა ეგეთი სფერო ჩვენთან არის. 


- ნამდვილად, სადაც "მზადყოფნის გარკვეული დონე" ვერდიქტი აქვს ევროკომისიას, მაგ თავებში ყველაზე მეტი თავი გვაქვს ჩვენ და მოლდოვას (17), შემდეგ მოდის უკრაინა (15). 


- ნამდვილად, სადაც "მზადყოფნის საშუალო დონე" აქვს შეფასებული ევროკომისიას, მაგ თავებში პირველზე ვართ ჩვენ (9 თავი), მეორეზეა უკრაინა (5 თავი), ხოლო მესამეზე მოლდოვა (3 თავი). 


- ხოლო ისეთი თავები, სადაც "მზადყოფნის კარგი დონეა" ვერდიქტი, აქვს მხოლოდ უკრაინას (4). ჩვენ და მოლდოვას არც ერთ არ გვაქვს მწვანედ შეფასებული. სხვათა შორის, ერთ-ერთ წინა სამუშაო ვერსიაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მზადყოფნა ჩვენთან შეფასებული იყო "კარგი დონით", მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინაზე ჩვენი პოზიციონირების გამო შეგვიმცირეს შეფასება. 


ახლა რაც შეეხება მთავარს. ეს თავები არ ეხება ე.წ. ფუნდამენტურ უფლებებს, fundamentals. კერძოდ, ისეთ თემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან. ამ თავებზე ევროკომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა შარშან (12 პირობა). შესაბამისად, ამ მოხსენებაშიც ნახსენებია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხები ამ მოხსენებაში არ შეფასებულა. ამიტომ, ტყუილია ის განცხადებები, რომ ე.წ. "ფუნდამენტურ საკითხებზე" ამ მოხსენებაში ჩანს, რომ მოლდოვაზე წინ ვართ. 


საბოლოოდ კი დასკვნა არის მარტივი. სასტარტო პოზიცია საკანონმდებლო და რეგულატორული ჩარჩოების კუთხით გვაქვს მართლაც კარგი. ეს არის ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზა ლიბერალიზაციის შედეგი. 


სამწუხარო ის არის, რომ ამ სასტარტო პირობების მიუხედავად, შარშან კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და თუ ის 12 პირობა არ შევასრულეთ, ვერც წელს მივიღებთ. 


ტექნიკური პროგრესი კი საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის,"- წერს სერგი კაპანაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ