თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისათვის, თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 3 381-მდე გაიზარდა, სტიქიის შედეგად დაშავებულია 20 426 ადამიანი.
ორი ძლიერი მიწისძვრა და 185 ბიძგი თურქეთის 11 პროვინციაში, მათ შორის მალათიაში, შანლიურფაში, ოსმანიესა და დიარბაქირში იგრძნობოდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
რამდენად აქტიურ სეისმურ ზონაშია საქართველო და რა საფრთხეს უნდა ველოდოთ? ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ესაუბრა:
- საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, თუმცა, ასეთი დიდი მიწისძვრები, როგორიც გუშინ, თურქეთში მოხდა, არ არის მოსალოდნელი. ჩვენთან სეისმურობა ოდნავ ნაკლებია. თუმცა, მიწისძვრები აქაც ხდება. საქართველოს ცალკე ვერ გამოვყოფ, ამიტომ კავკასიაზე რომ ვისაუბროთ, რაჭის - სპიტაკის მიწისძვრა, რომელიც 1988 წელს მოხდა, საკმაოდ ძლიერი იყო.
თურქეთში მსგავსი მიწისძვრა 1939 წელსაც მოხდა. ჩვენთან ასეთი მიწისძვრები შედარებით ნაკლებია. მაგრამ, გაცილებით სუსტი მიწისძვრები, 5 მაგნიტუდიანიც კი, თუ ქალაქთან ახლოს მოხდება ან ქალაქში, ძალიან დიდ ზარალსა და მსხვერპლს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისეთი სეისმური ზონა არ არის, როგორიც იაპონია, ჩილე, თურქეთ ან ირანი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ეს ნაკლები პრობლემაა.
- საფრთხის შემცველია თუ არა თბილისში ძველი შენობები და რამდენად მდგრადია ახალი შენობები ასეთი მძლავრი მიწისძვრისთვის?
- ჩვენ, თბილისში სამწუხარო გამოცდილება გვაქვს. 2002 წლის მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 4.5 იყო, გლობალური მასშტაბით სუსტ მიწისძვრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. როგორც მახსოვს 12 000 შენობაზე მეტი დაზიანდა და მსხვერპლიც იყო, რამდენიმე ადამიანიც კი დაიღუპა შენობის ნანგრევებში.
რაც შეეხება ახალ შენობებს, თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა. უნდა იყოს გამოკვლეული, თუ როგორ ხორციელდება შენობის დაპროექტება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საძირკველს და სად იდგმება ეს შენობები. ძნელია ამის თქმა, თუმცა, სჯობს გამჭვირვალე და ღია იყოს, თუ როგორ მოწმდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არსებობს დაწესებულებები, რომელთაც ამის კონტროლი ეხებათ, მაგრამ, რამდენად ხორციელდება ეს, ვერ გეტყვით.
- სეისმური რუკები საჭიროებს თუ არა განახლებას და ტარდება თუ არა შესაბამისი კვლევები?
- სეისმური რუკებიც და სამშენებლო ნორმებიც განახლებას საჭიროებს. რუკები 1999 წელს შეიქმნა და მისი ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ. მაშინ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განახლებულიყო, რადგან ეს საერთაშორისო სტანდარტის წესია. მაგრამ, წარმოიდგინეთ დღემდე ეს რუკა მოქმედებს. აქამდე კი, წესით რამდენჯერმე უნდა განახლებულიყო.
- ანუ, 1999 წლის მერე სეისმური რუკა არ განახლებულა?
- არა, მეტსაც გეტყვით, 1999 წელს მიღებული რუკა, ოფიციალურად 2010 წელს დამტკიცდა. ის რუკა უკვე მოძველებული ისედაც იყო და მას მერეც არ შეცვლილა. აქ მარტო რუკაზე კი არ არის საუბარი, თვითონ ნორმები შეიცვალა და ჩვენ ასე ვთქვათ, ძველი ნორმებით ვსარგებლობთ, რომელიც ნამდვილად ვადაგასულია და ბევრ რამეში კრიტიკასაც ვერ უძლებს.
- ამ საკითხთან მიმართებით, როგორია ევროპული ნორმები და მუშაობს თუ არა საქართველო ამ მხრივ?
- რა თქმა უნდა, ევროპულ ნორმებზე მუშაობა მიმდინარეობს და უნდა მივიღოთ. როგორც ვიცი მიღებული უნდა იყოს, მაგრამ მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში ევროპულ ნორმებს მივიღებთ.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge