05.02.2023 14:16
ქვის სატყორცნ იარაღი ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა. მაგალითად, შურდულით გასროლილი ქვა დიდ მანძილზე მიექანებოდა და გასროლის სიძლიერითაც გამოირჩეოდა. ქვის სატყორცნ იარაღი საკმაოდ ცნობილია ქართველი ხალხის ძველ საომარ საშუალებათა შორის. შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარში მეშურდულეთა საგანგებო ნაწილების არსებობას მრავალი ისტორიული წყარო აღნიშნავს.
ქვის სატყორცნი იარაღის კვლევას მიუძღვნა მეტად საინტერესო წერილი მღვდელმა ავთანდილ გიორგობიანმა, რომელმაც ეს უნიკალური სახეობები რაჭაში, სოფელ ფუტიეთში გამოავლინა. აი, რას წერს იგი (გაზ. „რაეო“, 1997): „ფუტიეთში მცხოვრებ არჩვაძეთა გვარის ერთ-ერთი შტო დღემდე ამაყობს თავისი ძველი წინაპრით, რომელიც დახელოვნებული მეშურდულე ყოფილა. შურდული, როგორც ცნობილია, ტყავისაგან დამზადებული და თასმებით გაწყობილი ქვის გასატყორცნი მოწყობილობა იყო, რომლის ტყავის ბუდეში გასასროლი ქვა იდებოდა. გარდა აღნიშნულისა, სოფელ ფუტიეთში ადასტურებენ შურდულის მაგივრად ტყავის თასმებით გაწყობილი ნაბდის ქუდისა და ყაბალახის შურდულად გამოყენების პრაქტიკასაც...
როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები იგონებენ, ძველად, როგორც მათ გადმოცემით სმენიათ, სოფლის დღეობებზე იმართებოდა სხვადასხვა შეჯიბრი, მათ შორის ქვის შურდულით ტყორცნა მიზანში. ქვის ტყორცნის სახეობებს შორის მათ მეხსიერებას შემორჩენია შემდეგი: შურდული, ქუდური, ყაბალახური, გოგრიჭი, რიკთოფა, რიკტაფა, გვრიჭილა და ხრიკოლა...
შურდულის შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია და იცის მისი გამოყენების წესი და ბრძოლის ტაქტიკა. მაგრამ ამ თემაში საუბარი ერთ მეტად იშვიათ და საინტერესო ქვის სატყორცნ იარაღზე მექნება. ფრიად საინტერესოდ გამოიყურება გახვრეტილი ქვის სასროლი მოწყობილობა, რომელსაც გოგრიჭი ეწოდება. იგი წარმოადგენს ღვედს ანუ ქამარს, რომელსაც მიბმული აქვს ძუა-ჭაპანი. მასზე ასხმულია გახვრეტილი მრგვალი ქვები, რომელთაც "გოგრიჭები" ეწოდებათ, ამ შემთხვევაში მსროლელი ხმარობდა არა მარტო ბუნებაში შემთხვევით ნაპოვნ გახვრეტილ ქვებს, არამედ ხელოვნურად დამზადებულსაც, ესეიგი გაჩარხულ ქვებს. სასროლი ქვები იჩარხებოდა ადვილად დასამუშავებელი, რბილი, მაგრამ მკვრივი ქვის ჯიშებიდან. სცოდნიათ თიხისგან დამზადებაც, რომელსაც სპეციალურად გამოწვავდნენ. გამოწვამდე შუაში ჯოხს უყრიდნენ, რის გამოც ნახვრეტი რჩებოდა. სცოდნიათ აგრეთვე თიხის გოგრიჭში კაჟის ქვების ჩარჭობაც, რომელსაც ბუძგა გოგრიჭი ერქვა. ყველაზე უფრო კარგი, მიზანში სასროლად, ყოფილა წვეთის ფორმის გოგრიჭი... გოგრიჭი გაწაფული მეშურდულის ხელში დიდი სიზუსტით და ზედიზედ მიყოლებით (ჯერისებურად) ქვის მტრისთვის დაშენის საშუალებას იძლეოდა. ახლო მანძილზე, ცხენზე ამხედრებული მხედრისთვის გოგრიჭი უკვე მოსაქნევ-ჩასარტყმელიც ხდებოდა. ძუა-ჭაპანის ბრუნვის რადიუსი მსროლელს საშუალებას აძლევდა, შეექმნა დიდი სიხშირის მაბრუნებელი მომენტი, რაც გასროლილ გოგრიჭს ანუ ქვას მაღალ საწყის აჩქარებას აძლევდა. როგორც მთხრობელი გივი არჩვაძე (75 წლისაა) იგონებს, ლეგენდარულ მეშურდულეს არსენ არჩუაძეს შეუნიშნავს, რომ სოფლის განაპირას მის ხარს სხვისი ხარი ეჭიდებოდა და სჯაბნიდა. არსენს გოგრიჭით ქვა უსვრია, მოწინააღმდეგე ხარისთვის რქაში მოუხვედრებია და მოუტეხია. სწორი ხაზით ეს მანძილი 150 მეტრია...
იაშა არჩვაძე იგონებს - ქართლიდან ფუტიეთში მომავალ, გარესამუშაოდან მობრუნებულებს ჭერათხევში - (იმერეთი) ოთხი კბილებამდე შეიარაღებული ცხენოსანი ყაჩაღი დახვედრია გაძარცვის მიზნით. ლეგენდარული მეშურდულე არსენ არჩვაძის დიდ გაწაფულობას თავისი საქმე უქნია: ქვით დაფინთიხებული ოთხივე ყაჩაღი უგონოდ ჩამოუყრია ცხენებიდან.
ფაქტია, რომ წარსულში ჩვენს ქვეყანაში არსებობდნენ საკმაოდ დაოსტატებული მეშურდულე ფალავნები, რომელთა ხელში ქვის სატყორცნელს ფილთა თოფზე და მშვილდზე ნაკლები ძალა არ ჰქონია.